5 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიას ახლად გამოქვეყნებული თავდაცვის „თეთრი წიგნის“ გამო ოფიციალური პროტესტი გადასცა. პეკინის შეფასებით, ტოკიო დოკუმენტში განზრახ აძლიერებს ე.წ. ჩინეთის საფრთხის ნარატივს, ტაივანის საკითხზე დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებს და სამხედრო შესაძლებლობების გაფართლებას ამ გზით ამართლებს.
იაპონიის თავდაცვის ყოველწლიური ანგარიში 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობა გააძლიერა და მხარეებს შორის ძალთა საერთო ბალანსი სწრაფად იცვლება პეკინის სასარგებლოდ. ტოკიო ჩინეთის სამხედრო მოქმედებებს იაპონიისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სერიოზულ საფრთხედ და ქვეყნის უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევად აფასებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შეფასებები უარყო და აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა, რომლის გადაწყვეტის გზაზეც იაპონიას ჩარევის უფლება არ აქვს. უწყების განცხადებით, ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო მოქმედებები „ლეგიტიმური და გონივრულია“.
პეკინმა ტოკიო ასევე დაადანაშაულა საკუთარი სამხედრო გაძლიერებისთვის საბაბის ძიებასა და ომისშემდგომი თავდაცვითი შეზღუდვების თანდათანობით შესუსტებაში. ჩინეთის ხელისუფლებამ იაპონიას მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო გაფართოების გასამართლებლად ჩინეთის გამოყენება და თავი შეიკავოს ტაივანის საკითხში ჩარევისგან.




