13 მარტს ჩინეთმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის ახალი სავაჭრო გამოძიება ინდუსტრიულ ჭარბწარმოებასა და იძულებით შრომასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შესაძლოა საპასუხო ზომებს მიმართოს, მაშინ როცა ორ ქვეყანას შორის პარიზში დაგეგმილ ეკონომიკურ მოლაპარაკებებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.
დავა დამატებით ამძიმებს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ისედაც მყიფე სტაბილურობას. ჩინეთის ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენი 15-16 მარტს პარიზში აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესეტს შეხვდება. ეს შეხვედრა განიხილება, როგორც საფუძველი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პეკინში 31 მარტის შესაძლო ვიზიტისთვის, თუმცა ჩინეთს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
პეკინის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ Section 301-ის ფარგლებში გამოძიება დაიწყო სავარაუდო ინდუსტრიული ჭარბწარმოებისა და იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის 11 მარტის განცხადებით, ვაშინგტონი იკვლევს, არის თუ არა ასეთი პრაქტიკა „არაგონივრული ან დისკრიმინაციული“ და აზიანებს თუ არა ამერიკულ ვაჭრობას. ორივე გამოძიებაში დასახელებულ ეკონომიკებს შორის ჩინეთიც არის.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ აქვს უფლება, ცალმხრივად განსაზღვროს, აქვს თუ არა რომელიმე ქვეყანას „ჭარბწარმოება”. სამინისტროს შეფასებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო ეკონომიკურ და სავაჭრო წესრიგს დააზიანებს. პეკინის თქმით, იგი ვითარებას შეისწავლის და საკუთარი ინტერესების დასაცავად საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იძულებითი შრომის ბრალდებები უარყო. სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ცალმხრივ სატარიფო ზომებს და რომ სავაჭრო ომი არც ერთ მხარეს არ აძლევს სარგებელს. მისივე თქმით, იძულებითი შრომის შესახებ ბრალდებები „აშშ-ის მიერ შეთხზული ტყუილია” და ვაშინგტონი საკითხის პოლიტიზებას ახდენს.
რიტორიკის გამწვავების მიუხედავად, მხარეები საფრანგეთში პირისპირ მოლაპარაკებებისთვის მაინც ემზადებიან. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ჰე ლიფენი საფრანგეთს 14-17 მარტს ეწვევა, ხოლო South China Morning Post-ის ცნობით, პარიზის მოლაპარაკებები შესაძლოა ტრამპისა და სი ძინპინის მომავალი შეხვედრის საფუძველი გახდეს. ეს მიუთითებს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ორივე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს.
ჯერ უცნობია, გაამკაცრებს თუ არა Section 301-ის ახალი გამოძიებები პარიზში მხარეთა პოზიციებს, თუ პირიქით, მოლაპარაკებებში დამატებით ბერკეტად იქცევა. თუმცა აშკარაა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში დიალოგი და დაპირისპირება პარალელურად ვითარდება.
ავტორი: მარიამ სიმსივე




