ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი პარტნიორობა. ორ ლიდერს შორის დისკუსია გაიმართა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის სწრაფ გადაწყვეტას მიემხრო.
ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მხარდაჭერა ვარაუდს აჩენს, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ცდილობდეს პეკინის მოსკოვისაგან გამოყოფას. ამ გზით, მას შესაძლებლობა ექნება, უფრო დიდი ყურადღება გაამახვილოს ჩინეთთან (მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან) კონკურენციაზე.
ლიდერებს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი იყო, რათა მოკავშირეებს მათი პარტნიორობის სიძლიერე ეჩვენებინათ. ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა ძლიერი და გრძელვადიანია. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა მათი ალიანსის სტაბილურობას და თქვა: „ჩინეთისა და რუსეთის განვითარების სტრატეგიები და საგარეო პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი“.
სი ძინპინის გადაწყვეტილებამ, არ დაეგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში სამი წლის წინ, ჩინეთს საშუალება მისცა, გამხდარიყო მოსკოვის მთავარი მოკავშირე, შეესყიდა რუსული ნავთობი და ასევე, მნიშვნელოვანი საქონელი მიეღო. თუმცა, მეორე მხრივ, ამ არჩევანმა დაძაბა პეკინის ურთიერთობები ევროპასთან და წაახალისა ამერიკის მოკავშირეები აზიაში, რომ ნატოსთან თანამშრომლობა გაეღრმავებინათ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა ვანგ იიმ განაცხადა, რომ „ჩინეთი მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც ხელს უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“. ამრიგად, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „შეთანხმებას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების კომენტარებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ შეერთებული შტატების მიზნები შეიძლება პეკინს ეხებოდეს. ამერიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მომავალი „გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის“ პერსპექტივას, როგორც განხილვის კრიტიკულ საკითხს. კეიტ კელოგმა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში, განაცხადა, რომ აშშ მიზნად ისახავს, აიძულოს პუტინი ქმედებებისკენ, რომელიც მას “არასასიამოვნოდ” მიაჩნია, რაც პოტენციურად არღვევს რუსეთის ალიანსებს ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და, განსაკუთრებით, ჩინეთთან.
ტრამპის პოლიტიკამ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები შეაშფოთა მას შემდეგ, რაც მან ისინი გამორიცხა რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებებიდან და მოსკოვის 2022 წლის თავდასხმაში კიევი დააადანაშაულა.
ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, ჩინეთსა და რუსეთს შორის უერთიერთობების დინამიკა, აშშ-ს სტრატეგიულ მანევრებთან ერთად, ხაზს უსვამს რთულ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. სი ძინპინსა და პუტინს შორის გაღრმავებული კავშირები ასახავს არა მხოლოდ მათ საერთო ინტერესებს, არამედ დასავლეთის მზარდ გამოწვევებასც, რადგან ორივე ქვეყანა ახორციელებს პარტნიორულ ურთიერთობებს გარე ზეწოლის ფონზე. მათი პარტნიორობის მომავალმა შეიძლება მნიშვნელოვნად განსაზღვროს გლობალური პოლიტიკა, რაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, აქტიურად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო დიალოგებში, რათა ხელი შეუწყოს კონტინენტზე სტაბილურობასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.
