„სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ახალ ანგარიშს — „ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას“.
ანგარიში ეფუძნება 2025–2026 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზს და მიმოიხილავს ჩინური წარმოების სამეთვალყურეო და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას საქართველოს საჯარო სექტორში. კვლევა აფასებს ამ პროცესთან დაკავშირებულ ძირითად რისკებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა სუვერენიტეტისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.
ძირითადი მიგნებები
- 2025 – 2026 წლის მარტის ჩათვლით გამოვლინდა 23 სახელმწიფო შესყიდვა, სადაც ჩინური წარმოების სამეთვალყურეო ტექნიკა და ციფრული მოწყობილობებია შეძენილი.
- ყველაზე მსხვილი შემსყიდველები: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (6,600,795 ₾), ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (1,972,300 ₾), შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (340,933 ₾).
- ინტეგრირებულ კომპანიებს შორისაა საერთაშორისოდ სანქცირებული მწარმოებლები: Hikvision, Uniview, Tiandy, DJI, Autel Robotics – ყველა მათგანი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის „შავ სიაშია”.
- CISA-სა და FBI-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ქმნის მონაცემებზე ფარული წვდომის საფრთხეს.
- ჩინური კანონმდებლობა კომპანიებს სახელმწიფო სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ავალდებულებს. Freedom House-ი ამ პროცესს „ციფრული ავტორიტარიზმის ექსპორტს” უწოდებს.
ჩინური ტექნოლოგიების ინტეგრაცია სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ სტრატეგიულ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ინსტიტუციურ მდგრადობაზე.




