ჩინეთში ხელისუფლებამ 2026 წლის 24 იანვარს ორი უმაღლესი რანგის სამხედრო ლიდერი თანამდებობიდან მოხსნა. საუბარია ცენტრალური სამხედრო კომისიის (CMC) წევრ გენერლებზე – ჟან იოუსიასა და ლიუ ჟენლიზე, რომლებიც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის უმაღლეს რგოლში გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ.
ჟან იოუსია CMC-ის ვიცე-თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და არმიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. იგი წლების განმავლობაში პრეზიდენტ სი ძინპინის ახლო თანამოაზრედ განიხილებოდა და სამხედრო რეფორმებისა და არმიის მოდერნიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი მონაწილეობა ჰქონდა.
ლიუ ჟენლი კი CMC-ის გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა და პასუხისმგებელი იყო სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და არმიის საბრძოლო მზადყოფნაზე.
ოფიციალური ვერსიით, გენერლები „სერიოზული დისციპლინური დარღვევების“ გამო გადააყენეს და მათ წინააღმდეგ საგამოძიებო პროცედურებია დაწყებული. თუმცა ჩინეთის ხელისუფლებას ბრალდებების შინაარსი დეტალურად არ დაუზუსტებია. ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება, არიან თუ არა გენერლები დაკავებულნი, თუმცა ისინი საჯარო სივრციდან სრულად გაქრნენ.
ამასთან, The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რასაც The Straits Times ციტირებს, ჟან იოუსია ეჭვმიტანილია, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია გადასცა, ასევე ბრალდება ეხება ქრთამის აღებას ოფიციალური გადაწყვეტილებების სანაცვლოდ, მათ შორის სამხედრო დაწინაურებების ხელშეწყობას. აღნიშნული ცნობები ეფუძნება პეკინში გამართულ შიდა ბრიფინგზე ინფორმირებულ წყაროებს. ჩინეთის ხელისუფლებას აღნიშნული ბრალდებები საჯაროდ არ დაუდასტურებია.
ბოლო განახლება 26 იანვარს გავრცელდა, როდესაც სახელმწიფო მედიისა და საერთაშორისო გამოცემების ცნობით, პეკინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არმიაში „პარტიული დისციპლინისა და პოლიტიკური სიწმინდის“ მნიშვნელობას.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მოხსნილ გენერლებს და როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ჩინეთის სამხედრო სტრუქტურასა და მმართველობის სისტემაზე.




