სი ძინპინი ჰანოიში – ჩინეთი რეგიონული ლიდერობისთვის იბრძვის

ჩინეთი, ამერიკასთან სავაჭრო ომისა და დაძაბულობის ფონზე, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინაციის საჩვენებლად სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. ამჯერად, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვიეტანამის დედაქალაქ ჰანოის ესტუმრა, რითაც გამოხატა მკაფიო სურვილი, შეინარჩუნოს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან.

14 აპრილს, ჰანოიში ჩასვლიდან მალევე, სი ძინპინმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ამ შეხვედრას გამოიყენებს, როგორც შესაძლებლობას, ღრმა დისკუსიები გამართოს ვიეტნამის ლიდერებთან ორ ქვეყნის ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის, ასევე საერთო რეგიონალური პრობლემების შესახებ.  

პეკინმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვიეტნამთან ეკონომიკური პარტნიორობა გააძლიერა. ჩინეთი ვიეტნამის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ვიეტნამს მნიშნელოვანი სავაჭრო დანიშნულება აქვს ჩინეთისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში ექსპორტირებული ჩინური პროდუქტები სწორედ ვიეტნამის ტერიტორიაზე გადის. გასულ კვირას ამერიკამ ვიეტნამს 46%-იანი ტარიფები დაუწესა. თუმცა, მოგვიანებით, ტრამპმა ტარიფები შეაჩერა და სავაჭრო ბარიერების მოსახსნელად მოლაპარაკებების წამოსაწყებად 90 დღიანი ვადა დაუწესა ყველა სახელმწიფოს (გარდა ჩინეთის), მათ შორის, ვიეტნამს.

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) ყოფილი ოფიცრის, ჟოუ ბოს თქმით, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, კონტინენტური ჩინეთი ორიენტირებულია მაღალტექნოლოგიური „გლობალური საზღვაო ფლოტის“ შექმნაზე. ტაივანის საკითხი კონფლიქტის პოტენციური გამწვავების მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა ეს არაა ერთადერთი საკითხი, რომელიც განაპირობებს პეკინის სამხედრო ინდუსტრიის, განსაკუთრებით კი, საზღვაო ფლოტის განვითარებას. ტაივანის გარდა, ასევე დაძაბულობაა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში – დაპირისპირება ჩინური თავდაცვის ძალებსა და ფილიპინურ გემებს შორის. პეკინსა და ფილიპინებს შორის დაძაბულობა გამოწვეულია სამხრეთ ჩინეთის ზღვის რესურსების სიმდიდრითა და ამ გეოგრაფიულ არეალში სადავო კუნძულების არსებობით. გარდა ამისა, დაძაბულობას ამწვავებს აშშ-სა და ფილიპინებს შორის არსებული პარტნიორობა. 

1 აპრილს, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ (PLA) ერთობლივი წვრთნები გაფრთხილების გარეშე დაიწყო. პეკინმა ტაივანის მთავარი კუნძულის გარშემო მდებარე პოზიციებზე გაგზავნა 76 თვითმფრინავი და 20-ზე მეტი საზღვაო და სანაპირო დაცვის ხომალდი, მათ შორის შანდონგის გადამზიდავი ჯგუფი. წვრთნები მომდევნო დღესაც გაგრძელდა, ტაივანის სრუტის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში, სადაც ვარჯიშობდნენ საკვანძო პორტებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურებისთვის თავდასხმაზე. ამის ფონზე, მომდევნო დღეს, შტატებმა სრული თანადგომა გამოუცხადა ტაივანსა და სხვა პარტნიორებს “ჩინეთის დაშინების ტაქტიკისა და დესტაბილიზაციის ხელშემწყობი ქცევების ფონზე”.

როგორც მალკოლმ დევისი, ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპმა ტაივანის საკითხზე ბოლოს კომენტარი თებერვალში გააკეთა, ჩინეთი აგრძელებს შტატებზე უბრალოდ დაკვირვებას და აინტერესებთ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინეთი აძლიერებს თავის საზღვაო ძალებს ინდო-წყნარ ოკეანეში, რათა რეგიონალურ მეზობლებს მკაფიო შეტყობინება გაუზგავნოს სამხედრო უპირატესობის შესახებ. პარალელურად, პეკინი, დიდი კონკურენტის, დონალდ ტრამპის ფიქრებსა და აზროვნებას ამოწმებს.

Scroll to Top