ჩინეთმა აშშ–სა და ირანს ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისა და უთანხმოების მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. განცხადება პეკინმა მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლების შემდეგ გააკეთა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა 8 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის და სამხედრო მეთოდებით დაპირისპირების ძირეული მიზეზების გადაჭრა შეუძლებელია. მისი თქმით, ვაშინგტონმა და თეირანმა სრულად უნდა შეასრულონ მათ მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი და დავები დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ.
პეკინის განცხადებას წინ უძღოდა უძღოდა აშშ–ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ახალი ეტაპი. ამერიკული მხარის ცნობით, ძალებმა 80-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს შეუტიეს, რაც ვაშინგტონმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვით ახსნა. ირანმა ამერიკული დარტყმები აგრესიად შეაფასა და საპასუხო მოქმედებები განახორციელა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.
აშშ–მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ივნისის შუა რიცხვებში მოაწერეს ხელი. შუალედური შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ეტაპობრივ აღდგენასა და 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა, თუმცა მხარეებს შორის ძირითადი სადავო საკითხები, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამა, საბოლოო შეთანხმებისთვის დარჩა.
განახლებულმა შეტაკებებმა მემორანდუმის შესრულება და რეგიონში უფრო ფართო სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.




