საქართველო
საქართველოს ელჩი ჩინეთში ჩინეთ-აზიის ეკონომიკური განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდა
13 იანვარი
2026 წლის 13 იანვარს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთ-აზიის ეკონომიკური განვითარების ასოციაციის (CAEDA) პრეზიდენტთან, შუნჟი ცუანთან. შეხვედრის მიზანი საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების არსებული დინამიკა და იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება ასოციაციის ჩართულობით ახალი საინვესტიციო ინიციატივების მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე ჩინური ბიზნესწრეებისთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენაზე.
შუნჟი ცუანმა გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად შეუწყოს ხელი ჩინეთში საქართველოს ბაზრის ცნობადობის გაზრდას და მხარი დაუჭიროს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ჩინელ ინვესტორებს გააცნობს.
ჩინეთ-აზიის ეკონომიკური განვითარების ასოციაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ფუნქციონირებს და მისი მიზანია აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავება, ასევე მსხვილი განვითარების პროექტების მხარდაჭერა.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი და ჩინეთი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
13 იანვარი
13 იანვარს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR-მა და ჩინეთის China National Chemical Engineering Co. (CNCEC)-მა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა CNCEC-ის სათავო ოფისში გაიმართა და მას SOCAR Turkiye-ის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური ბიზნესერთეულის ხელმძღვანელი და Petkim-ის აღმასრულებელი დირექტორი კენან მირზაევი ესწრებოდა. მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის ენერგეტიკული სექტორის როლი საერთაშორისო ბაზრებზე და ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივები.
ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ CNCEC მზად არის გააფართოვოს თანამშრომლობა SOCAR-თან ენერგეტიკისა და ქიმიური ინჟინერიის მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთი საკვანძო ენერგეტიკული მოთამაშეა და SOCAR-ს მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია გლობალურ ნავთობის, გაზისა და პეტროქიმიურ ბაზრებზე.
კენან მირზაევმა აღნიშნა, რომ SOCAR საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას აქტიურად ახორციელებს და მიზნად ისახავს აზერბაიჯანის როლის გაძლიერებას რეგიონალურ ენერგეტიკულ და ნავთობქიმიურ ეკოსისტემაში. მისი თქმით, ინდუსტრიული ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროექტები შეიძლება გახდეს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი ინიციატივების პოტენციალზე, რომლებიც ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის ეკონომიკურ განვითარებას და ენერგეტიკული სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციას.
წყარო: Azernews
ბსუ-ს სტუდენტი ჩინეთიდან აზერბაიჯანული ენის მნიშვნელობაზე საუბრობს
16 იანვარი
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პროცესში მყოფმა ჩინელმა სტუდენტმა ჟუ ტიანსიუმ აზერბაიჯანული ენის შესწავლა „დიდ შესაძლებლობად“ შეაფასა, რომელმაც მისთვის ახალი კულტურული და საგანმანათლებლო ჰორიზონტები გახსნა.
ინტერვიუში სტუდენტმა ჟუ ტიანსიუმ ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანული ენის დაუფლების პირად და აკადემიურ უპირატესობებზე და აღნიშნა, რომ ენის შესწავლამ მას აზერბაიჯანის კულტურასთან, ტრადიციებთან და საზოგადოებასთან უფრო ღრმა კავშირი დაამყარებინა. მისი თქმით, ამ გამოცდილებამ გაამდიდრა მისი ცოდნა ქვეყნის შესახებ და გააძლიერა მოტივაცია, მომავალშიც გააგრძელოს აკადემიური და კულტურული კავშირები აზერბაიჯანთან.
აღნიშნული ინიციატივა ასახავს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის უფრო ფართო ტენდენციას, რომლის ფარგლებშიც სულ უფრო მეტი ჩინელი სტუდენტი ირჩევს აზერბაიჯანული ენის სწავლას კულტურული გაცვლისა და აკადემიური მობილობის პროგრამების ფარგლებში
წყარო: azertag.az
სომხეთი
სომხეთის ეროვნული ორკესტრი ჩინეთიდან ტურნეს შემდეგ დაბრუნდა
15 იანვარი
სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი, სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის ედუარდ ტოპჩიანის ხელმძღვანელობით, ჩინეთში გამართული საახალწლო ტურნიდან დაბრუნდა. ორკესტრმა 2025 წლის 27 დეკემბრიდან 2026 წლის 7 იანვრამდე ჩინეთში ცხრა კონცერტი გამართა.
ტურნის ფარგლებში ორკესტრი გამოვიდა ჩინეთის მნიშვნელოვან კულტურულ სცენებზე, მათ შორის ჩანშაში, ჟუჰაიში, ლიაოიანში, შენიანგში, ვუჰანში, ზიბოში, ბაოჯიში, ჩანშუსა და უსიში მდებარე საკონცერტო დარბაზებსა და დიდ თეატრებში. კონცერტებში სოლისტებად მონაწილეობდნენ ჩინელი კლარნეტისტი თიან შენ, სოპრანო უ ბისია და სომეხი ვიოლინისტი ანუშ ნიკოღოსიანი.
რკესტრის მთავარი პროდიუსერის, არმან პადარიანის განცხადებით, უკვე მესამე წელია, რაც სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი ჩინეთში მასშტაბურ ტურნეს მართავს. მისი თქმით, ორკესტრი ჩინურ აუდიტორიაში კარგადაა ცნობილი. კონცერტებს წინ უსწრებდა ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიები. პადარიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტურნეები ხელს უწყობს სომხეთსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას, რაც ჩინეთის კლასიკური მუსიკის გავრცელების სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.
სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის წინა მასშტაბური ტურნეები ჩინეთში 2019–2020 წლებში და 2023 წელს გაიმართა.
წყარო: Armenpress.am
ყაზახეთი
ყაზახეთმა და ჩინეთმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი
14 იანვარი
2026 წლის 13-14 იანვარს შანხაიში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის აქტობეს ოლქის ადმინისტრაციასა და ჩინურ კომპანიას Suzhou Hunan New Materials შორის ქრომის მადნების ღრმა გადამუშავების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება მიღწეულ იქნა აქტობეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, აბზალ აბდიქარიმოვის, და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგად, რომელიც ყაზახეთის შანხაიში მდებარე გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის დროს ჩინურმა კომპანიამ წარმოადგინა ქრომის მადნების ღრმა გადამუშავებაზე ორიენტირებული ორიეტაპიანი საინვესტიციო პროექტი. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს ქრომის კონცენტრატის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, რომლის საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება. მეორე ეტაპზე დაგეგმილია მეტალური ქრომის წარმოებაზე გადასვლა.
პროექტი შეფასდა როგორც ეკონომიკურად მნიშვნელოვანი და სრულად მიზანშეწონილი აქტობეს ოლქის ინდუსტრიული განვითარების პრიორიტეტებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ყაზახეთის მიზნებისთვის.
კომპანია Suzhou Hunan New Materials-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, პროექტის პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადავიდნენ და გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის სახელმწიფო და რეგიონულ ორგანოებთან.
Suzhou Hunan New Materials მეტალურგიულ ინდუსტრიაში მოქმედი საწარმოა, რომელიც ფეროქრომის დნობის სპეციალიზაციით გამოირჩევა. კომპანიის პროდუქცია ფართოდ გამოიყენება უჟანგავი და სპეციალური ფოლადის წარმოებაში.
წყარო: Gov.kz




