მარიამ ქვრივიშვილმა COSCO-ს წარმომადგენელთან ანაკლიის პორტსა და შუა დერეფანზე იმსჯელა
7 სექტემბერი
7 სექტემბერს ბათუმში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური საზღვაო–სატრანსპორტო კომპანია „COSCO SHIPPING Lines“-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს დაეთმო. მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები და საზღვაო გადაზიდვებში თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის განცხადებით, 2032 წლისთვის ქვეყნის სტრატეგიულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.
შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მას საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
გაგა კირკიტაძემ ჩინეთში უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
10 სექტემბერი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ, დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც 8-10 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ლიენიუნკანგში გაიმართა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ფორუმის ფარგლებში კირკიტაძე დაესწრო ქვეფორუმებსაც, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობასა და საპოლიციო განათლებას ეხებოდა.
ჩინეთში ვიზიტისას კირკიტაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, ლინგ ჭიფენგს შეხვდა. შსს–ის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებებზე ისაუბრეს. კირკიტაძემ ჩინელ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, შეხვედრის მონაწილეებმა კი ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.
საქართველო CIFTIS-ის გამოფენაზე ეროვნული პავილიონით პირველად წარდგა
10 სექტემბერი
საქართველომ პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში, „CIFTIS 2026“-ში, ეროვნული პავილიონით პირველად მიიღო მონაწილეობა. 10 სექტემბერს გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო.
ნადარეიშვილმა ქართულ პავილიონში პეკინის ვიცე-მერს, თანგ ვენხუნგს, უმასპინძლა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო გააცნო. პავილიონის ექსპოზიცია საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს, შუა დერეფანში ქვეყნის როლს, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ სექტორს, ტურიზმსა და მეღვინეობას მოიცავდა.
საქართველოს მონაწილეობა ინვესტიციების სააგენტომ საელჩოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოაწყო. სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე 90 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე 1 800-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციამ ბაქოში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა
8 სექტმებერი
8 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრი ალი ასადოვი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლიუ ხაისინს, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, საინვესტიციო და განახლებადი ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას, შუა დერეფანსა და „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის მნიშვნელობასაც, რომელიც, მათი შეფასებით, რეგიონულ სატრანსპორტო კავშირებს გააძლიერებს.
იმავე დღეს ჩინეთის დელეგაცია მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“, თავმჯდომარის მოადგილესა და ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელს, თაჰირ ბუდაგოვს, შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები პარტიებს შორის ვიზიტების, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. მხარეებმა ახალგაზრდების სახელმწიფო მართვასა და პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის საკითხები და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობაც განიხილეს.
პეკინის მომსახურებით ვაჭრობის გამოფენაში ათი აზერბაიჯანული კომპანია მონაწილეობდა
13 სექტემბერი
9-13 სექტემბერს პეკინში გამართულ ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაზე, „CIFTIS 2026“, აზერბაიჯანი ათი კომპანიით იყო წარმოდგენილი.
პავილიონში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის საინვესტიციო შესაძლებლობები, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმები და ინვესტორებისთვის შეთავაზებული შეღავათები. ცალკე ყურადღება დაეთმო ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკურ რეგიონებს, ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასა და ინდუსტრიულ პარკებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეობის მიზანი საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანული მომსახურებების პოპულარიზაცია და ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება იყო. პავილიონი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, „AZPROMO“-სა და ჩინეთში აზერბაიჯანის სავაჭრო სახლის ორგანიზებით მოეწყო.
ჩინური ავტომობილების სომხეთში მიწოდების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
7 სექტემბერი
7 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ჩინეთ–სომხეთის რეგიონული განვითარების ფონდმა კომპანია „Guangzhou Guanghua Automotive Industry Holding“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი ფონდის პრეზიდენტმა, სერგეი ავანესოვმა, და კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, იან დევენმა, მოაწერეს.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები სომხეთში ახალი და მეორადი ჩინური ავტომობილების ექსპორტის ორგანიზებაზე იმუშავებენ. თანამშრომლობა მოიცავს ავტომობილების შერჩევას, ტრანსპორტირებას, განბაჟებას, სერტიფიცირებასა და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას. საწყის ეტაპზე განსაზღვრულ ბრენდებს შორისაა BYD და Huawei-სთან თანამშრომლობით განვითარებული AITO. ფონდი ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად სომეხი მყიდველებისთვის კრედიტის, ლიზინგისა და განვადების მექანიზმების შემუშავებასაც გეგმავს.
სომეხი ჟურნალისტი ჩინეთის საერთაშორისო მედიაგაცვლის პროგრამას შეუერთდა
8 სექტემბერი
სომხური საინფორმაციო სააგენტო „NEWS.am“-ის ჟურნალისტი დიანა არუშანიანი ჩინეთის საერთაშორისო პრესკომუნიკაციის ცენტრის, CIPCC-ის, პროგრამის მეორე ეტაპს შეუერთდა. პროგრამის გახსნის ცერემონია პეკინში გაიმართა.
პროგრამა ოთხი თვის განმავლობაში პეკინსა და ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მუშაობას, სასწავლო კურსებს, დისკუსიებსა და ადგილზე რეპორტაჟების მომზადებას ითვალისწინებს. მონაწილეები ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს გაეცნობიან. დაგეგმილია მათი დასწრება საერთაშორისო ღონისძიებებზეც. ჩინეთის ჟენმინის უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებულ პროგრამაში 101 ქვეყნიდან 109 ჟურნალისტი მონაწილეობს.
ყირგიზეთის შს მინისტრმა ჩინეთში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
7 სექტემბერი
7 სექტემბერს პეკინში ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ულან ნიაზბეკოვმა, „ცენტრალური აზია–ჩინეთის“ ფორმატში გამართულ მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა ტრანსნაციონალური დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიაზბეკოვმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოება სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლობის გაძლიერებასაც მოითხოვს. მინისტრმა ინფორმაციის სწრაფი გაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე განიხილეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთქმედება და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა პროფესიული მომზადებაც.




