საქართველო
საქართველოს ელჩი Phoenix New Media Finance-ის ტელეწამყვანს შეხვდა
17 დეკემბერი
2025 წლის 16 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა „Phoenix New Media Finance“-ის ტელეწამყვან ლიუ მეისისთან. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურისტული და კულტურული ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზე გაკეთდა აქცენტი.
„Phoenix New Media“ წარმოადგენს „Phoenix Media Group“-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ციფრულ მედია პლატფორმას და აფილირებულია ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან ტელემაუწყებელ „Phoenix TV“-სთან. აღნიშნული საინფორმაციო წყაროები დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ჩინეთის შიდა ბაზარზე ტურისტებისთვის სასურველ სახელმწიფოდ არის წარმოჩენილი. შეხვედრა საკუთარ თავში დიდ ეკონომიკურ ინტერესსაც ატარებს: საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი ჩინური პროდუქციის რეალიზაციის სივრცეა, განსაკუთრებით 2024–2025 წლებში, როდესაც საქართველოს სატვირთო გადაზიდვები 49%-ით გაიზარდა, რომლის მნიშვნელოვანი წილი ჩინეთზე მოდიოდა. ამ პროცესზე გავლენა ისეთმა კომერციულმა პლატფორმამაც მოახდინა, როგორიცაა Temu.
ლოგისტიკური თანამშრომლობის ფონზე საქართველოს სურს ჩინეთთან თანამშრომლობა ტურიზმის სექტორშიც გააფართოვოს. საქართველოს საავიაციო ბაზარი ამ ეტაპზე ევროპულ და თურქულ ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული, ხოლო ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გამარტივება აღმოსავლეთის მიმართულებიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ელჩის შეხვედრაზე სწორედ ამ იდეის პოპულარიზაციაზე გაკეთდა აქცენტი.
აზერბაიჯანი
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის ანჰუის უნივერსიტეტს შორის ორმაგი ხარისხის პროგრამის შესახებ შეთახნმება გაფორმდა
16 დეკემბერი
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა (BSU) და ჩინეთის ანჰუის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება ორმაგი სამაგისტრო ხარისხის პროგრამების განხორციელების შესახებ ტექნოლოგიების, მათ შორის მიკრო და ნანოელექტრონიკის მიმართულებებით. დეკლარირებულ მიზანს ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება წარმოადგენდა.
ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი სპეციალობის მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ როგორც ბაქოს სახელმწიფო, ისე ანჰუის უნივერსიტეტში. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ელჩინ ბაბაევმა, აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა გააფართოებს BSU-ს სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილებასა და სამეცნიერო მიღწევებს მასშტაბურს გახდის. თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კვლევითი სფეროების დაახლოებას მოიაზრებს. თავის მხრივ, ანჰუის უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, იუ ბაოტაომ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ჩინურ და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ჩინეთის მოდერნიზაციის ეროვნული აკადემიის დელეგაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
17 დეკემბერი
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (BSU) ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის (CASS) დაქვემდებარებაში არსებული ჩინეთის მოდერნიზაციის ეროვნული აკადემიის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, სამეცნიერო კვლევებს, საგანმანათლებლო საქმიანობასა და საერთაშორისო ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ამჟამად ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს 78 საბაკალავრო პროგრამა, 243 სამაგისტრო და 131 სადოქტორო პროგრამა. უნივერსიტეტში, სადაც 25 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, ფუნქციონირებს 120 დეპარტამენტი, 2 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 22 კვლევითი ლაბორატორია და 5 კვლევითი ცენტრი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და ახორციელებს ორმაგი ხარისხის პროგრამებს. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე გამოხატა ინტერესი ჩინეთის სამეცნიერო ინსტიტუტებთან სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის მიმართ.
თავის მხრივ, ჩინეთის დელეგაციამ წარმოადგინა ინფორმაცია ჩინეთის მოდერნიზაციის ეროვნული აკადემიის საქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ აკადემია ატარებს კვლევებს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აქცენტს აკეთებს მოდერნიზაციის ჩინურ მოდელზე, ასევე სხვა ქვეყნებთან შედარებით ანალიზზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორ ინსტიტუტს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანჰუის აგრარულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
17 დეკემბერი
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა (BSU) და ჩინეთის ანჰუის აგრარულ უნივერსიტეტს (AAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ელჩინ ბაბაევმა და ანჰუის აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ცაო ჰაიციუნმა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. ასევე მხარეებმა განიხილეს აკადემიური თანამშრომლობის საკითხები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ კვლევით პროექტებს, ლექტორებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, დიდი აქცენტი გაკეთდა სემინარებისა და კონფერენციების ჩატარებაზე ორ პარტნიორ სახელწმიფოს შორის.
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩინეთში აზერბაიჯანული კულტურის დღე გამართა
17 დეკემბერი
ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში, ანჰუის აგრარულ უნივერსიტეტში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) ორგანიზებით აზერბაიჯანული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ელჩინ ბაბაევმა, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი ნდობა და მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების ფართო შესაძლებლობებს ქმნის.
ღონისძიებას, რომლის მიზანიც აზერბაიჯანული კულტურის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სფეროში აზერბაიჯან-ჩინეთის კავშირების განმტკიცება იყო, ბაქოსა და ანჰუის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, აზერბაიჯანელი, ჩინელი და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატურგიის თეატრი ჩინეთის ეროვნულ თეატრთან თანამშრომლობას აფართოებს
18 დეკემბერი
აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატურგიული თეატრის დირექტორი ილჰამ ასკეროვი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ეროვნული თეატრის პრეზიდენტს, ტიან ცინსინის შეხვდა, რომელმაც დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის ეროვნული დრამატურგიული თეატრის ინიციატივა ეთანამშრომლა ჩინეთის განსუსა და შანდუნის პროვინციების თეატრებთან. სამომავლო ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა პეკინში აზერბაიჯანული თეატრის ისტორიის, ხოლო აზერბაიჯანში ჩინური თეატრის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენების მოწყობა.
ასევე აქცენტი გაკეთდა ტექნოლოგიურ დახმარებაზე და, მათ შორის, პროფესიონალი რეჟისორების ურთიერთგაცვლის თაობაზე. ილჰამ ასკეროვმა აღნიშნა, რომ თეატრს უკვე გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები ისეთ წამყვან ინსტიტუტებთან, როგორიცაა ალექსანდრინსკის თეატრი (რუსეთი), იანკა კუპალას სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრი (ბელარუსი), შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი (საქართველო), ასევე უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეროვნული თეატრები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას, რაც გლობალიზაციის პირობებში ტრადიციის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, განიხილეს აზერბაიჯანის ეროვნულ თეატრში ტიან ცინსინის ერთ-ერთი პიესის დადგმის საკითხი. ასევე, ცნობილი ჩინელი დრამატურგის, შუ განგ ლიუს, პიესა „მიცვალებული სტუმრობს ცოცხლებს“ უკვე ითარგმნა თეატრის დაკვეთით და შეტანილია 2026 წლის რეპერტუარში.
შეხვედრა დასრულდა გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ორ თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2026 წლის ივნისში, ბაქოში მოეწერება.
ჩინელმა ექსპერტებმა ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს
21 დეკემბერი
ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტს (BEU) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფუდანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა იე სულიმ და ბიოსამედიცინო დარგის სპეციალისტმა ჰე ნანმა სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს.
ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტის “SABAH”-ის პროგრამის სტუდენტებისთვის გამართულ სესიაზე იე სულიმ ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებული უახლესი მიღწევები მიმოიხილა. ტრენინგზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მომავლის შრომის ბაზარს აყალიბებს.
თავის მხრივ, ექსპერტმა ჰე ნანმა ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მიდგომებზე ისაუბრა. ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტსა და ჩინეთის ფუდანის უნივერსიტეტს (მათ შორის, ამავე უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტებს) შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი საქმიანობის გაფართოებას მეცნიერების, განათლების, კვლევებისა და კადრების მომზადების მიმართულებით.
სომხეთი
კლასიკური ლიტერატურა სომხურიდან ჩინურ ენაზე და ჩინურიდან სომხურ ენაზე ითარგმნება
15 დეკემბერი
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, დანიელ დანიელიანმა, წიგნის მაღაზია „არევიკში“ ჩინური ლიტერატურის ახალი სომხური თარგმანების სერია წარადგინა.
წიგნების სომხურად და ჩინურად თარგმნის ინიციატივა გამომდინარეობს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული ბეჭდვისა და გამოცემის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმიდან. შეთანხმება კლასიკური ლიტერატურის ორმხრივ თარგმნასა და გავრცელებას ითვალისწინებს. პროგრამა მიზნად ისახავს სომეხი და ჩინელი ხალხების ურთიერთაღქმის გაღრმავებას და კულტურათშორისი კვლევის წახალისებას.
სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კონფუცის ინსტიტუტი და სომხურ-ჩინური მეგობრობის სკოლა თანამშრომლობას იწყებენ
17 დეკემბერი
სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, კონფუცის ინსტიტუტი და სომხურ-ჩინური მეგობრობის სკოლა სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, გოჰარ ისკანდარიანმა განაცხადა, რომ ინსტიტუტებს შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს ინტეგრირებული „საგანმანათლებლო ჯაჭვის“ შექმნას – დაწყებითი განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევითი სისტემების დაკავშირებას.
ჩინეთსა და სომხეთს შორის აკადემიური კავშირების გაფართოება ასახავს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ უფრო ფართო ცვლილებას – გაძლიერებულ პოლიტიკურ დიალოგსა და პრაგმატულ თანამშრომლობას. ისკანდარიანმა ხაზი გაუსვა ინსტიტუტის გაღრმავებულ პარტნიორობას ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიასთან.
ერევანში სომხეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
17 დეკემბერი
გასულ კვირას, ერევანში გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ჩინეთსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება: დიალოგი მმართველობის გამოცდილების გაცვლაზე“. კონფერენციაზე მონაწილეობდნენ დიპლომატები, აკადემიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები.
კონფერენციის ფარგლებში, მომხსენებლის რანგში, ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გიურჯინიანმა, ხაზი გაუსვა 2025 წელს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ თანამშრომლობის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ მმართველობის სფეროში გამოცდილების გაცვლა აუცილებელია ქვეყნების მდგრადი განვითარების დაჩქარებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ აკადემიური თანამშრომლობა, რომლის მაგალითიცაა შანხაის უნივერსიტეტებთან სტუდენტების გაცვლა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩინეთის გლობალური ინიციატივების ლოკალიზაციაში.
კონფერენციაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა სომხეთის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის რექტორი, ხაჩატურ ღაზეიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში ჩინეთის ლიდერობა გვთავაზობს მდიდარ გამოცდილებას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს სომხეთის ინსტიტუციური შესაძლებლობები. მან განაცხადა, რომ ჩინეთის ადმინისტრაციული წარმატებების შესწავლა და იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთში მმართველობის კულტურის მოდერნიზაციისთვის.
თავის მხრივ, ჩინეთში სომხეთის ელჩმა, ვაჰე გევორგიანმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ჩარჩოში გაწერილია ურთიერთმხარდაჭერა ჩინეთის „სარტყელი და გზა“ ინიციატივისა და სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის მიმართ. გევორგიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი არ არის მხოლოდ იარლიყი, არამედ ის წარმოადგენს კონსენსუსს საერთო პრინციპებთან დაკავშირებით და ერთიან ხედვას მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ამდენად, ელჩის აზრით, შექმნილია სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც უპრეცედენტოა სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობების ისტორიაში.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი განცხადება სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის სამ დონეს განსაზღვრავს: ორმხრივი, რეგიონალური და საერთაშორისო. მისი თქმით, დოკუმენტში ასევე დიდი ყურადღება ექცევა რეგიონულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO). აღსანიშნავია, რომ სომხეთს აქვს მჭიდრო ურთიერთობა SCO-სთან და მან ოფიციალური განაცხადიც შეიტანა ორგანიზაციის წევრობისთვის.
გევორგიანმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ორი ფაქტორით ახსნა: სომხეთის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია და ჩინეთის მზარდი როლი გლობალურ პოლიტიკაში. მან განაცხადა, რომ ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარება ხელსაყრელია ინფრასტრუქტურის განვითარების, აკადემიური კვლევის და „ანალიტიკური ცენტრების“ დონეზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
სომხეთ-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საერთაშორისო ფორუმზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა სომხეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ლი სივნეი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებმა “ახალ საწყის წერტილს” მიაღწია.
თავის გამოსვლაში, ელჩმა ყურადღება გაამახვილა „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ მოდელზე, რომელმაც, მისი თქმით, წარმატებით გამოიყვანა 800 მილიონი ადამიანი სიღარიბიდან და გაეროს განვითარების მიზნები ათი წლით ადრე შეასრულა. მან ჩინეთი ღია გლობალურ პარტნიორად წარმოადგინა და აქცენტი გააკეთა „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმად გარდაქმნაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის გლობალური მმართველობის საკითხებში თანხვედრას. მან აღნიშნა, რომ ჩინეთი მიესალმება სომხეთის მონაწილეობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ახლადშექმნილ „გლობალური მმართველობის მეგობრების ჯგუფში“. ლი სინვეიმ განაცხადა, რომ სომხეთი და ჩინეთი ბუნებრივი პარტნიორები არიან მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მზადყოფნა, სომხეთს გაუზიაროს საკუთარი მმართველობის გამოცდილება და მტკიცე რწმენა გამოთქვა სომხეთ-ჩინეთის პარტნიორობის „ნათელი მომავლის“ მიმართ.
სომხეთში ჩინეთის საელჩოში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
19 დეკემბერი
ჩინეთის საელჩომ სომხეთში ცოტა ხნის წინ ჩინური ენის სწავლებისა და შესწავლის გრანტის მერვე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გამართა. საელჩოს მიერ ორგანიზებულმა პროგრამამ სხვადასხვა სომხური უნივერსიტეტისა და სკოლის დაახლოებით 50 მასწავლებელი და სტუდენტი დააჯილდოვა ჩინური ენის შესწავლისა და სწავლებისადმი მათი ერთგულებისთვის.
ჩინეთის ელჩმა ლი სინვეიმ ღონისძიება ორ ერს შორის მეგობრობის გაძლიერების დასტურად შეაფასა სომეხ ახალგაზრდებში ჩინური ენისადმი ინტერესის შთამბეჭდავი ზრდა. მან ეს საგანმანათლებლო კავშირები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ჩინეთში ვიზიტის დროს დამყარებულ „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმებასთან დააკავშირა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო დროს პრეზიდენტ სი ძინპინთან მაღალი დონის შეხვედრებმა და ხელმოწერილმა მემორანდუმებმა ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა არკადი პაპოიანმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერების მიმართულებით გაწეული უწყვეტი ძალისხმევისთვის. მან აღნიშნა, რომ განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ხალხს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობასა და მდგრადი კავშირების დამყარებაში. პაპოიანმა განსაკუთრებით აღნიშნა ბოლო წლებში სომხეთში ჩინური ენის სწავლების სფეროში მიღწეული „ხელშესახები პროგრესი“, ენობრივი თანამშრომლობა კი საერთო ღირებულებებისა და ისტორიის ფუნდამენტურ ხიდად დაასახელა.
უზბეკეთი
ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის პროექტის შესახებ სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
17 დეკემბერი
ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის დაფინანსების შესახებ სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა სამი ქვეყნის მიერ დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს „China-Kyrgyzstan-Uzbekistan Railway Company LLC“-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბანკების გაერთიანებას შორის, რომელშიც შედიან ჩინეთის განვითარების ბანკი (CDB) და ჩინეთის ექსიმბანკი (China Eximbank). პროექტი ჩინეთისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან დღეს ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების დიდი ნაწილი „ჩრდილოეთის დერეფნით“ (რუსეთის გავლით) გადის. უკრაინაში მიმდინარე ომისა და სანქციების ფონზე ჩინეთს სჭირდება უსაფრთხო და სტაბილური ალტერნატივა. ეს რკინიგზა არის „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) სამხრეთული განშტოება, რომელიც ჩინეთს ევროპასთან და ახლო აღმოსავლეთთან დააკავშირებს რუსეთის ჩაურევლად. ეს მარშრუტი ჩინეთიდან ევროპამდე მანძილს დაახლოებით 900 კილომეტრით, ხოლო დროს 7–8 დღით ამცირებს.
პროექტის საერთო ღირებულება 4,7 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. დაახლოებით 2,3 მილიარდ დოლარს ჩინური მხარე გასცემს 35-წლიანი სესხის სახით ერთობლივ საწარმოზე. სესხის დაფარვას უშუალოდ კომპანია უზრუნველყოფს. ათწლეულების განმავლობაში ჩინური ბანკები მიიღებენ საპროცენტო სარგებელს, რაც პროექტს ჩინეთისთვის და მისი ბაზრისთვის პრიორიტეტულს ხდის. ხშირად ასეთი სესხების პირობაა, რომ მშენებლობაზე ჩინური კომპანიები და მასალები იქნას გამოყენებული, რაც ფულს კვლავ ჩინურ ეკონომიკაში აბრუნებს.
ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტია, ვინაიდან დაგეგმილია 50 ხიდისა და 29 გვირაბის მშენებლობა, რომელთა საერთო სიგრძე 120 კმ-ია. მარშრუტის დაახლოებით 40%-ს სწორედ ხიდები და გვირაბები შეადგენს, ხოლო რკინიგზის საერთო სიგრძე ყირგიზეთის ტერიტორიაზე 304 კილომეტრი იქნება.
რკინიგზის მშენებლობა სამი ქვეყნის მხარდაჭერით გადაწყდა 2024 წლის 27 დეკემბერს. მაშინ სადირ ჟაპაროვმა, სი ძინპინმა და შავკათ მირზიოევმა ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონული კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.




