ზამბიელი ფერმერები ჩინურ სამთო კომპანიებს  ეკოლოგიური კატასტროფისთვის უჩივიან

ათწლეულების განმავლობაში ზამბიასა და ჩინეთს შორის ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩინეთმა დააფინანსა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის აეროპორტი და რკინიგზის პროექტები. ზამბიაში ჩინური კომპანიები დომინანტ როლს ასრულებენ სპილენძისა და კობალტის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში.

თუმცა, 176 ზამბიელი ფერმერმა წარმოადგინა სარჩელი ორი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ჩინეთის კომპანიების ადგილობრივ შვილობილ ფირმებს წარმოადგენენ (Sino-Metals Leach Zambia და NFC Africa Mining). აღნიშნული სარჩელი ზამბიისა და ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობას კრიზისს უქმნის. ფერმერთა წინააღმდეგობის პროვოცირება თებერვლის ფაქტმა მოახდინა, როდესაც კუდსაცავის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად მჟავე ნარჩენები დედაქალაქ ლუსაკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 285 კილომეტრში მდებარე ქალაქ კიტვესთან ახლოს მდებარე მდინარეებში ჩაიღვარა და დაზიანდა ფერმები. ფერმერები მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებენ, რამაც დაარღვია მათი ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების კონსტიტციური უფლება. ტოქსიკური ნარჩენების დაღვრის შედეგად მოიწამლა მიწა და მოსავალი. პეტიციის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა საფრთხის შესახებ ოპერატიულად გაფრთხილებული არ ყოფილა, რის ფონზეც შვიდი თვის განმავლობაში ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში უწევდათ ცხოვრება. ამიტომ მოითხოვენ 80 მილიარდი დოლარის კომპენსაციას და 336 დოლარის თვიურ კომპენსაციას ეკომიგრანტებისთვის.

ეკოლოგიური კრიზისის შეფასება საერთაშორისო დონეზეც ხდება. ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ივა პესამ განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან 80 მილიარდიანი კომპენსაციის მოთხოვნა რეალურად სიმბოლური დატვირთვისაა. თავად პეტიციის ავტორებმაც იცოდნენ, რომ ასეთ თანხაზე თანხმობის მიღება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზანი ჩინური კომპანიების შვილობილი ფირმების მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებაა. ზამბიელებისთვის უფრო მისაღები და მარტივია წვრილ ჩინურ ფირმებს დაუპირისპირდნენ და მათ წინააღმდეგ აღძრან სარჩელი, ვიდრე ადგილობრივი სამთო გიგანტების წინააღმდეგ, როგორიცაა ZCCM ან Mopani, რომლებიც, როგორც ჩანს, ბევრად ფართო ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობენ ადგილობრივ თემებს, პირველ რიგში  კი, სტიმულირდება ადგილობრივი შრომითი ბაზარი. ფერმერთა სარჩელი, მისი თქმით, ნაკლებად იყო მოტივირებული გარემოსდაცვითი აქტივიზმით, ვიდრე სარგებლის გაზიარების სურვილით:
 „ჩინური კომპანიები უზარმაზარ მოგებას იღებენ. ბუნებრივია, მათ ეკონომიკური სარგებლის ნაწილი ადგილობრივ თემზეც უნდა გადაანაწილონ, რომელთა საცხოვრებელი ტერიტორია ტოქსიკური ნივთიერებით განადგურდა.“ივა პესა, გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ფერმერთა წინააღმდეგობის პარალელურად, ზამბიის მთავრობამ მომხდარი ინციდენტის ეკოლოგიური ზეგავლენის ფაქტის მინიმალიზაცია სცადა. მინისტრმა კორნელიუს მვიტვამ აგვისტოში აღნიშნა, რომ საგანგაშო სიტუაციის გამოცხადება საჭირო არ იყო. ზამბიას მთავრობისა და Sino-Metals-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისულ ტერიტორიაზე pH-ის დონე ნორმას დაუბრუნდა და დაზარალებულ მაცხოვრებელთა კომპენსაციაც მოხდა 14 მილიონი კვაჩას ოდენობით. მთავრობის აქტიური ლობირება Sino-Metals-ის სასარგებლოდ აუცილებლად გარდაიქმნება საყოველთაო საარჩევნო აბსენტიზმში. აღნიშნული შემთხვევა უნდა გახდეს ჩინეთისა და ზამბიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის დასასრულის საფუძველი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსხვილი სამთო კომპანია ზამბიაში გარემოს დაზიანებაში იქნა დადანაშაულებული. ზამბიელ ფერმერთა პროტესტმა დიპლომატიური პრობლემა წარმოშვა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების პარალელურად აშშ-ს საელჩოც მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ეკოლოგიური კატასტროფის კავშირი ჩინეთის შვილობილ კომპანიებთან და მათ მენეჯმენტთან, ვინაიდან ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან.

Scroll to Top