ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირება გრძელდება. 4 მარტს, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის საერთო სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ჩინეთისადმი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი საპასუხო სავაჭრო ზომების მიღებას აპირებს, რაც ახალ ტარიფებსა თუ ეკონომიკური განცალკევების მცდელოებებს მოიაზრებს.
ტრამპის 4 მარტის გამოსვლა კონგრესში მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე გრძელი გამოსვლა იყო, რომელიც 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი უკვე დიდი ხანია სარგებლობს შტატების სუსტი პოლიტიკით და მისი ადმინისტრაცია ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკებთან დასაპირისპირებლად მალე მიიღებს საპასუხო ზომებს „საპასუხო ტარიფების“ სახით.
„2 აპრილს საპასუხო ტარიფები ძალაში შევა, და როგორი ტარიფებიც არ უნდა დაგვიწესონ, ჩვენც ასევე მივიღებთ მათ წინააღმდეგ ახალ ტარიფებს“,- განაცხადა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფები საშუალოდ, ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვაშინგტონის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტზე.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა 2022 წელს მიღებული „ჩიპების და მეცნიერების აქტი“. შტატებში მიღებული ეს კანონი მიზნად ისახავს ნახევარგამტარების შიდა წარმოების გაზრდას და ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას უცხოელ მომწოდებლებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე. ეს კანონი უზრუნველყოფდა მნიშვნელოვან დაფინანსებას აშშ-ში დაფუძნებული ჩიპების მწარმოებლებისთვის, რათა გაზრდილიყო წარმოების შესაძლებლობები და უზრუნველეყო ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოება. ტრამპის მიხედვით, ამ აქტით განსაზღვრული დაფინანსება არაეფექტურად იხარჯება. ამის ნაცვლად, უცხოელი მწარმოებლებისთვის ტარიფების დაწესება შიდა წარმოების ზრდას უზრუნველყოფს.