ჩინეთის შუამავლობით პაკისტანსა და ავღანეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჩინეთმა 3 აპრილს განაცხადა, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის მოლაპარაკებები წინ მიიწევს. პეკინის განცხადებით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც 2021 წელს თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ორ ქვეყანას შორის გამწვავებული დაპირისპირების დეესკალაციის მცდელობად განიხილება.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მაო ნინის განცხადებით, პაკისტანი და ავღანეთი პეკინის შუამავლობით მიმდინარე დიალოგს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არიან. Associated Press-ის ინფორმაციით, მხარეებმა სამუშაო დონეზე კონსულტაციები დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში რამდენიმე დღის წინ განაახლეს.

მედიის ცნობით, მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას, სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნას, ასევე ვაჭრობისა და გადაადგილების აღდგენას განიხილავენ.

პარალელურად, პაკისტანი ამტკიცებს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები მის ტერიტორიაზე თავდასხმებს კვლავ აწყობენ, ხოლო ქაბული ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი დიალოგისთვის მზად არის.

ჩინეთი აცხადებს, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებასა და მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის უზრუნველყოფას ცდილობს, მაშინ როცა ბოლო კვირების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის საზღვარზე დაძაბულობა გაიზარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამასთან, ოფიციალურ პეკინს შუამავლობის პროცესისა და მიმდინარე კონსულტაციების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top