აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა გრძელდება

აშშ-ის მდივანმა თავდაცვის საკითხებში პიტ ჰეგსეთმა პარასკევს კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის „მტკიცე“ ერთგულება ფილიპინებთან დადებული თავდაცვის შეთანხმების მიმართ. ჰეგსეთმა პირობა დადო, რომ აშშ პარტნიორს მოწინავე შეიარაღებას მიაწვდის, რათა გაძლიერდეს ფილიპინების მედეგობა ჩინეთის „აგრესიის“ წინააღმდეგ.

ფილიპინების თავდაცვის მინისტრ გილბერტო თეოდოროსა და პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსთან შეხვედრისას, ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ძლიერ და მტკიცე თანამშრომლობას. ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე, ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება მშვიდობის შენარჩუნების მიმართ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. 

„შეკავების პოლიტიკა აუცილებელია მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით ამ რეგიონში, თქვენს ქვეყანაში, კომუნისტური ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით,“ — განაცხადა ჰეგსეთმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ომს არ ესწრაფვის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპი მშვიდობისმყოფელად მოიხსენია.

პასუხად ჩინეთმა უარყო ბრალდებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სანავიგაციო და საჰაერო სივრცის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს „იდეოლოგიური დაპირისპირების წაქეზება“ და „არეულობის თესვა“ რეგიონში.

ჰეგსეთის ვიზიტი ფილიპინებში აზიური ტურნეს ფარგლებში მისი პირველი გაჩერებაა. ვიზიტისას ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ ფილიპინებს დამატებით სამხედრო ტექნიკას მიაწვდის, მათ შორის, NMESIS-ის ტიპის სარაკეტო სისტემას და უპილოტო საზღვაო აპარატებს. ქვეყნებმა ასევე მოილაპარაკეს სპეციალური ძალების ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ფილიპინების ჩრდილოეთით ბატანესის კუნძულებზე, რომელიც ტაივანს ესაზღვრება.

აშშ-ს ტაივანთან ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის მთავარი სამხედრო მხარდამჭერია, რაც განპირობებულია “ტაივანთან ურთიერთობების აქტით”. ეს კანონმდებლობა აშშ-ს ავალდებულებს, ტაივანს თავდაცვისთვის საჭირო იარაღი მიაწოდოს, თუმცა არ განსაზღვრავს, ვალდებულია თუ არა ვაშინგტონი სამხედრო ჩარევაზე ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში — ეს პოლიტიკა ცნობილია, როგორც “სტრატეგიული გაურკვევლობა.”

მარტის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კითხვაზე, დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, უპასუხა: „ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი. მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ნათლად ვაფიქსირებდით ჩვენს პოლიტიკას – ექვსი გარანტიით, ტაივანთან ურთიერთობების აქტით – რომ წინააღმდეგნი ვართ ტაივანის სტატუსის ცვლილების, იქნება ეს ძალის, მუქარის თუ იძულების გზით, და ეს ჩვენს პოლიტიკად რჩება.“

Scroll to Top