„ახალგაზრდა თაობაში ჩინური ენის სწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩინური ენა სკოლებში მეორე ენა გავხადოთ…. ჩნდება ერთმანეთის მიმართ ნდობა, რაც ახალ და მომავალ თაობებს აძლევს შესაძლებლობას, კავშირები დაამყარონ, ითანამშრომლონ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივ ძალად გამოვიდნენ, გარკვეული პოლიტიკური ინტერესები ერთად წარმოადგინონ, რაც, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადება. ჩინურ მედია “China Daily”-სთან. 15.11. 2025
თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, დიდი სახელმწიფოების მიერ პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე გავლენის დამყარების ერთ-ერთ წამყვან სტრატეგიას რბილი ძალა წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთი მზარდი აქტორია.
სამოქალაქო იდეას ახალ ანგარიში “სტრატეგიული პარტნიორობიდან დღემდე: ჩინეთის ექსპანსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში” მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
ანგარიში აანალიზებს, როგორ იყენებს ჩინეთი განათლებას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად — მათ შორის ჩინური ენის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და ტექნოლოგიური კომპანიების, როგორიცაა Huawei, ჩართულობას.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
„სამოქალაქო იდეას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2024-2025 წლებში:
- ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი/შეთანხმება გაფორმდა;
- საქართველოს უნივერსიტეტებს ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით ჩინეთის 12 საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესტუმრნენ;
- ქართულმა უნივერსიტეტებმა შეთანხმებები გააფორმეს შემდეგ ჩინურ კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან: Huawei, Zhogge Cultural Development, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი, Guagzou Dajiang E-Commerce Co Ltd;
- Huawei-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოში პირველ საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) აკადემიას გახსნის და ქართულ სკოლებში „სმარტ კლასებს“ მოაწყობს;
- ქართველმა სტუდენტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა Huawei-ს საგანმანათლებლო ინიციატივაში: Seeds for the future;
- საქართველოში ჩინეთის საელჩო აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო თანამშრომლობასა და ჩინური ენის პოპულარიზაციას. ქართულ უნივერსიტეტებსა და ჩინეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებები;
- 2024 და 2025 წლებში, ქართველი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ჩინური ენის კონკურსი, „ჩინეთის ხიდი“;
- ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში;
- ჩინური ენა ისწავლება თბილისში მოქმედ 15 სკოლაში;
- ჩინეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი გაიხსნება.




