ჩიპების ინდუსტრიის აქტივობის ჩინეთიდან გასვლის ფონზე, ვიეტნამის საწარმოო შესაძლებლობები იზრდება 

უცხოური კომპანიები ვიეტნამში ჩიპების ტესტირებისა და შეფუთვის შესაძლებლობებს ზრდიან. Reuters-ის ცნობით დასავლეთისა და ჩინეთის დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ინვესტორები ჩინეთიდან წარმოების ნაწილის გატანის მიზნით, ალტერნატივებს ეძებენ. 

ნახევარგამტარების წარმოების სექტორში ამჟამად ჩინეთი და ტაივანი დომინირებენ, თუმცა ვიეტნამი, ამ კუთხით, ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნებს შორისაა. 

ნახევარგამტარების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის, “Hana Micron”-ის ვიცე პრეზიდენტი ვიეტნამში, ჩო ჰიუნგ რეი Reuters-თან ამბობს რომ კომპანია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში გაფართოვდა იმ მომხმარებლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც ცდილობენ წარმოების ნაწილი ჩინეთიდან გაიტანონ. 

სამხრეთ კორეული კომპანია მეხსიერების ჩიპების შეფუთვის ოპერაციებისთვის $903.49 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ვიეტნამის ბაზარზე, ხოლო აშშ-ში არსებულმა კომპანია Amkor Technology-მ წინა წელს 1.6 მილიარდ დოლარიანი გეგმა წარადგინა, რომელიც უახლესი სტანდარტების საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს ნახევრგამტარების წარმოების სფეროში. 

ვიეტნამის შესაძლებლობის ზრდა ჩიპების წარმოების Back-end (ჩიპების დამზადების პროცესში ლითონის გაყვანილობის ფორმირების ეტაპი) სეგმენტში ბაიდენის ადმინისტრაციისგან წახალისდა ვაშინგტონისა და პეკინის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე. 2023 წლის ივლისში აშშ-ს სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი ეწვია ჰანოის პრემიერ მინისტრ ფემ მინი ჩინთან შესახვედრად და განიხილა აშშ-ვიეტნამის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; მან პირდაპირი მითითება გააკეთა ვიეტნამის კრიტიკულ როლზე ნახევარგამტარების ინდუსტრიაში და დაასახელა ამერიკული ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიები, რომლებსაც ვიეტნამში აქვთ ფილიალები. ნახსენებ კომპანიებს შორის იყო არიზონაში დაფუძნებული Amkor Technology-იც. 

აშშ-ს ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციისა( US Semiconductor Industry Association) და ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (Boston Consulting Group) მიხედვით, უცხოური კომპანიების დიდი ინვესტიციის შედეგად, 2032 წლისთვის ჩიპების აწყობის, ტესტირებისა და შეფუთვის გლობალურ ინდუსტრიაში, ვიეტნამის წილი 8-9% იქნება. ეს მონაცემი 2022 წელს 1% იყო.

წყარო : Reuters

Scroll to Top