დონალდ ტრამპმა ჩინეთის კრიტიკოსი პიტერ ნავარო ვაჭრობისა და წარმოების საკითხებში უფროს მრჩევლად დანიშნა

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პიტერ ნავარო, რომელიც 2021 წლიდან პეკინის მიერაა სანქცირებული,, ვაჭრობისა და წარმოების საკითხებში უფროს მრჩევლად დანიშნა. ნავარო მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს წარმოების, ტარიფების დაწესების საკითხებსა და “სავაჭრო დღის წესრიგის წარმატებულ იმპლემენტაციასა და კომუნიკაციაში” დაეხმარება, – განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს სოციალურ მედიაში.

ტრამპმა შეაქო ნავაროს წარსული საქმიანობა და თქვა: „ჩემი პირველი ვადის განმავლობაში, ცოტანი იყვნენ ისეთი ეფექტური ან გამძლე, როგორც პიტერი ჩემი ორი წმინდა წესის აღსრულებაში – იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი“. მან დაამატა, რომ ახალ როლში ნავარო გამოიყენებს „თეთრი სახლის გამოცდილების ფართო სპექტრს“.

ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში პიტერ ნავარო თეთრი სახლის ეროვნული სავაჭრო საბჭოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ცნობილი პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკის ძლიერი ადვოკატირებით, ნავარო მუდმივად მხარს უჭერდა ამერიკული ინდუსტრიების დაცვისკენ მიმართულ ზომებს. ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში, ნავარო მხარს უჭერდა ტარიფებს 370 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე და მოითხოვდა ტარიფების დაწესებას ალუმინისა და ფოლადის ინდუსტრიაში.

პიტერ ნავარო ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკის სავაჭრო ომის მთავარი არქიტექტორი იყო. ამის გამო,  28 მაღალჩინოსან შორის მოხვდა, რომლებსაც პეკინმა სანქციები დაუწესა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, 2021 წლის იანვარში. სანქცირების მიზეზად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნავარო და სხვა სანქცირებული ამერიკელები “სერიოზულად არღვევდნენ ჩინეთის სუვერენიტეტს” და ისინი პირველ რიგში იყვნენ პასუხისმგებლები “ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.”

სანქცირებული პირებს აეკრძალათ ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის, ჰონგ კონგში და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს ჩინეთში ბიზნეს შეზღუდვები დაუწესდათ. 

ნავარო ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მეორე წევრია, რომელსაც პეკინმა სანქციები დაუწესა. ის უერთდება მარკო რუბიოს, ამერიკელ სენატორს ფლორიდადან და ჩინეთის ცნობილ კრიტიკოსს, რომელსაც პეკინმა ორჯერ დაუწესა სანქციები. რუბიო, რომელიც ტრამპმა აირჩია მომავალ სახელმწიფო მდივნად, ამჟამად ელოდება აშშ-ს სენატის დასტურს.. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა უკვე დანიშნა კაბინეტის მდივნები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, რომლებიც ურყევად მკაცრ პოზიციას გამოხატავენ ჩინეთთან დაკავშირებით.

პიტერ ნავარო იმ ამერიკელ პოლიტიკოსთა შორისაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებაში პასუხისმგებლობას ჩინეთს აკისრებს. ტელეკომპანია CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ პეკინმა არ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა კოვიდ 19-ით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება შეეზღუდა.

„მათ აკრძალეს რეისები უხანიდან პეკინში და შანხაიში, თუმცა ამავდროულად დაუშვეს რეისები მილანში და ნიუ-იორკში. ასი ათასობით ჩინელმა ფართოდ გაავრცელა ვირუსი, რამაც პანდემიის გავრცელების წინაპირობა შექმნა. ჩინეთმა მსოფლიოს სერიოზული ზიანი მიაყენა და ამის გამო მოუწევს საფასურის გადახდა“, – განაცხადა პიტერ ნავარომ.

ნავარო, ჰარვარდში განათლებამიღებული ეკონომისტი და პროფესორი,  ცნობილი გახდა 2011 წელს გამოცემული წიგნით “ჩინეთის მიერ მოკლული”, სადაც მან ჩინეთი დაადანაშაულა ვალუტის მანიპულირებაში და საშიში სამომხმარებლო საქონლით ამერიკელებისთვის განზრახ ზიანის მიყენებაში.

თავის წიგნში ნავარომ შეიმუშავა ზომები ამ ქმედებების წინააღმდეგ. მაგალითად, გამოსავლის სახით დაასახელა ამერიკულ კომპანიებზე პეკინის ზეწოლის აცილება. ზეწოლა ამერიკულ კომპანიებზე გულისხმობდა მცდელობას პეკინის მხრიდან, კომპანიებს გადაეცათ ამერიკული ტექნოლოგიები ჩინელი პარტინორებისთვის. ნავაროს ბევრი რეკომენდაცია მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა.

MSNBC-ის კრიტიკულ სტატიაში ხაზგასმულია: ნავაროს დაბრუნება მიანიშნებს, რომ ტრამპი ისეთივე სერიოზულია, როგორც არასდროს, აგრესიული სატარიფო სტრატეგია აწარმოოს პეკინის წინააღმდეგ. ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა, ტარიფების დაწესების გარდა, ჩინეთთან არსებული თავისუფალი სავაჭრო ნორმებისა და შეთანხმებების გაუქმებას მოიცავს, რამაც შესაძლოა სავაჭრო ომის ესკალირება გამოიწვიოს.

Scroll to Top