სამოქალაქო იდეას China Watch–ის მეოთხე ანგარიში

სამოქალაქო იდეას China Watch–ის მეოთხე ანგარიში ეხება ჩინეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია Tebian Electric Apparatus Stock Co Ltd. (TBEA) იგივე შპს ტბეა კო., ლტდ.-ს, რომელმაც საქართველოში ორი ტენდერი მოიგო და რომელიც შელახული საერთაშორისო რეპუტაციით გამოირჩევა. ქვევით შემოგთავაზებთ ჩვენი კვლევის ძირითადად აღმოჩენებს:

  • ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან (CCP) TBEA- ს კავშირების გამოსავლენად, ჩვენი ანგარიში განიხილავს კომპანიის წარმოშობასა და საქმიანობას. TBEA ჩინეთის მთავრობის მიერ აკრედიტირებული საწარმოა და შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებისგან მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტი და ბიზნეს ურთიერთობები ჩინეთის საზღვრებს გარეთ. TBEA-ს საქმიანობა ვრცელდება თითქმის ყველა კონტინენტზე, როგორც აზიაში, ისე ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და აფრიკაში. მთელ მსოფლიოში მისი საქმიანობის ძირითად წამახალისებელ აქტორებს სწორედ ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ექსიმ ბანკი წარმოადგენენ. უფრო მეტიც, კომპანიის თავმჯდომარე ჟანგ სინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია. მისი სახელი ფიქსირდება მე -11 და მე-13 ეროვნული სახალხო კონგრესის წევრთა სიაში და ამავე კონგრესში ის ქალაქ ჩანჯის (Changji) წარმომადგენელია. ამას გარდა, TBEA მონაწილეობდა სინჯიანგის ჩანგჯის იძულებითი შრომითი ბანაკის უკანონო მაქინაციებში, სადაც პატიმრების  მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან, მათ აწამებენ, აშიმშილებენ და არაადამიანურად ეპყრობიან. კომპანია არღვევდა პატიმრების შრომით უფლებებს, აიძულებდა მათ, ემუშავათ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.
  • ჩვენმა კვლევამ გამოავლინა კონკრეტული დარღვევები საქართველოს სახელმწიფოსა და TBEA Shenyang Transformer Group Co.–ს შორის გაფორმებულ კონტრაქტებში. გაფორმებული ხელშეკრულებები გამოირჩევა ისეთი უკანონო ქმედებებით, როგორებიცაა, სამუშაო ვადების დაუსაბუთებელი გახანგრძლივება, კონტრაქტით განსაზღვრული პირობების დარღვევა, უსაფუძვლო ხარჯები და სხვა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვების პროცედურებში, TBEA–სთვის სხვადასხვა პრივილეგიის მინიჭებისას თვალი აარიდეს ამ სამართლებრივ დარღვევებს. ჩინური კომპანიის წახალისების მიზნით, სატენდერო კომისია მცდელობას არ იშურებს შეცვალოს პირობები და სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელი მიზეზით დისკვალიფიკაცია გაუკეთოს TBEA-ს კონკურენტებს.
  • ჩვენს ანგარიშში საფუძვლიანად არის მიმოხილული TBEA- ს კორუფციული და თაღლითური სკანდალები გამბიაში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ საერთაშორისო დონეზე მის რეპუტაციას. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევების მიუხედავად, მასშტაბური პროექტების განხორცილება სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიანდო კომპანიას, რომელმაც ყირგიზეთის მოსახლეობა -27 გრადუს ყინვაში ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა, კომპანიას რომელიც მხილებულია სხვადასხვა მთავრობებთან კორუფციულ გარიგებებში, და რომელთან ურთიერთობის გამოც სახელმწიფო თანამდებობის პირები დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან, კომპანიას რომლის ფილიალი ინდოეთში შესაძლო გადახდისუუნარობის წინაშე დგას.
  • მსგავსად საქართველოში მოქმედი სხვა ჩინური კომპანიებისა, TBEA-ს შემთხვევაშიც სახელმწიფოს არც კი უცდია დიუ დილიჯენსის (Due diligence) განხორციელება, მათი საერთაშორისო რეპუტაციის მოკვლევა, იმ პირობებში როდესაც ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საძიებო პლათფორმა google-იც კი ზედაპირული ძებნის ფარგლებში მყისიერად გვაძლევს ინფორმაციას

TBEA-ს კორუფციული გარიგებების შესახებ, და რომლის სხვა წყაროებსაც სანდო და კვალიფიციური მედია საშუალებები წარმოადგენენ.

angarishi-4-geo-final

ანგარიშის ჩამოტვირთვა ?

Scroll to Top