ჩინეთი ტაივანის მახლობლად საზღვაო კონტროლის გაფართოებას ცდილობს

ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე პრატასის კუნძულების გარშემო კვლავ იზრდება. პეკინი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე სანაპირო დაცვის პატრულირება საზღვაო უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას ემსახურება. ტაიპეი კი ჩინეთის მოქმედებებს საკუთარი გავლენის გაფართოებისა და საზღვაო სივრცეზე კონტროლის დამყარების მცდელობად აფასებს.

ტაივანის ხელისუფლება ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ აღიარებს. მისი პოზიციით, კუნძულის მომავალზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ტაივანის მოსახლეობას აქვს. პეკინი კი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და საჭიროების შემთხვევაში არც ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის წარმომადგენელმა, ჟანგ ჰანმა, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებზე, მათ შორის პრატასსა და მის მიმდებარე წყლებზე, უდავო სუვერენული უფლებები აქვს. მისი თქმით, ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები მოქმედებენ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და ხელს უწყობენ ნორმალური ნაოსნობისა და საზღვაო საქმიანობის შენარჩუნებას.

პეკინის მტკიცებით, პატრულირება ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვასაც ემსახურება. ამასთან, ჩინეთის წარმომადგენელმა ტაივანის მმართველი ძალა სეპარატისტულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ ეს კურსი ზრდის სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს.

დაძაბულობის გამწვავებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც ტაივანის სანაპირო დაცვამ ჩინური სათევზაო გემის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანი შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა. ტაივანის ინფორმაციით, კვირიდან მოყოლებული ორი შემთხვევა დაფიქსირდა როდესაც  ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები პრატასის კუნძულებს მიუახლოვდნენ. ტაიპეი ამ მოქმედებებს პროვოკაციულად მიიჩნევს.

პრატასის კუნძულები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს, სამხრეთ ტაივანსა და ჰონგ-კონგს შორის. იქ მუდმივი სამოქალაქო მოსახლეობა არ ცხოვრობს, ხოლო ტაივანიდან კუნძულებამდე მანძილი 400 კილომეტრს აღემატება. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გეოგრაფიული დაშორების გამო ტერიტორია ჩინეთის შესაძლო სამხედრო მოქმედებების მიმართ მოწყვლადია.

ტაივანის კონტინენტური საკითხების საბჭოს ხელმძღვანელმა ჩიუ ჩუი-ჩენგმა სამშაბათს, ტაიპეიში გამართულ ფორუმზე, განაცხადა, რომ ჩინეთი ცდილობს ტაივანის საკითხის შიდა ადმინისტრაციულ საკითხად წარმოჩენას და მის გარშემო არსებულ წყლებზე ფაქტობრივი კონტროლის დამყარებას. მისი შეფასებით, პეკინის პოლიტიკა შესაძლოა უფრო აქტიურ და პროვოკაციულ ხასიათს იძენდეს, რაც ტაივანზე ჩინეთის იურისდიქციის გავრცელებას ემსახურება.

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შესაძლო მეოთხე ვადით არჩევის მოლოდინში, პეკინისთვის ტაივანთან „ეროვნული გაერთიანების“ მიზანი კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ამ ფონზე, პრატასის კუნძულების გარშემო განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ დაპირისპირება მხოლოდ ტერიტორიულ პრეტენზიებს არ უკავშირდება, ის ასევე ეხება საზღვაო უსაფრთხოებას, იურისდიქციას და რეგიონში ძალთა ბალანსს.

წყარო: https://www.reuters.com/world/china/china-says-it-is-safeguarding-order-around-taiwan-controlled-south-china-sea-2026-10-21/?utm_source

 

Scroll to Top