ჩინეთი ფილიპინებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სტაბილურობის დარღვევაში სდებს ბრალს

27 თებერვალს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ განაცხადა, რომ 23-26 თებერვალს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გეგმიური პატრულირება ჩაატარა და ფილიპინებს რეგიონში ,,მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევაში’’ დასდო ბრალი. პეკინის შეფასებით, მანილა ,,რეგიონგარეშე’’ ქვეყნებთან ერთად ერთობლივ სამხედრო პატრულირებებს აწარმოებს.

ჩინეთის სამხედროთა სამხრეთის თეატრის სარდლობის ცნობით, სამხედრო ძალები ,,მტკიცედ დაიცავენ’’ ქვეყნის ტერიტორიულ სუვერენიტეტს, საზღვაო უფლებებსა და ინტერესებს და ამავე დროს, რეგიონში ,,მშვიდობასა და სტაბილურობას’’ შეინარჩუნებენ. განცხადება ჩინურმა სახელმწიფო მედიამაც გააშუქა და ფილიპინების მიმართ პეკინის კრიტიკაც გაიმეორა.

ჩინეთის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ფილიპინების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამავე კვირაში ფილიპინების, აშშ-ისა და იაპონიის საზღვაო ძალებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. მანილას შეფასებით, სწავლება მოკავშირეებთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

პეკინი რეგულარულად აკრიტიკებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ისა და მისი პარტნიორების აქტიურ ჩართულობას და ამტკიცებს, რომ ასეთი თანამშრომლობა სამხედრო ინციდენტებისა და ესკალაციის რისკს ზრდის.

პარალელურად, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რეგიონში დაძაბულობა მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით არ შემოიფარგლება. Reuters-ის გამოძიების მიხედვით, რეგიონში დაფიქსირდა სამხედრო და სადაზვერვო ტიპის გადაადგილებები იმ მარშრუტებზე, რომლებიც ფილიპინების მახლობლად ან მის საზღვაო ზონას კვეთს და ტაივანისკენ მიმავალ სტრატეგიულ მიმართულებებსაც უკავშირდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რჩება ბაშის არხის ზონა. ეს არის ზღვის მონაკვეთი, რომელიც ტაივანსა და ფილიპინებს შორის მდებარეობს. არხი მნიშვნელოვანი გზაა, ვინაიდან იგი ერთ-ერთ ძირითად გასასვლელად ითვლება წყნარი ოკეანის მიმართულებით.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top