საქართველოს ელჩი CMIC-ის გენერალურ ხელმძღვანელს შეხვდა
2 ნოემბერი
2026 წლის 2 ნოემბერს, პეკინში, საქართველოს საელჩოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე „ჩინეთის მანქანათმშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის“ (CMIC) გენერალურ მენეჯერს, ლი გუანგინს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო იმ სფეროებს, რომლებშიც ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები არსებობს.
აღსანიშნავია, რომ CMIC ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციის, SINOMACH Group-ის შემადგენლობაში შედის. კომპანია სამრეწველო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა
6 ნოემბერი
2026 წლის 6 ნოემბერს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით და ხელს შეუწყობს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება და ჩინური ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, პირდაპირ ავიამიმოსვლასა და ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას. გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. სანაცვლოდ კი, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პოზიცია „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 2026 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი გახდა.
საქართველო-ჩინეთის ბიზნესშეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს
7 ნოემბერი
2026 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ქართველი და ჩინელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ მაჩვენებლებზე. მისი განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ჩინური ინვესტიციები საქართველოში. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩინური კომპანიებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნას.
თავის მხრივ, ხან ჭენგმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო ჩინური წარმოების, განსაკუთრებით განახლებად ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოში პოპულარობით სარგებლობს.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების მნიშვნელობაზე და დაადასტურა ჩინეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის გაფართოებას.
სომხეთი შანხაიში გამართულ საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობს
7 ნოემბერი
2026 წლის 5–10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება იმპორტის მეცხრე საერთაშორისო გამოფენა (CIIE 2026), რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა გამოფენაზე ერთიანი ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი, სადაც 14 სომხური კომპანია საკუთარ პროდუქციასა და საწარმოო შესაძლებლობებს წარადგენს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ 162 ქვეყნის წარმომადგენლები და 4 142 უცხოური კომპანია. ეროვნული პავილიონების პრეზენტაციის ფარგლებში სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო გააცნო.
გამოფენის ფარგლებში სომხეთის ეროვნულ პავილიონს ჩინეთში სომხეთის ელჩი ვაჰე გევორგიანი ეწვია. დიპლომატი გაეცნო წარმოდგენილ პროდუქციას, კომპანიების საქმიანობასა და საწარმოო პოტენციალს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სომხური პროდუქციის კონკურენტულ უპირატესობებსა და ჩინეთის ბაზარზე მისი პოპულარიზაციის შესაძლებლობებზე.
სომხეთმა ჩინეთს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაში ბრალდებული პირი გადასცა
5 ნოემბერი
2026 წლის 5 ნოემბერს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს ძებნილი პირი გადასცა, რომელსაც ბრალად ედება სხვა პირებისთვის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზება.
სომხეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა დააკმაყოფილა ჩინეთის კომპეტენტური ორგანოების ექსტრადიციის მოთხოვნა. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ძებნილი პირი, ინიციალებით ი.პ. ჩინურ მხარეს გადაეცა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში.
აზერბაიჯანი და ჩინეთი ერთობლივი ინდუსტრიული პარკის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ
2 ნოემბერი
აზერბაიჯანი და ჩინეთი ერთობლივი ინდუსტრიული პარკის დაარსების შესაძლებლობაზე მსჯელობენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა კომპანია CSCEC International-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გაო ბოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სამრეწველო ინიციატივებში ჩინური კომპანიების ჩართულობა.
CSCEC International საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, უძრავი ქონების, ინვესტიციების, პროექტირებისა და საინჟინრო მომსახურების მიმართულებებით
აზერბაიჯანი და ჩინეთი პირდაპირი ავიარეისების გაფართოების შესაძლებლობას განიხილავენ
6 ნოემბერი
აზერბაიჯანი და ჩინეთი ავიაკომპანია „China Eastern Airlines“-ის მიერ აზერბაიჯანის მიმართულებით ფრენების დაწყების საკითხზე მსჯელობენ. აღნიშნული თემა შანხაიში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაღიევსა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ ვანგ ჟიქინგს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის საჰაერო კავშირების გაძლიერება და ტურისტული ნაკადების გაზრდაა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შანხაისა და ბაქოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის პერსპექტივებზე, ასევე ფრენების დასაწყებად შესაძლო ფინანსურ წახალისებასა და ერთობლივ მარკეტინგულ ღონისძიებებზე.
ფუად ნაღიევის განცხადებით, ჩინეთი აზერბაიჯანის ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, ავიაკომპანიას ახალი რეისების დანიშვნის პროცესში დაეხმაროს.
თავის მხრივ, ვანგ ჟიქინგმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლამ საავიაციო და ტურისტული თანამშრომლობის განვითარებას დამატებითი შესაძლებლობები შეუქმნა.
აზერბაიჯანის წარმომადგენლები პეკინში მსოფლიო მედიის მე-7 სამიტში მონაწილეობენ
7 ნოემბერი
აზერბაიჯანის მედიისა და მაუწყებლობის საბჭოს ხელმძღვანელობა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე მსოფლიო მედიის მე-7 სამიტს ესწრება.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა „მედია ინტელექტის ეპოქაში: კონსენსუსიდან ქმედებამდე“. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის გავლენას მედიასფეროზე, გლობალური კომუნიკაციების განვითარებასა და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობას, ცივილიზაციათშორის დიალოგს და მედიის როლს უფრო უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს ჩამოყალიბებაში. სამიტის პროგრამა მოიცავს პლენარულ შეხვედრებს, თემატურ დისკუსიებს, სემინარებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
მსოფლიო მედიის სამიტი 2009 წელს ცხრა წამყვანი მედიაორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მედიის, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ყირგიზეთმა და ჩინურმა კომპანიამ საინვესტიციო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
4 ნოემბერი
ყირგიზეთი და ჩინური კომპანია Ganfeng Lithium Group Co., Ltd. საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ყირგიზეთის პრეზიდენტთან არსებული ინვესტიციების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა რავშანბეკ საბიროვმა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟუ ტიანლონგმა.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს სამთო-მოპოვებით სექტორში თანამშრომლობის გაფართოებას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ყირგიზეთში ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარებას.
რავშანბეკ საბიროვმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია გრძელვადიან ინვესტიციებზე ორიენტირებულ საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობა. მისი თქმით, ყირგიზეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერებას მოემსახურება.
გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მხარეები გეგმავენ ინფორმაციის გაცვლას და სამომავლო ერთობლივი საინვესტიციო ინიციატივების შესწავლას.
ყირგიზეთ-ჩინეთის საზღვარზე ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა
6 ნოემბერი
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყირგიზეთ-ჩინეთის საზღვარზე მდებარე „ირკეშტამისა“ და „თორუგარტის“ გამშვები პუნქტების გავლით 5,6 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. ინფორმაციას ყიზილსუს ყირგიზული ავტონომიური ოლქის კომერციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 30 ოქტომბერს სინძიანის უჩას მაზრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში სასაზღვრო პუნქტებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებამ 540 ათასს გადააჭარბა (40%-იანი ზრდა), ხოლო მგზავრთა რაოდენობამ 130 ათასს (150%-იანი ზრდა).
ტვირთბრუნვის მატება ძირითადად ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და ტექნიკის გადაზიდვების ზრდას უკავშირდება. დამატებით ფაქტორებად სახელდება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, საბაჟო პროცედურების დაჩქარება და ცენტრალურ აზიაში ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა.
ყირგიზეთმა ჩინურ Ganfeng Lithium Group-თან საინვესტიციო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
3 ნოემბერი
3 ნოემბერს ყირგიზეთის ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და ჩინურ კომპანია Ganfeng Lithium Group Co., Ltd.-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სააგენტოს ხელმძღვანელმა რავშანბეკ საბიროვმა და ჩინური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟუ ტიანლუნმა მოაწერეს.
შეთანხმება ითვალისწინებს ორ მხარეს შორის საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას, განსაკუთრებით სამთომოპოვებით სექტორში. თანამშრომლობის პრიორიტეტებს შორისაა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, გამოცდილების გაზიარება და ყირგიზეთში ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარების შესაძლებლობების შესწავლა.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები გეგმავენ ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას, სამომავლო ინიციატივების ერთობლივ შეფასებასა და შესაძლო საინვესტიციო პროექტებზე თანამშრომლობის გაგრძელებას.




