ჩინეთი ეკონომიკის ხუთწლიანი განვითარების გეგმას აანონსებს

სი ძინპინი მიმდინარე კვირაში, მეოთხე პლენარულ სხდომაზე, წარადგენს ჩინეთის ხუთწლიან სტრატეგიას, რომლის მიზანია, აშშ-სთან კონკურენციის ფონზე,  გლობალურ დონეზე მეორე უდიდესი ეკონომიკის შექმნა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, რომელიც სამხრეთ კორეაში იგეგმება.

ეკონომიკის სფერო არაა ერთადერთი საკითხი – პლენუმი შეიძლება მოიცავდეს საკადრო ცვლილებებსაც, ვინაიდან, ანტიკორუფციული კამპანიის შედეგად, რამდენიმე პირი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ცენტრალური მნიშვნელობისაა ცენტრალური სამხედრო კომისიის  საკადრო ცვლილებები,  რომლის რეპუტაცია სი ძინპინის ანტიკორუფციული კამპანიის შედეგად დაკნინებულია: კომისიის ექვსი სამხედრო პირიდან სამი გათავისუფლდა. პლენუმის დროს თავისუფალ ადგილებს ცენტრალურ კომიტეტში დაახლოებით 12 ალტერნატიული წევრი შეავსებს.

ნეილ თომასის, აზიის საზოგადოების პოლიტიკის ინსტიტუტისა და ჩინეთის პოლიტიკის სპეციალისტის შეფასებით, ცენტრალური კომიტეტის თითოეულმა წევრმა იცის, რომ მათი მომავალი დამოკიდებულია სი ძინპინის კეთილგანწყობაზე. მეორე მხრივ, საკადრო ცვლილებები არსებითად აძლიერებს სი ძინპინის კონტროლს პარტიასა და სახალხო განმათავისუფლებელ არმიაზე. პარალელურად, აშშ-ის მთავრობას მუშაობა უკვე მესამე კვირაა შეჩერებული აქვს, რადგან ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სენატმა ვერ მიიღო კანონპროექტი ფედერალური უწყებების დაფინანსების შესახებ. ამ პერიოდში, ჩინეთის ხელმძღვანელობისთვის, სხდომას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათი შეფასებით, ჩინეთს ოპერირება გლობალურ დონეზე „მტრულ გარემოში“ უწევს, რაც პირველ რიგში აშშ-სთან სატარიფო ომსა და დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვას უკავშირდება. ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ჩამოვიდა მესამე კვარტალში. წლიურ ჭრილში ზრდამ შეადგინა 4.8%, რაც წინა კვარტალთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნულის ახსნა საგარეო ეკონომიკური ზეწოლით იქნა ახსნილი, თუმცა შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური დისბალანსიც გასათვალისწინებელია.

შემდეგი 5 წლის გეგმა და შიდა ეკონომიკური დისბალანსი

ხუთწლიანი გეგმა 2026 წლიდან ამოქმედდება, ხოლო მისი სრული დეტალები მხოლოდ მომავალი წლის მარტისთვის იქნება ცნობილი, როცა საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცდება. თუმცა სი ძინპინმა ძირითადი პრიორიტეტები გამოკვეთა: მიზანი ეკონომიკური სტრატეგიის განახლებაა, რაც გულისხმობს, რომ წამყვანი პრიორიტეტი წარმოების ზრდის ნაცვლად, პროდუქტის ხარისხობრივი გაუმჯობესება გახდება. მიზანია შეიქმნას ეკონომიკა, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს განავითარებს და აღარ იქნება დამოკიდებული იაფ მუშახელსა და ექსპორტზე. ბუნებრივი რესურსების ექპლუატაციის შესამცირებლად მწვანე ენერგიაზე გადასვლა და დაბინძურების შემცირება არის ერთ-ერთი განხილვის საკითხი.

ჩინეთის ეკონომიკის მთავარი გამოწვევად სახელდება დაბალი სამომხმარებლო მოთხოვნა, ჭარბი წარმოების ფონზე. ასევე უმუშევრობის დონე საკმაოდ დაბალია ახალგაზრდებში. ჩინეთის ეკონომიკას სჭირდება რეგულირება, რადგან ქვეყნის ინდუსტრიული განვითარება ნაწილობრივ სწორედ წარმოების გადაჭარბებული მოცულობის გამოა შეფერხებული. საერთაშორისო პარტნიორები ჩინეთს მოუწოდებენ ბაზარზე ჭარბი პროდუქტების ექსპორტი შეწყვიტოს, ვინაიდან ჭარბი პროდუქცია საბაზრო ფასის შემცირებას იწვევს.

იაკობ გუნტერი, ბერლინის MERICS კვლევითი ცენტრის ეკონომიკისა და ინდუსტრიის პროგრამის ხელმძღვანელი, საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს ჩინეთის ეკონომიკური განახლების გეგმას, ვინაიდან, მისი თქმით, მცირეა იმის შანსი, რომ ახალი ხუთწლიანი გეგმა კრიტიკულად განსხვავდებოდეს არსებული სტრატეგიისგან. ამის მიზეზი ის არის, რომ სი ძინპინი უკვე სრულიად აკონტროლებს სისტემას და ამ ეტაპისთვის მასშტაბური და ძირეული სისტემური ცვლილებები მის ინტერესში არ შედის. გეგმა შეიძლება ორიენტირდებოდეს სამომხმარებლო მოთხოვნის სტიმულირებაზე და შიდა კონკურენციის შეზღუდვაზე, რათა ჭარბი წარმოების მოცულობა დაბალანსდეს. თუმცა გუნტერის თქმით, თუ ეკონომიკური ცვლილებები ბევრად გრძელვადიან პერსპექტივაში წარიმართება, უნდა ველოდოთ სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას, სუბსიდირების პრინციპის გადახედვასა და ჭარბი ინვესტიციების შემცირებას. ჩინეთი სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისაკენ ისწრაფვის ეკონომიკაში.

Scroll to Top