ახალი გამოწვევა ჩინეთისთვის: პანამის არხის დაბრუნების შესახებ ტრამპის გეგმა

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციისას წარმოთქმულ სიტყვაში საგარეო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ პანამის არხი აშშ-ს დაუბრუნდება.

თავის გამოსვლაში ტრამპმა აღნიშნა, რომ პანამის არხი 1900-იან წლებში სწორედ აშშ-მ ააშენა, საბოლოოდ კი 1977 წელს ის პანამას გადაეცა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არხის ნეიტრალიტეტს უზრუნველყოფდა, თუმცა ეს იყო „სულელური საჩუქარი“ და ეს გადაწყვეტილება არასდროს უნდა მიეღოთ.

ტრამპმა პანამა დაადანაშაულა იმაში, რომ 1999 წელს დაარღვია სტრატეგიული წყლის გზის საბოლოო გადაცემის შესახებ დაპირება. ამასთან, აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, პანამამ არხის ექსპლუატაცია მთლიანად ჩინეთს გადააბარა. „უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი მართავს პანამის არხს. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ჩვენ არხი პანამას გადავეცით და ახლა უკან ვიბრუნებთ“,- განაცხადა ტრამპმა.

პანამის არხი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტია. გლობალური საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით 5% გადის 51 მილის სიგრძის პანამის არხზე. ასევე, პანამის არხის წყალობით, აშშ-ს ყველა საკონტეინერო გემის დაახლოებით 40% გადის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების წყლებში. შესაბამისად, მას აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ტრამპმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკულ გემებს, მათ შორის, აშშ-ს საზღვაო ფლოტსაც, უკიდურესად მაღალი გადასახადების გადახდა უწევთ და ყველა ფორმით უსამართლო ქცევის მსხვერპლნი არიან.

გასულ კვირას მარკო რუბიომ, რომელიც 21 იანვარს სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა, განაცხადა, რომ ტრამპის შეშფოთება ამ საკითხით ძალიან ლეგიტიმური იყო, რადგან პანამის არხის ორივე ბოლოს სწორედ ჩინური კომპანიები აკონტროლებენ და თუ რამე კონფლიქტი წარმოიშვება, ჩინელებს მარტივად შეეძლებათ პანამის არხის დახურვა მოითხოვონ და ამერიკას მასზე გასვლის უფლება არ მისცენ. ეს კი როგორც ეკონომიკური, ისე ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა.

ჰონგ კონგის კომპანია, Hutchison Whampoa ორ პორტს ხელმძღვანელობს- ბალბოას პორტი, რომელიც წყნარი ოკეანის მხარეს ოპერირებს, ხოლო კრისტობალის პორტი ატლანტის ოკეანის ნაწილზე მუშაობს.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო, რომელმაც ბრალდება მთლიანად უარყო. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მულინო ისტორიულ ნარატივებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 1977 წლის შეთანხმებით, არხის კონტროლის პანამისთვის გადაცემა საჩუქარი კი არა, თაობათა ბრძოლის შედეგი იყო, რომელმაც კულმინაციას სწორედ 1999 წელს მიაღწია. მან ასევე აღნიშნა: „მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ერი, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციაში ერევა“. მან პირობა დადო, რომ ტრამპი თავისი გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებს და ძირითადი სავაჭრო გზა არის და დარჩება პანამის ხელში.

Scroll to Top