ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (12-18 ოქტომბერი)

საქართველო

საქართველოს ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირება სურს

12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს საქართველო–უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის ახალ სატრანსპორტო მარშრუტთან საქართველოს დაკავშირების ინტერესი გამოხატა. მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეგიონის ქვეყნების ევროპულ და სხვა ბაზრებთან დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულება.

ქვრივიშვილმა ამ მიზანს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება დაუკავშირა. მინისტრის თქმით, რკინიგზის მოდერნიზაციით ტვირთების წლიური გამტარუნარიანობა 2029 წლამდე 15 მილიონიდან 29 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. სხდომაზე განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაც შუა დერეფანში ჩართული ქვეყნებისთვის.

გუანჯოუში საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ორგანიზებით ორმხრივი ბიზნესფორუმი გაიმართა. პალატის ცნობით, ღონისძიებაში 200-ზე მეტი ქართული და ჩინური კომპანია მონაწილეობდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, და ჩინეთში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ.

ფორუმზე კომპანიებს შორის პირისპირ საქმიანი შეხვედრები მოეწყო, რომლებზეც პოტენციურ პარტნიორებს თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა შეეძლოთ. ვიზიტის ფარგლებში ქართული ბიზნესდელეგაცია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაში, „Canton Fair“-შიც მონაწილეობდა. პალატის განცხადებით, ღონისძიებები ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას ემსახურებოდა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებში იუანის წილს ზრდის

16 ოქტომბერი

16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, პან გონშენგს, შეხვდნენ. შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ფინანსური თანამშრომლობა, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობა და კაპიტალის ბაზრების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

თურნავას განცხადებით, სებ–ი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას განაგრძობს, რეზერვებში იუანის წილი ეტაპობრივად იზრდება და ბანკი ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობა ეფუძნება 2025 წლის მარტში გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებებს მოიცავს.

აზერბაიჯანი

 

სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს პეკინში აზერბაიჯანისა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ტექნოლოგიების გადაცემას, მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და აგროპროდუქციით ვაჭრობის გაფართოებას ითვალისწინებს.

შეთანხმება მოიცავს სოფლის მეურნეობის გაციფრულებას, აგროდაზღვევის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ კვლევებსაც. გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმის მომზადება და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეთანხმებული ღონისძიებების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს. შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ ჩინურ კომპანიებს ქვეყნის აგრარულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობების შესწავლა შესთავაზა.

ვან იმ ალიევთან და ბაირამოვთან თანამშრომლობის გაფართოება განიხილა

14 ოქტომბერი

14 ოქტომბერს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. მხარეებმა შუა დერეფნის განვითარებაზე, განახლებად ენერგეტიკასა და აზერბაიჯანში ჩინური კომპანიების საინვესტიციო საქმიანობაზე იმსჯელეს. ალიევმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ვან იმ კი აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა.

15 ოქტომბერს ვან იმ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელოვნურ ინტელექტსა და კულტურაში თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრებმა შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების საკითხიც განიხილეს.

ჩინურმა კომპანიებმა აზერბაიჯანის აგრარულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სეიმურ საფარლის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ჩინურ ბიზნესდელეგაციასთან აგრარულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს.

მოლაპარაკებები შეეხო თანამედროვე სათბურების მოწყობას, მეცხოველეობასა და მეფრინველეობას, პროდუქციის გადამუშავებას, სამაცივრე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხარეებმა აზერბაიჯანული აგროპროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებაზეც იმსჯელეს. სამინისტროს ცნობით, განიხილეს პოტენციური ინვესტორების ადგილობრივ პარტნიორებთან დაკავშირება და თანამშრომლობისთვის კონკრეტული პროექტების შერჩევა.

ჩინეთმა ბაქოს CICA-ს სამიტზე თანამშრომლობის ოთხი მიმართულება წარადგინა

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა კონფერენციის (CICA) მეშვიდე სამიტში მიიღო მონაწილეობა. ის ღონისძიებაზე ჩინეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით გამოვიდა.

ვან იმ თანამშრომლობის ოთხი პრიორიტეტი დაასახელა, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა, ეკონომიკური განვითარება, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავება და გლობალური მმართველობის გაუმჯობესება. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სტაბილურ მუშაობაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობასა და ენერგორესურსებისა და სურსათის მიწოდების უსაფრთხოებაზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის სხვადასხვა ქვეყნის განვითარების გეგმებთან დაკავშირებას. სამიტის მონაწილეებმა ბაქოს დეკლარაცია მიიღეს.

სომხეთი

სომხეთისა და ჩინეთის მინისტრებმა გარემოსდაცვითი თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს

16 ოქტომბერი

16 ოქტომბერს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ჰამბარძუმ მათევოსიანი, ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ჰუან ჟუნციუს, შეხვდა. მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებსა და გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციის, COP17-ის, პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

განხილვის მთავარი საკითხები კუნმინ–მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს შესრულების პროგრესის შეფასება და 2030 წლისთვის განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება იყო. შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ცნობაში თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები ან ახალი შეთანხმების გაფორმება დასახელებული არ არის.

ჩინეთმა ერევნის სამიტზე ბიომრავალფეროვნების დაცვის სამი პრიორიტეტი წარადგინა

16 ოქტომბერი

16 ოქტომბერს ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ჰუან ჟუნციუმ, საერთაშორისო საზოგადოებას ბუნების დაცვის გლობალური მიზნების შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კუნმინ–მონრეალის ჩარჩოს განხორციელების ვადის ნახევარზე მეტი გასულია და მოქმედებების დაჩქარებაა საჭირო. მინისტრმა პრიორიტეტებად გლობალური მიზნების ეროვნულ პოლიტიკაში ასახვა, განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა და სახელმწიფოს, ბიზნესისა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება დაასახელა. მან ამ მიმართულებებით პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის ჩინეთის მზადყოფნაც გამოხატა.

Scroll to Top