შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“
რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში?
„მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის ორჯერ აღემატება მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ინვესტიცია რამდენად რეალურია, ყველაზე კარგად ამ რიცხვების შედარებით ჩანს: ორჯერ მეტი ფული აქვთ წაღებული საქართველოდან, ჩვენი გადასახადის გადამხდელების, ევროპელი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაკლიის პორტიც კი, ჩინეთისთვის საინტერესო აღარ იქნება.
„თუ რამე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს, ეს არის საქართველოს პოზიციონირება ჩინეთთან და ირანთან… ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი პარტნიორები და დავანახოთ, რომ ამ რეგიონში, როდესაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური გადათამაშება, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია და არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი.
- ქალბატონო თინა, რა ეტაპზეა საქართველო-ჩინეთის მოკავშირეობა? შუა დერეფანსა და სავაჭრო კავშირებზე გაამახვილა ყურადღება 29 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მანამდე თქვენ ჰელსინკის კომისიას მიმართეთ: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“
ერთია, სამართლებრივად სად ვართ და მეორე: რეალურ ცხოვრებაში რა ხდება. სამართლებრივად, ქაღალდებს რომ გავყვეთ, მემორანდუმებს, რომელიც ფორმდება, საკმაოდ სწრაფად მივდივართ ამ ურთიერთობებში. ბევრი შეთანხმებაა, მაგალითად, იგივე განათლების სამინისტროებს შორის. სხვათა შორის, ელჩმა იმ ღონისძიებაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბევრი ისაუბრა, რომ სკოლებში ჩინური დაემატა, როგორც მეორე უცხოური ენა და კონფუცის ინსტიტუტები ძლიერდება – უფრო და უფრო მეტი საგანმანათლებლო ცენტრი იხსნება უნივერსიტეტებთან, რაც არის ჩინეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან უამრავი შეთანხმება ფორმდება პოტენციური ინვესტიციების შესახებ. ისევ ჩინეთის ელჩს დავესესხები, მან თქვა, რომ საქართველო ჩინეთისთვის საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანააო. ამას ამბობენ უკვე 10 წელია, მაგრამ საქართველოში ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციები არ გვინახავს.
განახლდა შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებები „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ მეორე ეტაპზე. როგორც ჩანს, ამას ხელს რეალურად მოაწერენ – ელჩმა თავის გამოსვლაში თქვა, პროგრესი სახეზეა და მოლაპარაკებები წარმატებულიაო.
რეალურ ცხოვრებაში კი, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, სტატისტიკას, რიცხვებს და მონაცემებს, რომელიც სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად დაპირებებისა, ვერ ვნახეთ განვითარება ამ ურთიერთობებში, ვერ ვნახეთ რეალური ინვესტიციები, ვერ ვნახეთ ვაჭრობაში წარმატება.
ინვესტიციების კუთხით კატასტროფა გვაქვს: 2024 წელს 6 მილიონი იყო ჩინური ინვესტიცია საქართველოში – 60 მილიონი, ან 6 მილიარდი კი არა, 6 მილიონი. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით [იანვარი – სექტემბერი] 93%-ით ნაკლებია.