დონალდ ტრამპმა ჰოვარდ ლუტნიკი, უოლ სტრიტელი ბიზნესმენი, კომერციის დეპარტამენტის მომავალ მდივნად დაასახელა. თავის განცხადებაში ტრამპმა შეაქო ლუტნიკი, ფინანსური ფირმა Cantor Fitzgerald-ის აღმასრულებელი დირექტორი, როგორც “უოლ სტრიტის დინამიკური ძალა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში” და ხაზი გაუსვა მის როლს მომავალი ადმინისტრაციის “ტარიფებისა და სავაჭრო გეგმის“ საკითხებში.
ლუტნიკი თანამდებობაზე, ბოლო რამდენიმე თვის არაერთი სპეკულაციის შემდგომ, დასახელდა. თავდაპირველად, ლუტნიკი განიხილებოდა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე, თუმცა მას ამაში ჰეჯ-ფონდის მენეჯერი სკოტ ბესენტი ეცილებოდა. კომერციის განყოფილების ხელმძღვანელად მისი დანიშვაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ლუტნიკმა ამ თანამდებობის მსურველი კიდევ ორი კანდიდატის დამარცხება მოახერხა. ესენი იყვნენ: რობერტ ლაითჰაიზერი – ტრამპის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი და ლინდა მაკმაჰონი – მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ლაითჰაიზერსაც და მაკმაჰონსაც ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ ლუტნიკი კომერციის დეპარტამენტის მდივნის როლზე ტრამპის რჩეული აღმოჩნდა.
კომერციის დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ სახაზინო დეპარტამენტზე მცირეა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთ სფეროებში, სადაც ბიზნესი და ეროვნული უსაფრთხოება იკვეთება. მდივნის პასუხისმგებლობა მოიცავს აშშ-ს ბიზნესის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების გამართვასა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობას. აშშ-ჩინეთის სავაჭრო და ტექნიკურ ომში მისი როლის გარდა, მდივნის პასუხისმგებლობა მოიცავს პატენტების დამტკიცებას, ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებასა და აშშ-ში აღწერის ჩატარებას. დეპარტამენტი ასევე იძიებს ანტიდემპინგსა და სუბსიდირების წინააღმდეგ საქმეებს, რასაც ხშირად მოჰყვება სადამსჯელო ტარიფების შემოღება, რომლებიც შიდა ინდუსტრიების დასაცავადაა შექმნილი.
იმის შიშით, რომ პეკინს შეეძლო ამერიკული ტექნოლოგია თავისი სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად გამოეყენებინა, ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციები, ორივე აგრესიულად იყენებდა კომერციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას ჩინეთში აშშ-სა და უცხოური ტექნოლოგიების ნაკადის დასარეგულირებლად. ეს ძალისხმევა განსაკუთრებით ორიენტირებულია ნახევარგამტარებსა და მათი წარმოებისთვის გამოყენებულ აღჭურვილობაზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ექსპორტის სრული კონტროლი მოწინავე ჩიპებისა და ჩიპების დამზადების ინსტრუმენტებზე, რითაც შეზღუდა ჩინეთის წვდომა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და შემდეგი თაობის ნახევარგამტარების წარმოების აღჭურვილობაზე.
ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, კომერციის ყოფილი მდივანი, უილბურ როსი იყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომში ცენტრალური ფიგურა და უფრო მაღალი ტარიფების მხარდამჭერი – ეს იყო საკითხი, რომელსაც ლუტნიკიც აღიარებდა და ემხრობოდა. ლუტნიკი, ადმინისტრაციის სხვა ფიგურებთან შედარებით, ჩინეთზე ღიად ხშირად არ საუბრობდა, თუმცა ის ტარიფების გამკაცრების იდეის მტკიცე დამცველია, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართ. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება, რომ დააწესოს 60%-იანი ტარიფი ჩინეთიდან და 10%-იანი ტარიფი სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ საქონელზე, ნათლად შეესაბამება ლუტნიკის შეხედულებებს. ბოლო ინტერვიუში ლუტნიკმა ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას შემოსავალზე ორიენტირებული სავაჭრო პოლიტიკის მიმართ და თქვა: “ნუ დაბეგრავთ ჩვენს ხალხს. სანაცვლოდ გამოიმუშავეთ ფული. დააწესეთ ტარიფები ჩინეთზე და გამოიმუშავეთ 400 მილიარდი დოლარი”.
კომერციის მომავალ მდივანს დაევალება მთელი რიგი რეგულაციების აღსრულება, რომლებიც მიზნად ისახავს ჩინეთის ტექნოლოგიური მიღწევების შეზღუდვას, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში. ეს მოიცავს მცდელობებს, რომ ძირითადი ჩინური კომპანიები, როგორიცაა Huawei Technologies და Semiconductor Manufacturing International Corporation (SMIC) რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩნენ თავიანთ გლობალურ კონკურენტებს ძირითად ტექნოლოგიურ სექტორებში.