ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (2 – 8 მარტი)

საქართველო

საქართველოს ელჩი ჩინეთის პარლამენტის წარმომადგენელს შეხვდა

2 მარტი

2026 წლის 27 თებერვალს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის გენერალური ოფისის საგარეო საქმეთა ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ვან ვენთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საელჩომ 2 მარტს გამოაქვეყნა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მიმართულებით კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, რაც, მათი შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩინური კომპანიები საქართველოს ქარის ენერგეტიკის სექტორში გავლენას აძლიერებენ

3 მარტი

ჩინური კომპანიები საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში მონაწილეობას რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტში ჩართულობით აფართოებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 3 მარტს Xinhua-ს საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

გორის მახლობლად მდებარე 206 მეგავატიანი პროექტი ჩინური ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანიის, Goldwind-ის მონაწილეობით ხორციელდება. კომპანია პროექტისთვის ტურბინებს ამარაგებს და ასევე ჩართულია მშენებლობის, შემდგომი ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების პროცესში.

მკაცრი ზამთრისა და რთული სამშენებლო პირობების მიუხედავად, პროექტის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქარის ელექტროსადგური, სავარაუდოდ, ელექტროენერგიით დაახლოებით 200 000 ოჯახს უზრუნველყოფს და ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ტონით შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას.

პროექტი ენერგეტიკის სფეროში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს, მაშინ როცა საქართველო მომდევნო წლებში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას გეგმავს.

პეკინში ჩინეთის „ორი სესიის“ გახსნის სხდომა გაიმართა

5 მარტი

2026 წლის 4-5 მარტს, პეკინში, სახალხო კრების დიდ დარბაზში, ჩინეთის „ორი სესიის“ გახსნის სხდომა გაიმართა. 4 მარტს ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის მე-14 მოწვევის მეოთხე სესია გაიხსნა, ხოლო 5 მარტს ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მე-14 მოწვევის მეოთხე სესიამ განაახლა მუშაობა.

„ორი სესია“ ჩინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ყოველწლიურ პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს. მის ფარგლებში იმართება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და უმაღლესი პოლიტიკური-საკონსულტაციო ორგანოს წლიური სხდომები, სადაც განიხილება სახელმწიფოს განვითარების ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები, სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე სხვა საკანონმდებლო და სამთავრობო საკითხები.

2026 წლის სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებზეა გამახვილებული. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემაა 2026-2030 წლების ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის მონახაზი.

გახსნის სხდომებს ჩინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

საქართველოს ელჩის შეხვედრა China-CEEC-ის სამდივნოსთან

6 მარტი

6 მარტს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე შეხვდა ჩინეთი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (China-CEEC) თანამშრომლობის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ ჩენ კუოიოს.

შეხვედრაზე მხარეებმა China-CEEC-ის ფორმატში საქართველოს აქტიური ჩართულობის პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის დინამიკას.

აზერბაიჯანი

ბაქოში ჩინეთის საელჩომ ირანიდან ევაკუირებული მოქალაქეები მიიღო

3 მარტი

აზერბაიჯანში ჩინეთის საელჩომ ირანიდან ევაკუირებული ჩინეთის მოქალაქეები მიიღო და მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დახმარება გაუწია. Xinhua-ს ინფორმაციით, 3 მარტს ბაქოში მდებარე Caspian Business Hotel-ში 48 ჩინეთის მოქალაქე გადაიყვანეს, რომლებიც ირანიდან ევაკუაციის ფარგლებში აზერბაიჯანში ჩავიდნენ.

გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში ირანიდან აზერბაიჯანში სულ 260-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე გადავიდა. პროცესს კოორდინაციას უწევდა ჩინეთის საელჩო აზერბაიჯანში.

Xinhua News Agency-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა პეკინს. ჩინეთის ელჩის შეფასებით, ეს თანამშრომლობა ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულებაა.

AZERTAC-მა და Xinhua-მ ხანგრძლივი მედია პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს

6 მარტი

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა და ჩინეთის Xinhua News Agency-მ მათი 23-წლიანი თანამშრომლობა ძლიერი მედია პარტნიორობის მაგალითად შეაფასეს.

6 მარტს, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, AZERTAC-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ვუგარ ალიევმა და Xinhua-ს ევრაზიის ბიუროს დირექტორის მოადგილემ ვეი კანგმა განიხილეს ხანგრძლივი თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო ურთიერთობები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათი პარტნიორობა ასახავს აზერბაიჯან-ჩინეთის ფართო ურთიერთობებს და ხაზი გაუსვეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ობიექტური გაშუქების მნიშვნელობას.

სომხეთი

სომხეთი ჩინეთის მოქალაქეების ირანიდან ევაკუაციის ერთ-ერთ მარშრუტად დასახელდა

4 მარტი

4 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გასვლის მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს ევაკუაცია მეზობელი ქვეყნების გავლით შეეძლოთ, მათ შორის სომხეთის გავლით, აგარაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოყენებით. პეკინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს სომხეთში პასპორტით უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ევაკუაციის პროცესში დახმარების მიზნით, ჩინურმა დიპლომატიურმა მისიებმა სასაზღვრო პუნქტებზე სამუშაო ჯგუფები განათავსეს.

უზბეკეთი

ტაშკენტში ჩინეთ-უზბეკეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

3 მარტი

3 მარტს ტაშკენტში ჩინეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებმა გამართეს ბიზნესფორუმი, რომლის მიზანიც ორმხრივი ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

უზბეკეთის საინვესტიციო სამინისტროს წინასწარი განცხადებით, ფორუმი გათვალისწინებული იყო როგორც პლატფორმა ჩინეთისა და უზბეკეთის ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი დიალოგისთვის. განხილვის ძირითად თემებს შორის იყო საინვესტიციო პოტენციალი, სამრეწველო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯები.

Eurasianet-ის ინფორმაციით, ჩინელმა მენეჯერებმა შეხვედრები გამართეს უზბეკეთის საინვესტიციო სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

Scroll to Top