ჩინეთმა 3 დეკემბერს ძირითადი მინერალების – გალიუმიუს, გერმანიუმისა და ანტიმონის – ექსპორტი აკრძალა შეერთებულ შტატებში. ეს მინერალები აუცილებელია სამხედრო და ტექნიკური ნაწილებისთვის, ეს ნაბიჯი კი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო დაძაბულობის მნიშვნელოვან ესკალაციაზე მიუთითებს. გადაწყვეტილება ჩინეთმა მიიღო მეორე დღესვე, როგორც კი აშშ-მ დააწესა ახალი შეზღუდვები ჩინურ ნახევარგამტარებზე.
ჩინეთი ეტაპობრივად აძლიერებს კონტროლს მნიშვნელოვანი მინერალების ექსპორტზე, მაგრამ ამჯერად ეს აკრძალვა მხოლოდ აშშ-ს ეხება. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მიზეზად დაასახელა ეროვნული უსაფრთხოების რისკები და განაცხადა, რომ ამ მინერალების ექსპორტი აშშ-ში აღარ დაიშვება. გალიუმი და გერმანიუმი მნიშვნელოვანია ნახევარგამტარებისა და ინფრაწითელი ტექნოლოგიებისთვის, ხოლო ანტიმონი გამოიყენება იარაღსა და საბრძოლო მასალაში. გრაფიტი, რომელზეც ასევე მოქმედებს ახალი შეზღუდვები, ელექტროავტომობილების ბატარეების მთავარი კომპონენტია.
„ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და ისეთი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, როგორიცაა იარაღის გაუვრცელებლობა, ჩინეთმა გადაწყვიტა გააძლიეროს ექსპორტის კონტროლი შეერთებულ შტატებში შესაბამისი ორმაგი დანიშნულების პროდუქტებზე“, – თქვა სამინისტრომ.
აშშ-ის მთავრობა მსჯელობს არსებულ სიტუაციაზე და აცხადებს, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს, რისი დასტურიცაა თეთრი სახლის სპიკერის განცხადება, რომ ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად აუცილებელია ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია და გამრავალფეროვნება.
მონაცემები აჩვენებს, რომ ამ წლის განმავლობაში გერმანიუმი თუ გალიუმი აშშ-ში არ ყოფილა იმპორტირებული, იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე ეს მინერალები ძირითადი საექსპორტი რესურსები იყო. ჩინეთის მიერ ანტიმონის მიწოდება ასევე მკვეთრად შემცირდა ოქტომბერში ექსპორტის შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ.
ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც ჩინეთის სტრატეგიის ნაწილი, დაიცვას თავისი სამხედრო და ტექნოლოგიური ინტერესები. ზოგიერთმა ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას „იარაღად იყენებს“. Perpetua Resources, კომპანიამ, რომელიც ამუშავებს ანტიმონის მაღაროს აიდაჰოში, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება ჩინურ მინერალებზე.
აღსანიშნავია ჩინეთის მიერ მინერალების ექსპორტზე აკრძალვის დაწესების დრო, რადგან აღნიშნული მოვლენა ჩინეთის ნახევარგამტარული ინდუსტრიის მიმართ აშშ-ს მესამე შეტევას მოჰყვა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი კვლავ მძაფრდება, რამდენადაც ორივე მხარე ტარიფებსა და შეზღუდვებს აწესებს.