ჩინეთმა პარგვაისა და ბელიზის მინისტრები ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გამო დაასანქცირა

ჩინეთმა პარაგვაის კომუნიკაციების მინისტრ, გუსტავო ვილატესა და ბელიზის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრენსის ფონსეკას ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გამო სანქციები დაუწესა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვით ახსნა. აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტაივანის საკითხის მნიშვნელობას ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში.

პარაგვაი და ბელიზი იმ 12 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ტაივანთან. სანქციების პაკეტი მოიცავს მინისტრების ჩინეთში არსებული ქონებისა და აქტივების გაყინვას, მათთვის ვიზების გაცემასა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, ასევე ჩინეთში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის მათთან საქმიანი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შეზღუდვას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სანქციებს ძირითადად სიმბოლური ხასიათი აქვს, ვინაიდან ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების მინისტრები ჩინეთში, როგორც წესი, არ მოგზაურობენ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ სანქცირებულ პირებს „პაიკები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ პეკინს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა: „ისინი სერიოზულად ერევიან ჩინეთის შიდა საქმეებში, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ჩინეთის კიბერშეტევების შესახებ და თავს ესხმიან და აკრიტიკებენ ჩინეთს, რაც ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს“

სანქციები ტაივანის ეროვნული დღის აღნიშვნიდან ორი დღის შემდეგ გამოცხადდა. დღესასწაულს გამოეხმაურა პარაგვაის კომუნიკაციების მინისტრი, გუსტავო ვილატე, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კვლავ ადასტურებს ტაივანთან მეგობრულ და თანამშრომლობით ურთიერთობებს. მისი თქმით, ეს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, ხალხთა თვითგამორკვევას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ეფუძნება.

პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია ტაივანს სამხრეთამერიკული ქვეყნისთვის „ფუნდამენტურ პარტნიორად“ მოიხსენიებს. მიმდინარე წლის დასაწყისში ის ტაიპეის ეწვია, სადაც მხარეებმა რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმებები ითვალისწინებდა თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების, კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების სფეროებში.

გასულ თვეში ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინ ჩია-ლუნგიც ეწვია ბელიზს. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. პეკინი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ტაივანზე კონტროლის დასამყარებლად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. თავის მხრივ, ტაივანის ხელისუფლება ჩინეთის პრეტენზიებს უარყოფს და კუნძულის თვითმმართველობას იცავს.

სანქციები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ჩინეთი დიპლომატიურ და ეკონომიკურ შეზღუდვებს ტაივანთან დაკავშირებული საკითხების საპასუხოდ. ამ გადაწყვეტილების ფონზე, პარაგვაისა და ბელიზის მიერ ტაივანთან ურთიერთობების შენარჩუნება, პეკინსა და ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობის წყაროდ რჩება.

Scroll to Top