ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი 6 მაისს პეკინში ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ირანის გარშემო არსებული კრიზისი და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენა იყო. შეხვედრა შედგა ერთი კვირით ადრე, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის პეკინში დაგეგმილ შეხვედრამდე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვან იმ შეხვედრაზე დაუყოვნებლივი და სრული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კონფლიქტის განახლება მიუღებელია, ხოლო ირანის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ვან იმ მხარეებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად უპასუხონ საერთაშორისო მოწოდებებს და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება აღადგინონ.
ჰორმუზის სრუტის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. ირანის გარშემო განვითარებულმა კრიზისმა პეკინის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკები შექმნა. Reuters-ის შეფასებით, ომამდე ჩინეთი ირანის საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობდა.
შეხვედრაზე არაღჩიმ ჩინურ მხარეს ირანსა და აშშ–ს შორის მოლაპარაკებების ბოლო ვითარება გააცნო. ირანული სააგენტო ISNA წერს, რომ პეკინში არაღჩიმ ჩინეთი ირანის ახლო მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა და აღნიშნა, რომ არსებული გარემოებების ფონზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისივე თქმით, თეირანი მოლაპარაკებების პროცესში საკუთარ „კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“ დაიცავს და მხოლოდ სამართლიან შეთანხმებას მიიღებს.
Reuters-ის ცნობით, პეკინზე ზეწოლას ვაშინგტონიც აძლიერებს. აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინეთს მოუწოდა, დიპლომატიური გავლენა გამოიყენოს და ირანს ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო ნაოსნობისთვის გახსნისკენ უბიძგოს. მისი თქმით, ტრამპი და სი ძინპინი ამ საკითხზე 14-15 მაისს პეკინში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც ისაუბრებენ.
არაღჩის ვიზიტი აჩვენებს, რომ პეკინი ირანის კრიზისში უფრო აქტიურ დიპლომატიურ როლს იკავებს. ჩინეთი ერთდროულად ცდილობს, შეინარჩუნოს სტრატეგიული პარტნიორობა თეირანთან, დაიცვას საკუთარი ენერგეტიკული ინტერესები და თავი წარმოაჩინოს შუამავლად, რომელსაც რეგიონში დაძაბულობის შემცირების ხელშეწყობა შეუძლია.




