10 ივლისს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მეთაურს, პაკ თაე სონს შეხვდა. შეხვედრა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 წლისთავის წინ გაიმართა.
სი ძინპინის განცხადებით, საერთაშორისო ვითარებაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, პეკინმა და ფხენიანმა „სტრატეგიული სიმტკიცე“ და ურთიერთობების განვითარებისადმი ნდობა უნდა შეინარჩუნონ. მან ასევე მხარეებს მოუწოდა, დააჩქარონ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ივნისში მიღწეული შეთანხმებების შესრულება და ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით განავითარონ.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს მათი სოციალისტური სისტემებისა და მოდერნიზაციის პროცესის გაძლიერებას. პაკ თაე სონმა კი სი ძინპინს კიმ ჩენ ინის მოკითხვა გადასცა და განაცხადა, რომ 1961 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ჩინეთ–ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების გრძელვადიანი განვითარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
მხარეებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ერთმანეთის მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.




