შვედური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ჩინეთში შეიარაღების იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში თითქმის ორი მესამედით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა მზარდი ტემპით ცვლის უცხოური წარმოების შეიარაღებას ადგილობრივი წარმოების ტექნოლოგიებზე. შვედეთის სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (SIPRI) აღნიშნა, რომ წინა ხუთ წელთან შედარებით, 2020-2024 წლებში ჩინეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება 64 პროცენტით შემცირდა.
ცვლილების მთავარი მიზეზი ჩინეთში შეიარაღების წარმოების გაფართოებაა, რის შედეგადაც ადგილობრივმა სისტემებმა უკვე შეცვალა რუსეთიდან მიღებული ტექნიკა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
SIPRI-ის წამყვანი მკვლევარი, სიმონ ვეზემანი, განმარტავს, რომ ჩინეთს სამ ათწლეულზე მეტი დრო დასჭირდა იმპორტირებული მაღალტექნოლოგიური იარაღის ადგილობრივი წარმოების ტექნოლოგიებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისთვის.
“ბოლო ხუთ წელიწადში, ყველაზე დიდი რამ, რაც მაინც რუსეთიდან შემოიტანეს, ორი რამ იყო – ვერტმფრენები და ძრავები. თუ არ გაქვს შესაბამისი გამოცდილება, ისინი ძალიან რთული საწარმოებელია, და სწორედ ამ მიმართულებით მიაღწია ჩინეთმა წარმატებას,” განაცხადა მან.
ვეზემანი ამბობს, რომ ჩინეთი უკვე თავადვე აწარმოებს ძრავებს საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, სატრანპორტო თვითმფრინავებისთვისა და გემებისთვის. იგივე ვრცელდება ვერტმფრენებზეც. ვეზემანის ვარაუდით, ამ ყოველივეს ფონზე რუსეთიდან ვერტმფრენების იმპორტი შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა მიმდინარე წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 7.2%-ით ზრდა გამოაცხადა. ბიუჯეტის ზრდა სამხედრო ძალების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ნაწილია, მიზნად კი ტერიტორიული პრეტენზიების გაძლიერებასა და აზიაში აშშ-ის სამხედრო ლიდერობის შესუსტებას ისახავს.
ჩინეთს უკვე აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტი და თავდაცვის მეორე უდიდესი ბიუჯეტი შეერთებული შტატების შემდეგ. ახლად გამოცხადებული ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით 245 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეროვნულ სახალხო კონგრესზე – ქვეყნის ყოველწლიურ საკანონმდებლო შეკრებაზე წარადგინეს. თუმცა, პენტაგონისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთის რეალური თავდაცვის ხარჯები შეიძლება მინიმუმ 40%-ით უფრო მაღალი იყოს, რადგან ზოგიერთი დანახარჯი სხვა ბიუჯეტებშია შეყვანილი.