ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში.(26 ოქტომბერი-1 ნოემბერი)

საქართველო

საქართველო და ჩინეთი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ

28 ოქტომბერი

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დაი ჩუნიონგს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იყო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებზე როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მიმდინარე დინამიკას, ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტების მნიშვნელობას, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნებასა და ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხები ასახავს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესს, გააგრძელონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველო და ჩინეთი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას აძლიერებენ

29 ოქტომბერი

2026 წლის 29 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და საექსპორტო შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის მრეწველობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგაციას ინსტიტუტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ფენგ ხაო ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირების არსებული მდგომარეობა, პროდუქციის გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და მისი პოპულარიზაციისთვის ახალი მიდგომების შემუშავებას.

დისკუსიის შედეგად მხარეებმა განსაზღვრეს ქართული ღვინის პოპულარიზაციის განახლებული სამოქმედო გეგმა და შეთანხმდნენ ერთობლივი საქმიანობის კოორდინირებულად გაგრძელებაზე.

აღნიშნული თანამშრომლობა ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.

საქართველომ და ჩინეთმა სარკინიგზო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

26 ოქტომბერი

2026 წლის 26 ოქტომბერს ჩინეთში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე ჩინეთის ეროვნული რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩინურ დელეგაციას ადმინისტრაციის გენერალური დირექტორის მოადგილე კაო ხუნგი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობა და ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარების საკითხები იყო.მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე.

შეხვედრის შედეგად მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების ან სამომავლო პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სომხეთი

სომხეთი და ჩინეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ

26 ოქტომბერი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, არმან ხოჯოიანმა, და ჩინეთის ქალაქ შიძიაჯუანის მერის აღმასრულებელმა მოადგილემ, ლიუ ძიუნჯიმ, ერევანში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე.

ხოჯოიანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი სომხური პროდუქციით ინტერესდება და სომხეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაძლიერებას. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე.

სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ–აგვისტოში სომხეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 31%-ით გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ექსპორტი 81,3%-ით გაიზარდა და 780,6 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 13,5%-ით გაიზარდა და 1,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთი სომხეთის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია რუსეთის შემდეგ.

ყაზახეთი

ყაზახეთმა და ჩინეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს

27 ოქტომბერი

ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერი ნურლიბეკ ნალიბაევი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი ერლან აკკენჟენოვი, ჩინეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კორპორაციის (CNPC) ხელმძღვანელი ჯოუ სინჰუაი და ორივე ქვეყნის ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ნავთობის მიწოდების ზრდაზე, მილსადენების გამტარუნარიანობის გაფართოებაზე, გაზის სექტორში თანამშრომლობასა და შიმკენტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრეების გაზრდაზე. ყურადღება დაეთმო გეოლოგიურ კვლევებს, ნავთობქიმიურ პროექტებსა და ენერგეტიკის ახალ მიმართულებებსაც. ასევე განიხილეს არსებული კონტრაქტების გახანგრძლივებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნალიბაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია შეთანხმებული პროექტების დაჩქარება და ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება.

 

ყაზახეთი და ჩინეთი ხორგოსის სასაზღვრო ცენტრში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

27 ოქტომბერი

ყაზახეთმა სამართლებრივი აქტების საჯარო პორტალზე გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც ჩინეთთან ხორგოსის საერთაშორისო სასაზღვრო თანამშრომლობის ცენტრში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი 2026 წლის 7 სექტემბერს პეკინში მოეწერა.

შეთანხმების მიხედვით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებით. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ძებნილი პირების დაკავებას, ინფორმაციის გაცვლასა და საგანგებო სიტუაციებზე ერთობლივ რეაგირებას. დოკუმენტი ასევე  განსაზღვრავს სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთდახმარების, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისა და დაკავებულ პირებთან დაკავშირებულ პროცედურებს

შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს დაასრულებს და შესაბამის დიპლომატიურ შეტყობინებებს გაცვლის. ძალაში შესვლის ვადა შეტყობინებების გაცვლიდან 30 დღეა.

აზერბაიჯანი

ჩინეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა ბაქოში საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

29 ოქტომბერი

2026 წლის 29 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული სამიტი PATA Hosted Buyers Summit Baku 2026, რომელშიც ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს შორის ტურისტული და ბიზნესკავშირების გაღრმავება იყო.

სამიტი აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს, აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროსა (ATB) და აზია-წყნარი ოკეანის ტურისტული ასოციაციის (PATA) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 50-ზე მეტი ტურისტული სექტორის პროფესიონალი ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან და სინგაპურიდან.

სამიტის ერთ-ერთი მონაწილე იყო ჩინური ტურისტული კომპანიის, Chongqing Holiday International Travel Service Co., Ltd.-ის გენერალური მენეჯერი ჟუჯია იანგი (Zhujia Yang), რომელმაც აზერბაიჯანის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ჩინელი მოგზაურებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის აზერბაიჯანთან უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები ურუმჩიდან და პეკინიდან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა შანხაის მიმართულებით მოსალოდნელ ავიამიმოსვლაზე.

Scroll to Top