საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში.
17 ნოემბერი
ჩინეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შესახებ. დელეგაციას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა. ვიზიტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მოწვევით განხორციელდა.
პეკინში დელეგაცია ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს, ახალგაზრდული გაერთიანებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე ქალაქ ხანჭოუში, ჭეძიანგის პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობის წარმომადგენელთან. შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე.
ჩინეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
18 ნოემბერი
ჩინეთის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ტაი ჩუნიონგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პეკინი მზად არის საქართველოსთან პოლიტიკური ნდობისა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. დიპლომატმა აღნიშნა, რომ 2027 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 35 წელი შესრულდება.
მისი განცხადებით, ჩინეთი დაინტერესებულია ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებით. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულებასა და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის შუა დერეფანთან დაკავშირებაზე.
ჩინეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია
19 ნოემბერი
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 2,647 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩინეთში ექსპორტი 673,3 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 1,973 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა (407,4 მილიონი დოლარი). ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტმა 127,7 მილიონი, ხოლო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტმა 84,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
სომხეთმა და ჩინეთმა კორუფციის წინააღმდეგ თანამშრომლობა განიხილეს
16 ნოემბერი
2026 წლის 16 ნოემბერს სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარე არტურ ნაჰაპეტიანი სომხეთში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლი სინვეის, შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ კორუფციის პრევენცია ორივე ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ჩინეთის სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ უწყებებთან, მათ შორის სახელმწიფო ზედამხედველობის ეროვნულ კომისიასთან, თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური კავშირების განვითარებას.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თანამედროვე აღჭურვილობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
აზერბაიჯანი და ჩინეთი კულტურული კავშირების გაფართოებას განიხილავენ
17 ნოემბერი
2026 წლის 17 ნოემბერს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ადილ ქერიმლი აზერბაიჯანში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლუ მეის, შეხვდა. შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, რასაც საფუძვლად ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული ურთიერთნდობა უდევს. მისი განცხადებით, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში არსებული თანამშრომლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის კულტურული კავშირების გაღრმავებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორივე ქვეყანაში კულტურის დღეების ორგანიზებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სამუზეუმო საქმიანობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები კულტურული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესახებ.
ჩინეთის სამხედრო განათლების დელეგაცია აზერბაიჯანს ეწვია
19 ნოემბერი
აზერბაიჯანისა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროების 2026 წლის თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩინეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრებს გენერალ-მაიორი არიფ ჰასანოვი შეხვდა.
უნივერსიტეტის მეცნიერებისა და განათლების მიმართულების პრორექტორმა არიფ ჰასანოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები სამხედრო განათლების სფეროშიც წარმატებით ვითარდება. სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, სასწავლო დაწესებულებების საქმიანობა, აკადემიური პროცესის ორგანიზება და ელექტრონული მიღების პროცედურები. ვიზიტის ფარგლებში ჩინური დელეგაცია სამხედრო მართვის ინსტიტუტის სამხედრო სიმულაციების ცენტრსაც ეწვია, სადაც სტუმრებს ცენტრის დანიშნულება და ძირითადი ფუნქციები გააცნეს.
აზერბაიჯანმა ჩინეთში საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა
20 ნოემბერი
ჩინეთის ხენანის პროვინციის ქალაქ ჭენჭოუში საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური გამოფენის ფარგლებში ტრანსკასპიური დერეფნის ინდუსტრიული და საინვესტიციო განვითარების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას 150-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ჩინეთში აზერბაიჯანის სავაჭრო წარმომადგენელმა თეიმურ ნადიროღლუმ მონაწილეებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სატრანსპორტო პოტენციალი გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინვესტორების მხარდაჭერის მექანიზმებს, სამრეწველო პარკებს, ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკურ რეგიონებსა და ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას.
კონფერენციაზე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა მულტიმოდალური გადაზიდვების, ჭკვიანი ლოგისტიკისა და ელექტროტრანსპორტისთვის საჭირო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ ახალი პარტნიორობების დაინტერესებასა და საერთაშორისო ტვირთნაკადების ზრდის ხელშეწყობას.
ტაჯიკეთმა და ჩინეთმა სამართლებრივი განათლების სფეროში შეთანხმება გააფორმეს
16 ნოემბერი
პეკინში ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტსა და ჩინეთის პოლიტიკური მეცნიერებისა და სამართლის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი იურიდიული განათლების განვითარებასა და სპეციალისტების გამოცდილების გაცვლას ემსახურება.
ინსტიტუტის რექტორმა ისფანდიორ სობირზოდამ თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება შესთავაზა ჩინურ მხარეს. მათ შორისაა სასამართლო ექსპერტიზისა და კრიმინალისტიკის სპეციალისტების ერთობლივი გადამზადება და მოქალაქეებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის საკითხები.
რექტორმა ასევე შესთავაზა ჩინელ კოლეგებს სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება ორივე დაწესებულების აკადემიურ ჟურნალებში, მათ შორის ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს ჟურნალში „Жизнь и закон“. ჩინეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წინადადებებს მხარი დაუჭირეს.
ტაჯიკეთში ჩინურ კომპანიასთან ორგანული სასუქების წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ
20 ნოემბერი
ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ამონულო სალიმზოდამ და ჩინური კომპანია Beijing Zhongnong Fuyuan Group-ის წარმომადგენელმა ლუ სიუინმა აგრარულ სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებასა და ორგანული სასუქების გამოყენებას.
მოლაპარაკებებისას მხარეებმა იმსჯელეს დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების აღდგენაზე და სხვადასხვა კულტურისთვის სპეციალიზებული სასუქების გამოყენებაზე. ხატლონის ოლქში განიხილება საპილოტე პროექტები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავებასა და ადგილობრივ პირობებში სასუქების ეფექტიანობის გამოცდას ითვალისწინებს.
დადებითი შედეგების შემთხვევაში კომპანია ტაჯიკეთში სასუქების საწარმოს შექმასაც განიხილავს.




