ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი პეკინში გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. შეხვედრა ბერბოკის ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 29-30 აპრილს ვან ის მიწვევით შედგება.
ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, ვან იმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზარდი გლობალური არასტაბილურობისა და კონფლიქტების ფონზე გაეროს „მხარდაჭერა, გამოცოცხლება და გაძლიერება“ აუცილებელია. მისი თქმით, საერთაშორისო სისტემამ არ უნდა დაუშვას „ჯუნგლის კანონის“ დამკვიდრება, სადაც ძალა განსაზღვრავს წესებს.
ამავე განცხადებაში მან გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება იმ ნაბიჯებს, რომლებიც, მისი შეფასებით, რეზოლუციის ავტორიტეტს ეჭვქვეშ აყენებს. პეკინი აღნიშნულ რეზოლუციას ტაივანის საკითხთან დაკავშირებით, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დიპლომატიურ არგუმენტად იყენებს.
ევროკავშირი რეზოლუციის ამგვარ ინტერპრეტაციას სადავოდ მიიჩნევს. ბრიუსელის განმარტებით, 2758-ე რეზოლუცია მხოლოდ გაეროში ჩინეთის წარმომადგენლობის შეცვლას შეეხო და ტაივანის სტატუსს არ განსაზღვრავს. ევროკავშირი ტაივანის სრუტეში არსებული სტატუს–კვოს შენარჩუნებას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევს.
ბერბოკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გაეროს 80-წლიანი გამოცდილება აჩვენებს: თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება არც ერთ ქვეყანას, მათ შორის დიდ სახელმწიფოებსაც, დამოუკიდებლად არ შეუძლია.
შეხვედრას წინ უძღოდა ბერბოკის ვიზიტი ინდოეთში, სადაც მან გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. Anadolu წერს, რომ ნიუ–დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა განცხადებით, მისი ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში კრიზისი მწვავდება.
შეხვედრა საყურადღებოა იმ ფონზეც, რომ ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, პეკინის მიმართ ხშირად კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა. Reuters-ის ცნობით, მან ჩინეთი რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებულ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პეკინის ქცევა ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
ამ კონტექსტში, ბერბოკისა და ვან ის შეხვედრა მხოლოდ პროტოკოლურ დიპლომატიურ შეხვედრად არ უნდა შეფასდეს. ის ასახავს პეკინის მცდელობას, გაეროსა და მულტილატერალიზმის თემაზე საკუთარი როლი გააძლიეროს, მაშინ როდესაც ბერბოკის დღის წესრიგი გაეროს რეფორმას, საერთაშორისო სამართლის დაცვასა და გლობალურ კრიზისებზე ორგანიზაციის რეაგირების ეფექტიანობას უკავშირდება.




