ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთს, ირანსა და რუსეთს შორის გასულ კვირას გამართული სამმხრივი ბირთვული მოლაპარაკებების საპასუხოდ, ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლას გააძლიერებს.
სამმხრივი მოლაპრაკებები მას შემდეგ გაიმართა, რაც ირანმა უარი განაცხადა დონალდ ტრამპის წინადადებაზე, განახლებულიყო მოლაპარაკებები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გასულ პარასკევს შეხვდა. შეხვედრაზე ვანგმა ხაზი გაუსვა ჩინეთის იმედს, რომ „ყველა მხარე ერთმანეთისკენ ნაბიჯს გადადგამს და რაც შეიძლება მალე განაახლებს დიალოგსა და მოლაპარაკებებს.“ მან ასევე მოუწოდა აშშ-ს, “გამოავლინოს პოლიტიკური გულწრფელობა და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.“
აღნიშნული სამმხრივი მოლაპარაკებების პარალელურად, აშშ და კიდევ ხუთი ქვეყანა უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე შეიკრიბნენ საკითხის განსახილველად. შეხვედრაზე ბრიტანეთმა აღნიშნა, რომ ირანს შესაძლოა კვლავ დაუწესდეს სანქციები, თუ ის გააფართოებს ბირთვულ პროგრამას. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვანგმა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერი „იძულებითი ჩარევის“ მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა.
მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ჩინეთი კვლავ ლობირებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პეკინი, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობით, ცდილობს ახლო აღმოსავლეთში მედიატორის როლი იკისროს და რეგიონში გავლენა გააძლიეროს.
14 მარტს პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს, რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა დაადასტურეს ერთგულება გაუვრცელებლობის პრინციპის მიმართ და ერთობლივად დაგმეს „სანქციები, ზეწოლა და ძალის გამოყენების მუქარა.“ გარდა ამისა, ვანგ იმ ირანის ბირთვული საკითხის მოგვარების ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ეფუძნება ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმას (JCPOA). აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიერ ინიცირებულ ბირთვულ შეთანხმებაზე ტრამპის ადმინისტრაციამ, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას, უარი განაცხადა.
ოთხშაბათს, შეერთებულმა შტატებმა ირანთან დაკავშირებული ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქციები პირველად შეეხო ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და გემებს, რომლებიც ირანულ ნედლ ნავთობს ჩინურ საწარმოებს აწვდიან. ეს წარმოადგენს ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მეოთხე ტალღას.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა თებერვალში დაანონსა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ირანული ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანასა და ბირთვული პროგრამისა თუ ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თეირანის დაფინანსების აღკვეთას.