ჩინეთი, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის ფარული მხარე

ჩინეთი, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, კვლავ ექცევა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც რუსული აგრესიის ხელშემწყობი ძალა. მეტიც, ბოლო დროს გავრცელებული სიახლეები მოწმობს, რომ სახალხო რესპუბლიკა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებს.

9 ივლისს, უკრაინაში დააკავეს ჩინეთის 2 მოქალაქე, რომლებიც, უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ცდილობდნენ კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემას ჩინური სადაზვერვო სამსახურისთვის. კერძოდ, აღნიშნულმა პირებმა დაიქირავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც წვდომა ჰქონდა უკრაინული თავდაცვის ტექნოლოგიების, მათ შორის ნეპტუნის სარაკეტო სისტემის ტექნიკურ მონაცემებზე.

10 ივლისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა აღნიშნა, რომ პეკინი უკრაინის მიერ გავცელებულ ინფორმაციას „ამოწმებს“ და თუ ეს საკითხი ჩინეთის მოქალაქეებს ეხება, მათი „კანონიერი უფლებები დაცული უნდა იყოს“.

მანამდე, 8 ივლისს, Bloomberg-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი რუსული დრონების მწარმოებელ კომპანიასა და ჩინურ ფირმებს შორის თანამშრომლობის სქემა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსული კომპანია Aero-HIT, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარება, თანამშრომლობს ჩინურ კომპანია Autel Robotic-თან. სტატიის მიხედვით, აღნიშნული კომპანიები 2023 წლიდან ჩართულნი იყვნენ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც რუსეთში წლიურად 10 000 დრონის წარმოება იყო.

ამავე დღეს, 8 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასანქცირა 5 ჩინური კომპანია (Central Asia Silk Road International Trade, Suzhou Ecod Precision Manufacturing, Shenzhen Royo Technology, Shenzhen Jinduobang Technology, and Ningbo BLIN Machinery), რომლებიც რუსულ კომპანიებს დრონების საწარმოებლად საჭირო ნაწილებს აწვდიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიების კომპონენტები დაფიქსირდა შაჰიდის დრონებში, რომლითაც, 4 ივლისს, რუსეთმა კიევზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმ ჩინური კომპანიების ან ჩინეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც რუსულ აგრესიას უჭერენ მხარს. ამის მიუხედავად, ოფიციალური პეკინი უარყოფს ომში ჩართულობის შესახებ „ბრალდებებს“ და თავს კონფლიქტის ნეიტრალურ მხარედ მიიჩნევს. თუმცა, 4 ივლისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ევროკავშირის წარმომადგენელ კაია კალასთან ღიად დააფიქსირა სახალხო რესპუბლიკის პოზიცია. კერძოდ, ამ შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, რომ ჩინეთისთვის უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მარცხი მიუღებელია და სახალხო რესპუბლიკა აღნიშნულის პრევენციისთვის ძალისხმევას არ იშურებს.

Scroll to Top