ვარშავის შოპენის აეროპორტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჩინური კომპანია Nuctech-ის მიერ წარმოებული უსაფრთხოების სკანერების ეტაპობრივად გაუქმების შესახებ, რაც აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირმა დაადასტურა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით გაზრდილ ყურადღებას, რაც ხაზგასმული იყო პოლონეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ გაკეთებულ შეფასებაშიც.
აეროპორტის კომუნიკაციების უფროსმა, პიოტრ რუძკიმ განმარტა სიტუაცია და თქვა: ”როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბოლოდროინდელ პოზიციაშია დაფიქსირებული, ეს მოწყობილობები შეიძლება არ იყოს უსაფრთხო და ამიტომ უმჯობესია მათი გამოყენებისგან თავის შეკავება”,- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ Nuctech-მა არ უპასუხა გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებულ არცერთ მიმართვას.
ამჟამად, აეროპორტში ფუნქციონირებს ოთხი დიდი Nuctech სკანერი, რომლებიც გამოიყენება ჩაბარებული ბარგის სკრინინგისთვის. თუმცა, ახალი გეგმის თანახმად, ეს მანქანები ჩანაცვლდება ახალი მოდელებით, რომლებიც წარმოებულია პოლონური კონსორციუმის, სახელად Dimark-Anglosec-ის მიერ. ეს პროცესი კი, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს 2025 წლის მარტში.
Nuctech ცნობილია სხეულისა და ბარგის სკანერების წარმოებით, რომლებიც გამოიყენება აეროპორტებსა და პორტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პოლონეთის აეროპორტის აღნიშნულ შემთხვევამდე, კომპანია არაერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. 2020 წელს კომპანია, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გამო, აშშ-ს მთავრობის “შავ სიაში მოხვდა”. ამას გარდა, 2022 წელს ევროპელმა კანონმდებლებმა, Nuctech-ის ბარგის სკანერების შესყიდვის გადაწყვეტილების საპასუხოდ, შეშფოთება გამოთქვეს. ისინი სავაჭრო გარიგების დადებამდე მხარს უჭერდნენ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, რათა ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ჯაშუშობის შესაძლო რისკები დაფიქსირებულიყო.
ვარშავის შოპენის აეროპორტის შემთხვევა ასახავს არა მარტო მზარდ ცნობიერებას საჰაერო მგზავრობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არამედ, ასევე, ხაზს უსვამს ტექნოლოგიური პარტნიორობის გულდასმით შეფასების მნიშვნელობას, რაც გადამწყვეტია საავიაციო ინდუსტრიაში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.