ჩინეთი ტაივანის სრუტეში კანადური ფრეგატის გავლას პროვოკაციად აფასებს

პეკინსა და ოტავას შორის ურთიერთობების დათბობის მცდელობის ფონზე, ჩინეთი მწვავედ გამოეხმაურა კანადის სამხედრო გემის, HMCS Charlottetown-ის მიერ ტაივანის სრუტის გავლას და დასავლური ქვეყნები ჩინეთის უსაფრთხოების ინტერესების ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნულ საკითხზე 29 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

კანადური მედიის ინფორმაციით, სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატმა ტაივანის სრუტე 22-23 მაისს გადაკვეთა. კანადის თავდაცვის უწყებამ აღნიშნული ტრანზიტირუტინულ ოპერაციად შეაფასა. პეკინი ამ პოზიციას მკაცრი რიტორიკით დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ ტაივანის სრუტე ჩინეთის შიდა წყლებს მიეკუთვნება.

ჩინეთის ამ ფორმულირებას კატეგორიულად უარყოფს ტაიბეი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრუტე არ შედის ჩინეთის სუვერენიტეტის ფარგლებში, რადგან იგი წარმოადგენს საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტს, სადაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნავიგაციის თავისუფლება გარანტირებულია. ასევე, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კანადური გემის გადაადგილებას აკვირდებოდა და ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.

ამ ინცინდენტიდან რამდენიმე დღეში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში.

ამ ნაბიჯით მხარეები ურთიერთობების განახლებას გეგმავდნენ, თუმცა საზღვაო დემონსტრაციამ მიმდინარე პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მით უმეტეს, რომ ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩინეთის ელჩმა ოტავა გააფრთხილა, რომ ტაივანთან დაკავშირებულმა სამხედრო და პოლიტიკურმა კონტაქტებმა შესაძლოა ორმხრივი ურთიერთობები დააზიანოს.

ბოლო წლებში ტაივანის სრუტეში დასავლური ქვეყნების სამხედრო გემების ტრანზიტმა სისტემატური ხასიათი მიიღო. მსგავსი ოპერაციები რეგულარულად ტარდება აშშის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მონაწილეობით, რასაც ჩინეთი რეგიონული სტაბილურობის საფრთხედ აფასებს დაპროვოკაციადმოიხსენიებს.

Scroll to Top