ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (23 – 29 მარტი)

საქართველო

საქართველოს ელჩმა გუანჯოუში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

24 მარტი

საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, გუანჯოუში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

კონფერენცია სახელწოდებით „New Cooperation Reaching out to Georgia, Mutual Journey of Cooperation & Exchange“ 20 მარტს გაიმართა, საქართველოს საელჩომ კი ამის შესახებ ინფორმაცია 24 მარტს გაავრცელა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო „სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ დამფუძნებელი და გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ბექა მიქაბერიძე. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და საინვესტიციო წრეების, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ელჩის ინტერვიუ ჩინურ ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა

25 მარტი

ჩინურ გამოცემა People’s Daily-ში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საელჩომ 25 მარტს გაავრცელა.

ინტერვიუში ელჩმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების, ტურიზმისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავებას.

ინტერვიუში ასევე საუბარია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პაატა კალანდაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტი

25 მარტს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს და მოიცავს ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებას, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში თანამშრომლობის გაძლიერებასა და სპორტულ ორგანიზაციებს შორის კავშირების შემდგომ განვითარებას.

სპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ჩინეთისა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

სპორტის მინისტრი ჩინეთში „თაიშან გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა

26 მარტი

26 მარტს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ჩინური კომპანია „თაიშან გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციამ შეხვედრა გამართა კომპანიის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე პიენ ჭილიანგთან და ვიცე-პრეზიდენტ მან ფანგფანგთან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ასევე მოინახულა „თაიშან გრუპის“ მუზეუმი და ქარხნები, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინვენტარითა და ინოვაციური დანადგარებით აღჭურვის საკითხს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, „თაიშან გრუპის“ სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ასევე საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

2026 წლის დასაწყისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ ზრდა აჩვენა

27 მარტი

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა.

Business Insider Georgia-ს მიერ 27 მარტს გავრცელებული, საქსტატის მონაცემებზე დაფუძნებული სტატიის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტმა 147.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 289.1%-ით მეტია. ამავე დროს, ჩინეთიდან იმპორტი 310.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურ ჭრილში 28.4%-იან ზრდას ასახავს.

საექსპორტო სტრუქტურის მიხედვით, ჩინეთის მიმართულებით საქართველოდან ყველაზე მეტი მოცულობით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები გავიდა. უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს შორის ასევე დასახელებულია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სანელებლები, მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, ასევე ყურძნის ნატურალური ღვინოები.

იმპორტის ნაწილში ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ძირითადი პროდუქტები იყო დიოდები, ტრანზისტორები და სხვა ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები, ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები, მსუბუქი ავტომობილები, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადი, ასევე შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები.

სტატია ხაზს უსვამს, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდ დინამიკას ინარჩუნებს და ჩინეთი საქართველოსთვის კვლავ მოწინავე  სავაჭრო პარტნიორად რჩება.

ქართული ღვინო ჩენდუში გამართულ გამოფენებზე წარადგინეს

27 მარტი

26-27 მარტს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინით წარდგნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო გამოფენებზე Fine Wineseer და Fine Wine Hotel Exhibition, ხოლო მიმდინარე კვირაში წარმოდგენილია ღონისძიებაში China Food & Drinks Fair.

Fine Wine Hotel Exhibition-ის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას დაახლოებით 100 სტუმარი, მათ შორის ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას ემსახურება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.

სპორტის სამინისტროს სამუშაო ვიზიტი ჩინეთში

27 მარტი

23-27 მარტს საქართველოს სპორტის სამინისტროს დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ პეკინის სპორტის უნივერსიტეტი მოინახულა, სადაც მხარეებმა სპორტული განათლების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სამწვრთნელო პროექტების პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ტიანძინში მიმდინარე უშუს მე-10 ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატსაც დაესწრო. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ირაკლი დოლაბერიძე და ჩინეთში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდნენ.

ამასთან, გაიმართა შეხვედრა უშუს საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივან იუფინგ ჭანგთან, სადაც მხარეებმა საქართველოში უშუს პოპულარიზაციისა და ამ სპორტის სახეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანი

სი ძინპინი: ჩინეთი აზერბაიჯანთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის მზად არის

23 მარტი

23 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც იგი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს.

წერილში სი ძინპინი აღნიშნავს, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები“ არიან. მისივე შეფასებით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა განმტკიცდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა თანმიმდევრულად ვითარდება.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ილჰამ ალიევთან ერთად იმუშაოს იმისათვის, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

საჰიბა გაფაროვა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა

25 მარტი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა 25 მარტს პეკინში ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟაო ლეჯის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობები ბოლო წლებში სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე განვითარდა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიდერებს შორის აქტიურ კონტაქტებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და ორმხრივი ვიზიტების ზრდაზე.

საჰიბა გაფაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ, ხოლო ჩინურმა მხარემ აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, მათ შორის „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა, პირდაპირი ავიამიმოსვლა და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა.

მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაფართოებაზეც ციფრული განვითარების, ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ენერგიის მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარლამენტებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებასაც.

საჰიბა გაფაროვამ ბოაოს ფორუმზე აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა

26 მარტი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი საჰიბა გაფაროვა 26 მარტს, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზიის ბოაოს ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ჩინეთის საერთაშორისო როლსა და აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

გაფაროვამ აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე დიალოგი და თანამშრომლობა აუცილებლობად იქცა, ხოლო ბოაოს ფორუმი ასეთ პირობებში პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

მისი თქმით, ჩინეთი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან და კონსტრუქციულ როლს ასრულებს, ხოლო პეკინის გლობალური განვითარების, უსაფრთხოების, ცივილიზაციისა და მმართველობის ინიციატივებს აზერბაიჯანი მხარს უჭერს.

სპიკერის განცხადებით, აზერბაიჯანი და ჩინეთი საერთო ხედვებს იზიარებენ, ხოლო ბოლო პერიოდში გამართული უმაღლესი დონის ვიზიტები და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთნდობის გაღრმავებაზე მიუთითებს.

აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის დასაწყისში გაიზარდა

28 მარტი

2026 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 779.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მედია გამოცემა Trend აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ჩინეთი აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 12.44 პროცენტს იკავებდა და ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზე იყო. ამავე დროს, ჩინეთი აზერბაიჯანის მთავარი საიმპორტო პარტნიორი გახდა.

იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანიდან ჩინეთში ექსპორტმა 21.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულია. ჩინეთიდან იმპორტი კი 757.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 3.2-პროცენტიან მატებას ნიშნავს.

საერთო ჯამში, აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მოცემულ პერიოდში 6.264 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან 3.66 მილიარდი დოლარი ექსპორტზე, ხოლო 2.59 მილიარდი დოლარი იმპორტზე მოდის. შედეგად, ქვეყანამ 1.06 მილიარდი დოლარის დადებითი სავაჭრო სალდო შეინარჩუნა.

დუნჰუანგის კონფერენციაზე აზერბაიჯან-ჩინეთის კულტურული ურთიერთობები განიხილეს

28 მარტი

პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის აზერბაიჯანული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი აქშინ ალიევი, 28 მარტს ჩინეთის ქალაქ დუნჰუანგში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

აქშინ ალიევმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2025 წლის აპრილში გაფორმებულმა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

მისი შეფასებით, აბრეშუმის გზაზე მდებარე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ისტორიული კავშირები დიდი ხანია აზერბაიჯანელი მკვლევრების ყურადღების ცენტრშია. ალიევის თქმით, დუნჰუანგი, როგორც აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ცენტრი, ისტორიულად განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ამ სივრცეში კულტურული დიალოგის ჩამოყალიბებაში და ამ ფუნქციას დღესაც ინარჩუნებს.

ღონისძიება სახელწოდებით „დუნჰუანგის კულტურა, ბამბუკის ხელნაწერები და ჩინური კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაცია“ გაიმართა და მას ექვსი მონაწილე ქვეყნიდან 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

აბასოვი: ჩინეთი აზერბაიჯანის საიმედო პარტნიორია

29 მარტი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტთან არსებული კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის, რაფიგ აბასოვის განცხადებით, ჩინეთი აზერბაიჯანის საიმედო პარტნიორია. ამის შესახებ მან ჩინეთის სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა,

აბასოვის თქმით, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში დინამიკურად ვითარდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქო და პეკინი აქტიურად აძლიერებენ თანამშრომლობას „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებშიც.

ჰუმანიტარული კავშირების შეფასებისას აბასოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანში ჩინური ენისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ისევე როგორც ჩინეთის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრების მიმართ ყურადღება.

მისი ინფორმაციით, ბაქოში მოქმედმა კონფუცის ინსტიტუტმა ათი წლის განმავლობაში 13 ფილიალის, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის მეშვეობით ჩინური ენა უკვე 4,000-ზე მეტ სტუდენტს ასწავლა.

აბასოვის განცხადებით, სტუდენტური გაცვლები, ახალგაზრდული საგანმანათლებლო ღონისძიებები ინსტიტუტს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლისა და ხალხთაშორისი დიპლომატიის მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევს.

სომხეთი

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩინეთის საელჩოს ეწვივნენ

27 მარტი

27 მარტს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების წევრები სომხეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს აკადემიური ვიზიტით ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მათ სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკასა და სამომავლო მიმართულებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების მიერ წამოჭრილ საკითხებს, მათ შორის ჩინეთმცოდნეობის მიმართულებით მიღებულ გამოცდილებას, ორმხრივი საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების პერსპექტივებს, ასევე არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რის შედეგადაც საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტები მათთვის საინტერესო პროფესიულ საკითხებზე დიპლომატებთან უშუალო დიალოგში ჩაერთვნენ.

ყირგიზეთი

ყირგიზეთი CSCEC-სთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავს

24 მარტი

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რავშანბეკ საბიროვმა, 24 მარტს China State Construction Engineering Corporation-ის (CSCEC) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ყირგიზეთსა და CSCEC-ს შორის თანამშრომლობა პეკინში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა.

მხარეებმა ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე, მათ შორის გზების, ხიდების, რკინიგზის, ენერგეტიკისა და ურბანული განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს „მწვანე“ და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მზადყოფნა დაადასტურეს.

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობაში 5 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული

24 მარტი

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის პროექტის სამშენებლო სამუშაოებში 5 ათასზე მეტი ადამიანი და 5.6 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. ამის შესახებ ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის მონაცემებზე დაყრდნობით 24.kg წერს.

24.kg-ის ინფორმაციით, 24 მარტს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ერლისტ აკუნბეკოვმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. ამ დროისთვის ძირითადი საპროექტო მასალები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან შეთანხმება მიმდინარეობს.

გამოცემის ცნობით, სამშენებლო უბნებზე უკვე შესრულებულია 3.5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის სამუშაო. პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები გვირაბების გაყვანას, მიწის მასების გადაადგილებასა და ხიდების მშენებლობას მოიცავს.

ყირგიზეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფენ. აკუნბეკოვმა კი უსაფრთხოების ნორმებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების მკაცრი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ჩინეთის ელჩი ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

25 მარტი

ჩინეთის ელჩი ყირგიზეთში, ლიუ ძიანპინი, ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრ კანატბეკ ჩინიებაევს შეხვდა. მხარეებმა 25 მარტის შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ პეკინსა და ბიშკეკს შორის თანამშრომლობამ სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია. მისივე თქმით, ჩინური მხარე მზად არის, ყირგიზეთთან ერთად დააჩქაროს შესაბამისი პროექტების განხორციელება, ასევე გააძლიეროს სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით თანამშრომლობა.

ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, კანატბეკ ჩინიებაევმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შედეგები დადებითად შეაფასა და ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყირგიზეთი სტიქიური უბედურებების პრევენციის, ზიანის შემცირებისა და საგანგებო მართვის სფეროში იღებს.

მინისტრის განცხადებით, ბიშკეკი მზად არის, პეკინთან მჭიდრო თანამშრომლობით უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს.

ყირგიზეთის ენერგეტიკის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

26 მარტი

ყირგიზეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ტაალაიბეკ იბრაევმა, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინურ ენერგეტიკულ და ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრები გამართა.

ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და ჩინურ კორპორაცია ShuiFa Group-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დოკუმენტი დამტენი სადგურებისა და ენერგიის დაგროვების სისტემების განვითარებას ეხება. ყირგიზული მხარის შეფასებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზაციას და მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა კომპანია NUCL New Energy Tech-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, იულინ ლიანს. შეხვედრაზე განიხილეს ელექტრომობილებისთვის დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა.

გარდა ამისა, ყირგიზულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა კომპანია Zhejiang Anfu Energy-ს წარმომადგენლებთანაც. მხარეებმა განიხილეს ელექტროტრანსპორტისთვის განკუთვნილი დამტენი სადგურების აღჭურვილობის მიწოდებისა და ტექნოლოგიების ლოკალიზაციის შესაძლებლობები.

ჩინეთის ელჩი და ბიშკეკის მერი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

27 მარტი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ყირგიზეთში ლიუ ძიანპინი ბიშკეკის მერს, აიბეკ ჯუნუშალიევს შეხვდა. ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრა 27 მარტს გაიმართა და მხარეებმა ჩინეთ-ყირგიზეთის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ჩინური მხარის განცხადებით, ბოლო წლებში ბიშკეკთან თანამშრომლობამ ეკოლოგიის, ინფრასტრუქტურისა და ჰუმანიტარული მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. საელჩოს ცნობით, ამოქმედდა ბიშკეკის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე მიმდინარეობს საგზაო ქსელის რეკონსტრუქციისა და შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტები.

ელჩმა აღნიშნა, რომ პეკინი მზად არის, ბიშკეკსა და ჩინეთის ქალაქებსა და პროვინციებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას მომავალშიც შეუწყოს ხელი, მათ შორის ურბანული მართვის გამოცდილების გაზიარების გზით.

თავის მხრივ, აიბეკ ჯუნუშალიევმა ჩინურ მხარეს ყირგიზეთისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის ორმხრივად მომგებიანი პროექტების განხორციელებისთვის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

China Southern Airlines-მა გუანჯოუ–ბიშკეკის ახალი ავიარეისი შეასრულა

29 მარტი

29 მარტს ჩინურმა ავიაკომპანია China Southern Airlines-მა გუანჯოუ-ბიშკეკი-გუანჯოუს მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს ყირგიზეთის საავიაციო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ახალი მარშრუტი ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად ამოქმედდა.

ოფიციალური ცნობით, რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ყირგიზული მხარის შეფასებით, ახალი ავიამიმართულების ამოქმედება ხელს შეუწყობს როგორც სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას, ისე ყირგიზეთსა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებას.

Scroll to Top