ჩინეთი ფილიპინებს „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გამო აფრთხილებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ფილიპინებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ტერიტორიული პრეტენზიების გამო ორი აზიური ქვეყანა დიდი ხანია უთანხმოებაშია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა ფილიპინელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩინეთის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვან იმ აღნიშნული საკითხები 3 ნოემბერს ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივან ტერეზა ლაზაროსთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ვან ის განცხადებით, ფილიპინელ პოლიტიკოსთა ნაწილი, პოლიტიკური მიკერძოებისა და პირადი ინტერესების გამო, პეკინის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და ჩინეთისთვის მიუღებელ საზღვრებს კვეთს. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები უარყოფითად აისახება ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორის კავშირებზე, ამასთან, საფრთხეს უქმნის ფილიპინებში მოქმედი ჩინური ორგანიზაციებისა და მოქალაქეების კანონიერ ინტერესებს.

გარდა ამისა, ვან იმ ფილიპინების ხელისუფლებას შეახსენა „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დაცვის მნიშვნელობა და გააფრთხილა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს როგორც საჯარო განცხადებებში, ისე პრაქტიკულ მოქმედებებში.

ქვეყნებს შორის დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კვლავ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ტერიტორიული დავები რჩება. პეკინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო სივრცის უდიდეს ნაწილზე აცხადებს პრეტენზიას, რასაც ფილიპინები და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან.

ბოლო წლებში ტერიტორიული უთანხმოება არაერთხელ გადაიზარდა ზღვაში ფიზიკურ დაპირისპირებაში, მათ შორის ხომალდების შეჯახებებსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის ინციდენტებში. საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, ჩინეთის ფართომასშტაბიან ისტორიულ პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, თუმცა პეკინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ აღიარებს.

დავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა „რიდ ბენკის“ (Reed Bank) საზღვაო ტერიტორია, რომელიც ფილიპინების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს. მანილა ამ რაიონში ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების შესწავლას ცდილობს, თუმცა ჩინეთის წინააღმდეგობის გამო შესაბამისი სამუშაოები წლების განმავლობაში ფერხდება.

მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა, ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივანმა ტერეზა ლაზარომ ჩინელ კოლეგასთან საუბარი კონსტრუქციულად შეაფასა. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და დიპლომატიური კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ლაზაროს განცხადებით, ფილიპინებისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნება. მისი თქმით, განსაკუთრებით ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უთანხმოებების მართვასა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ მანილა კვლავ ერთგულია „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისა და ამ მიმართულებით საკუთარი პოზიციის შეცვლას არ გეგმავს. მან ხაზი გაუსვა საზღვაო და სხვა სადავო საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას.

ამასთან, პეკინი და მანილა შეთანხმდნენ, რომ არსებულ უთანხმოებებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ, ხელი შეუწყონ ვითარების სტაბილიზაციას და გააფართოონ თანამშრომლობა საერთო ინტერესების სფეროებში.

მიუხედავად ჩინეთის მხრიდან გაჟღერებული მკაცრი გაფრთხილებებისა, სატელეფონო საუბრის შედეგები მიუთითებს, რომ ორივე ქვეყანა დაძაბულობის ფონზეც დიპლომატიური არხების შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ტერიტორიული დავები კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩინეთ-ფილიპინების ურთიერთობებისთვის.

Scroll to Top