თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთს ჩინური კომპანია 499 მილიონ ლარად ააშენებს
1 სექტემბერი
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის წიწამური–ავჭალის 7,3-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური კომპანია „China Railway Tunnel Group“ ააშენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია გამარჯვებულად 1 სექტემბერს გამოცხადდა.
კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 499,1 მილიონი ლარია, სამუშაოების დასრულებისთვის კი 36 თვეა განსაზღვრული. პროექტი ოთხზოლიანი გზის, დაახლოებით 3,4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობას მოიცავს.
ტენდერში ათი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული კომპანიის თავდაპირველი შეთავაზება 519,7 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა. წიწამური–ავჭალის მონაკვეთი მომავალში ავჭალა–აეროპორტის 22,5-კილომეტრიან გზას დაუკავშირდება.
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილი ელჩი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
2 სექტემბერი
2 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის ყოფილი ელჩი, ჭოუ ციენი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
ყაველაშვილმა ყოფილი ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველო–ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ჯილდო ჭოუ ციენის სახელით ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა მიიღო. საელჩოს ცნობით, მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საელჩო გააგრძელებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობას.
საქართველოს ელჩმა „Cathay Pacific“-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
3 სექტემბერი
3 სექტემბერს ჩინეთში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, ავიაკომპანია „Cathay Pacific“-ის დელეგაციას უმასპინძლა. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ავიაკომპანიის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დელეგაციას მიხაელ სიონგი ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე კომპანიის გენერალური მენეჯერია. „Cathay Pacific“ ჰონგ–კონგში 80 წლის წინ დაარსდა. საქართველოს საელჩოს შეფასებით, კომპანია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ავიაგადამზიდია.
აზერბაიჯანმა და ჩინეთმა პროკურატურებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
31 აგვისტო
31 აგვისტოს ბაქოში აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, ქამრან ალიევმა, და ჩინეთის უმაღლესი სახალხო პროკურატურის გენერალურმა პროკურორმა, ინ იუნმა, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების გაძლიერებას, პროკურორების გამოცდილების გაცვლას, სასწავლო პროგრამებსა და ერთობლივი სემინარების ორგანიზებას ითვალისწინებს. მხარეებმა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაცია აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას, და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ინამ ქარიმოვს, შეხვდა. 2 სექტემბერს დელეგაციას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც უმასპინძლა. შეხვედრაზე საკანონმდებლო, სამართალდამცავ და სასამართლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა აზერბაიჯან–ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ–ერთ მიმართულებად განიხილეს.
ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის 37 სტუდენტი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს
31 აგვისტო
31 აგვისტოს ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის 37 სტუდენტი ჩინეთში, პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. სტუდენტების გამგზავრება ორი უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
სტუდენტები 2026-2027 სასწავლო წლიდან საბაკალავრო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსებს პეკინში გაივლიან. პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2025 წელს დაიწყო, „2+2“ მოდელს ეფუძნება: სტუდენტები პირველ ორ წელს ბაქოში სწავლობენ, მომდევნო ორს კი პეკინში.
სწავლება ექვს მიმართულებას მოიცავს: ქიმიურ, კომპიუტერულ და მექანიკურ ინჟინერიას, ქიმიას, ბიოტექნოლოგიასა და ბიზნესის ადმინისტრირებას. პროგრამის მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები ორივე უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ.
ფაშინიანმა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები სომხეთის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში განიხილა
1 სექტემბერი
1 სექტემბერს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის „SCO+“ ფორმატის შეხვედრაზე, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
მან ჩინეთი იმ სახელმწიფოებს შორის დაასახელა, რომლებთანაც სომხეთმა ბოლო წლებში სტრატეგიული კავშირები დაამყარა, და ეს თანამშრომლობა ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში განიხილა. ფაშინიანის განმარტებით, სხვადასხვა ძალასთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ემსახურება.
გამოსვლისას სომხეთის პრემიერ–მინისტრმა რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გახსნაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ამ მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, „TRIPP“-ის პროექტის ფარგლებში. მისი თქმით, ამ კავშირების ამოქმედება როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ისე სამხრეთ–ჩრდილოეთის მიმართულებით ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს შექმნის.
ყაზახეთს განვითარების ბანკის სათავო ოფისის მასპინძლობა სურს
1 სექტემბერი
1 სექტემბერს, ბიშკეკში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა, ჩინეთის ინიციატივას ორგანიზაციის განვითარების ბანკის შექმნის შესახებ მხარი დაუჭირა. მან ბანკის სათავო ოფისის ყაზახეთში განთავსების მზადყოფნაც გამოთქვა.
ტოყაევის განცხადებით, ბანკის ფინანსური რესურსები, უპირველესად, ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და სამრეწველო პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. პრეზიდენტმა ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად საზღვრისპირა სავაჭრო ზონების შექმნა და სატრანზიტო გადაზიდვების ერთიანი ციფრული პლატფორმის დანერგვაც შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს. მან ასევე ორგანიზაციის სატრანსპორტო კავშირების განვითარების სტრატეგიის 2035 წლამდე შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.
თოყაევმა ჩინეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტებად ლოგისტიკა და ტექნოლოგიები დაასახელა
1 სექტემბერი
1 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით ინტერვიუში ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა, ჩინეთთან თანამშრომლობაში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „Xinhua-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან სატრანსპორტო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
თოყაევმა ახალი სარკინიგზო ხაზების, ლოგისტიკური ტერმინალებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა გამოყო. მისი განცხადებით, მარშრუტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა დოკუმენტების ციფრული დამუშავება, საინფორმაციო სისტემების კოორდინაცია და საბაჟო პროცედურების ავტომატიზაცია.
პრეზიდენტმა ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებად ხელოვნური ინტელექტი, წარმოების ავტომატიზაცია, ელექტრონული კომერცია, სამეცნიერო კვლევები და კადრების მომზადება დაასახელა. შანხაიში მანამდე გამართულ შეხვედრებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართ ორმხრივი ინტერესი გამოიკვეთა. თოყაევის შეფასებით, ტექნოლოგიური თანამშრომლობა ყაზახეთ–ჩინეთის ურთიერთობების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება იქცეს.




