ევროპარლამენტი ჩინეთის მიმართ პოზიციას ამკაცრებს

7 ოქტომბერს, ევროპის პარლამენტში ჩინეთის შესახებ ანგარიშის კენჭისყრა გაიმართა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 456-მა ევროპარლამენტარმა, 86-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, ხოლო 110-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ანგარიში ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობების მიმდინარე დინამიკაში ცვლილებების მაუწყებელია, რამდენადაც მასში ჩინეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ქმედებებია გაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, მისი ტონი პეკინის მიმართ ევროპის პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციას აჩვენებს. წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ჩინეთი ევროკავშირის „სისტემურ მეტოქედ“ არის წარმოდგენილი. ამასთან, ანგარიში პეკინს ახასიათებს, როგორ უკრაინის ომში რუსეთის ქმედებების მხარდამჭერი. ამ მხრივ, ხაზგასმულია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ორმაგი გამოყენების საქონლის მიწოდების და სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობის პრაქტიკა.

ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა დემოკრატიულ პარტნიორებთან გააძლიეროს უსაფრთხოების კოორდინაცია, მათ შორის, საზღვაო ძალების განთავსება და ერთობლივი წვრთნების ჩატარება, რათა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რეგიონში სტაბილურობა გაძლიერდეს.

პეკინსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ჭარბი საწარმოო შესაძლებლობები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის სამრეწველო სექტორს, ხოლო სახალხო რესპუბლიკის ელექტრომობილების სექტორი ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის „დიდ საფრთხეს“ წარმოადგენს.

ანგარიშის მიმართ ევროპარლამენტარების უმრავლესობის მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტში ჩინეთის შესახებ პოზიციები განსხვავდება. ცენტრისტული და მემარჯვენე დაჯგუფებები პეკინის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე არიან. მათი თვალსაზრისით, ჩინეთი არის სისტემური მეტოქე, რომელსაც ესმის არა დიპლომატიის, არამედ ძალის ენა.

მეორე მხრივ, სოციალისტური და მემარცხენე ჯგუფების წევრები ჩინეთთან დიალოგს უჭერენ მხარს. მათი აზრით, ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობები არ უნდა დაეფუძნოს ორბლოკიანი ბიპოლარული მსოფლიოს იდეას, რომელიც „სახიფათო“ და „არაპროდუქტიულია.“

Scroll to Top