13 ივლისს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ყაზახ კოლეგას, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოება, ტექნოლოგიური თანამშრომლობა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაცია განიხილეს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ–ყაზახეთის „მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ მიმდინარეობა და ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებების შესრულება შეაფასეს. ეკონომიკურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების მიზანს დაეთმო.
შეხვედრა წინ უძღვის შანხაიში 17-20 ივლისს დაგეგმილ მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციასა და გლობალური AI-მმართველობის მაღალი დონის შეხვედრას. ღონისძიებას ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ–ჟომარტ ტოკაევიც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.
ვან იიმ და კოშერბაევმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, „ჩინეთი–ცენტრალური აზიის“ ფორმატისა და სხვა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში. ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ყაზახურმა მხარემ კვლავ დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი მხარდაჭერა.
მოლაპარაკებების შემდეგ კოშერბაევმა ყაზახეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა საერთაშორისო მედიაციის ორგანიზაციის დაფუძნების კონვენციას. ჩინეთის ინიციატივით შექმნილი, ჰონგ–კონგში დაფუძნებული ორგანიზაცია სახელმწიფოებსა და კომერციულ სუბიექტებს შორის დავების მედიაციის გზით მოგვარებას ისახავს მიზნად.
ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია 2025 წლის მაისში ჩინეთმა და 30-ზე მეტმა სახელმწიფომ გააფორმეს. პეკინი მას საერთაშორისო სასამართლო და საარბიტრაჟო მექანიზმების დამატებით ინსტრუმენტად წარმოაჩენს.




