ირაკლი კობახიძე: ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 177%-ით გაიზარდა
7 ოქტომბერი
7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2026 წლის იანვარ–აგვისტოში ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 177%-ით გაიზარდა, რაც პრემიერმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების პრაქტიკულ შედეგად შეაფასა.
კობახიძის თქმით, წლის პირველ ნახევარში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 236 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ჩინეთმა საქართველოს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
პრემიერმა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაც გამოყო. მისი განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის კვირაში 14 ავიარეისი სრულდება, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას უწყობს ხელს.
საქპატენტმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
10 ოქტომბერი
საქპატენტმა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (CNIPA) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 10 ოქტომბერს დოკუმენტს ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და CNIPA-ს კომისრის მოადგილემ რუი ვენბიაომ მოაწერეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, არსებული სასწავლო რესურსების გაზიარება და ახალი მასალების ერთობლივად შექმნა განიხილეს. საუბარი შეეხო ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მომუშავე ექსპერტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლასაც. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქუთაისში ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის გახსნას დაესწრნენ.
აზერბაიჯანში სასწავლებლად 23 ჩინელი სტუდენტი შეირჩა
5 ოქტომბერს, 2026-2027 სასწავლო წლისთვის 23 ჩინელმა სტუდენტმა აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მოიპოვა. ისინი მთავრობათაშორისი სასტიპენდიო პროგრამით ისარგებლებენ, რომელიც ორი ქვეყნის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
აზერბაიჯანის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სტუდენტები მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე ისწავლიან. მათ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და მრეწველობის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი და ბაქოს სლავური უნივერსიტეტი მიიღებენ. სასწავლო მიმართულებები განათლებას, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სპეციალობებს მოიცავს.
შუა დერეფანზე გადაზიდვების გამარტივებას გეგმავენ
6 ოქტომბერი
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის მრჩეველმა, ემილ მამედოვმა, შუა დერეფნის სამხრეთ განშტოებაზე გადაზიდვების შემაფერხებელი ფაქტორების შესწავლა დაანონსა. ბაქოში გამართულ გერმანია–აზერბაიჯანის თანამშრომლობის კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება.
შესწავლა მოიცავს მარშრუტს, რომელიც ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანსა და საქართველოს უკავშირებს. შეფასების შედეგად გამოვლინდება გადაზიდვების დროს არსებული პრობლემები და განისაზღვრება მარშრუტის განვითარებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.
მამედოვმა ასევე ისაუბრა ერთობლივ საწარმოზე „Middle Corridor Multimodal“, რომელშიც ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ჩინეთი მონაწილეობენ. მისი განმარტებით, მომსახურების კოორდინაციისა და „ერთი ფანჯრის“ სისტემის მიზანია, ტვირთის მფლობელებს გადაზიდვების ორგანიზება გაუმარტივოს და საშუალება მისცეს, აკონტროლონ ტვირთის ადგილმდებარეობა და ტრანსპორტირების ეტაპი.
აზერბაიჯანმა ჩინურ DBN Group-თან აგროტექნოლოგიებში თანამშრომლობა განიხილა
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მეჯნუნ მამედოვის ხელმძღვანელობით ჩინეთში მყოფი დელეგაცია პეკინში აგროტექნოლოგიური კომპანია „DBN Tech Group“-ს ეწვია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
მამედოვმა კომპანიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის აგრარული სექტორის განვითარების გეგმები გააცნო, მათ შორის 2026-2030 წლების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა წარმოებისა და გადამუშავების განვითარებასა და უფრო პროდუქტიულ, კონკურენტუნარიან მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. მინისტრმა ამ მიზნების მისაღწევად ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა გამოყო და „DBN Tech Group“ აზერბაიჯანში ყოველწლიურ საერთაშორისო სასოფლო–სამეურნეო გამოფენაში „Caspian Agro“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
სომხეთის მარეგულირებელმა Huawei-სთან 5G-ის განვითარებისა და 6G-ის დანერგვის პერსპექტივები განიხილა
6 ოქტომბერი
6 ოქტომბერს სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურებების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, მესროპ მესროპიანი, ჩინური კომპანია „Huawei“-ს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში შედიოდნენ კომპანიის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი ჟაო ჰონგბო, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სტრატეგიის დირექტორი და სხვა ექსპერტები.
კომპანიის წარმომადგენლებმა 5G-ის განვითარებისა და 6G-ის დანერგვის საერთაშორისო ტენდენციები და შესაძლებლობები წარადგინეს. მხარეებმა სატელეკომუნიკაციო სექტორის ტექნოლოგიური განახლებისა და ახალი თაობის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები განიხილეს. კომისიის წარმომადგენლებმა დელეგაციას ამ მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები და პროგრამები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს მხარეები საერთო ინტერესის საკითხებზე პროფესიული დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ერევანში ჩინური სიმღერის მესამე საუნივერსიტეტო კონკურსი გაიმართა
8 ოქტომბერი
8 ოქტომბერს რუსულ–სომხურ უნივერსიტეტში ჩინური სიმღერის მესამე საუნივერსიტეტო კონკურსი გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის კონფუცის კლასისა და ვალერი ბრიუსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
კონკურსს ჩინეთის ელჩი ლი სინვეი და რუსულ–სომხური უნივერსიტეტის რექტორი ედვარდ სანდოიანი დაესწრნენ. ელჩის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობა ღრმავდება.
ფინალურ ეტაპზე სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 სტუდენტი მონაწილეობდა. პირველი და მეორე ადგილები კომიტასის სახელობის ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა, ლილიტ ხერუნცმა და ანი კაზარიანმა დაიკავეს, მესამე ადგილი კი რუსულ–სომხური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მილენა არაქელიანმა მოიპოვა. გამარჯვებულებს ჩინეთის საელჩოსგან პრიზები გადაეცათ.
ყირგიზეთმა ჩინეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის რეგიონულ მარშრუტებთან ინტეგრაცია განიხილა
8 ოქტომბერი
7-8 ოქტომბერს თურქმენბაშიში გამართულ რეგიონულ შეხვედრებზე ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის რკინიგზის სხვა სატრანსპორტო მარშრუტებთან დაკავშირებისა და რეგიონისთვის მისი ეკონომიკური სარგებლის საკითხები განიხილეს.
7 ოქტომბერს ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ასეინ ისაევმა, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაფართოება პრიორიტეტად დაასახელა. ყურადღება დაეთმო რკინიგზის რეგიონის ქვეყნების ინფრასტრუქტურასა და კასპიის ზღვის გავლით მოქმედ მარშრუტებთან დაკავშირებას, რამაც საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა უნდა გააუმჯობესოს.
8 ოქტომბერს სახელმწიფოთა მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაფაროვმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რკინიგზამ რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო სატრანსპორტო და საწარმოო კავშირებში ჩართვის დამატებითი შესაძლებლობები უნდა შექმნას. ჟაფაროვმა თანამშრომლობის პრაქტიკულ მიზნებად გადაზიდვების ხარჯებისა და ტრანსპორტირების დროის შემცირება დაასახელა და აღნიშნა, რომ რეგიონული სატრანსპორტო პროექტებიდან ეკონომიკური სარგებლის მიღება თითოეულ ქვეყანას უნდა შეეძლოს.




