ჩინეთი კრიტიკული მინერალების სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს

10 თებერვალს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანგმა იშვიათი მიწის ელემენტების მწარმოებელი კომპანიები და მათთან დაკავშირებული კვლევითი ობიექტები დაათვალიერა ძიანსის პროვინციაში.

შეხვედრა მთვარის ახალი წლის წინ ტრადიციული აქტივობების ფარგლებში გაიმართა, თუმცა China Daily-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ასახავს პეკინის მზარდ ყურადღებას სტრატეგიული ინდუსტრიების განვითარების მიმართ. იშვიათი მიწის ელემენტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიებისთვის, ხოლო მათ გადამუშავებაში ჩინეთის დომინაცია მას მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს აშშ-თან კონკურენციის პირობებში.

იშვიათი წიაღისეულების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ კომენტარი ჩინეთის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა:

„იშვიათი მიწის ელემენტების როლი მოწინავე წარმოებისა და მწვანე, დაბალნახშირბადიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება,“ – აღნიშნა ლი ციანგმა.

Reuters-ის შეფასებით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა 2025 წლის აპრილიდან გაამკაცრა იშვიათი მიწის ელემენტების ექსპორტის კონტროლი და იგი ინდივიდუალური ლიცენზირების რეჟიმზე გადაიყვანა, რაც გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან თითოეული ექსპორტის წინასწარ შეთანხმებასა და ინდივიდუალურ ავტორიზაციას.

ამ ნაბიჯმა გაახანგრძლივა მიწოდების პროცედურები და შეამცირა მათი ეფექტიანობა, რის შედეგადაც რიგ შემთხვევებში კომპანიებმა ვერ შეძლეს კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულება, რამაც გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ამავე დროს, გეოპოლიტიკური ფონი ვაშინგტონშიც იცვლება. გასულ კვირას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც მოკავშირე ქვეყნების მიერ კრიტიკული მინერალების მოპოვების, გადამუშავებისა და ვაჭრობის კოორდინაციას ითვალისწინებს. ინიციატივა ასევე მოიაზრებს პრეფერენციული სავაჭრო ბლოკის ფორმირებას, რომლის ფარგლებშიც წევრ ქვეყნებს ერთმანეთის ბაზრებზე პრიორიტეტული წვდომა ექნებათ.

გეგმის მიზანია ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, თუმცა ინიციატივა ამ ეტაპზე კონცეპტუალურ ჩარჩოში რჩება, რადგან არ არის განსაზღვრული მასში მონაწილე ქვეყნები, ინსტიტუციური ფორმატი და შესაბამისი იურიდიული თუ ეკონომიკური მექანიზმები.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top