თბილისში ჩინური ენის კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართება
15 მაისი
15 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართება „ჩინური ენის ხიდის“ 25-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ჩინურ ენას. ღონისძიება მოიცავს სამ ეტაპს: სიტყვით გამოსვლას, კითხვა–პასუხის სესიას და მხატვრულ ნაწილს.
ჩინურმა მედიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დააანონსა
16 მაისი
16 მაისს ჩინურმა მედია სააგენტო Xinhua-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18-20 მაისს ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის, ჟაო ლეჯის მიწვევით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან. მხარეები განიხილავენ საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით
ჩინეთში აზერბაიჯანელი ხელოვანების გამოფენა „დიალოგი ხელოვნების საშუალებით“ გაიხსნება
16 მაისი
პეკინში მდებარე თანამედროვე ხელოვნების წამყვან მუზეუმში, Today Art Museum, აზერბაიჯანელი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა 16 მაისს გაავრცელა.
ექსპოზიცია სახელწოდებით „დიალოგი ხელოვნების საშუალებით“ 20 მაისს გაიხსნება. ღონისძიება ჩინეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, ხელოვნებისა და მოგზაურობის ცენტრ „ინოვაციასა“ და გალერეა „აიდანისთან“ თანამშრომლობით ტარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 20 აზერბაიჯანელი ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც მოიცავს როგორც კლასიკურ სახვით ხელოვნებას, ასევე თანამედროვე ციფრულ არტს. ორგანიზატორების შეფასებით, პროექტის მიზანია აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის კულტურული დიპლომატიის გაძლიერება და შემოქმედებითი კავშირების გაფართოება.
ვანგ სინპინგი: WUF13-ის მასპინძლობა აზერბაიჯანის საერთაშორისო პასუხისმგებლობის დასტურია
16 მაისი
აზერბაიჯანის მიერ გაეროს მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის, WUF13-ის, მასპინძლობა ქვეყნის მაღალ საერთაშორისო პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. ამის შესახებ სააგენტო AZERTAC-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ უნივერსიტეტის პროფესორმა და ურბანული დაგეგმარების ექსპერტმა, ვანგ სინპინგმა 16 მაისს განუცხადა.
მისი შეფასებით, WUF13 წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო პლატფორმას და მისი აზერბაიჯანში ჩატარება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ურბანული განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
ვანგ სინპინგმა ასევე აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის სამთავრობო, აკადემიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ჩინეთ–აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქების განვითარების სფეროში.
ჩინეთში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება
13 მაისი
2026 წელს ჩინეთში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა გლობალური კონკურსის „ჩინური ხიდის“ სომხური ეტაპის გახსნისას, 13 მაისს განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კულტურული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მარტიროსიანმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ერთ–ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ერევანთან, ხოლო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში სტაბილურად ვითარდება.
მისივე განცხადებით, 2025 წლის აგვისტოში სომხეთმა და ჩინეთმა ოფიციალურად დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ყაზახეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
12 მაისი
12 მაისს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერმეკ კოშერბაევმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ყაზახეთში, ჰან ჩუნლინი მიიღო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და იმსჯელეს მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წელს დაგეგმილ მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი და მრავალმხრივი ღონისძიებების დღის წესრიგს.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.
ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ინვესტიციების შესახებ ახალი შეთანხმება რატიფიცირდა
14 მაისი
14 მაისს ყაზახეთის სენატმა ჩინეთთან ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ ახალი შეთანხმება რატიფიცირება მოახდინა.
სენატის დეპუტატ სერგეი ერშოვის განცხადებით, განახლებული შეთანხმება სამართლებრივად ამყარებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის 2025 წლის ივნისში ასტანაში ვიზიტის დროს იყო შეთანხმებული.
შეთანხმების მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ყაზახი და ჩინელი ინვესტორებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, ასევე მაღალი ტექნოლოგიების, დასაქმებისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს ჩინეთიდან ყაზახეთში პირდაპირი ინვესტიციები 2.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 135%-იანი ზრდაა.




