ამბები

ანაკლია კურსს კვლავ იცვლის: მშენებლობის დაწყებამდე პორტი საინვესტიციო ბაზრიდან გაიყვანეს

ანაკლიის მონიტორი | ივლისი 2026

2026 წლის 6 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ინვესტორის კონცესიის მოდელზე უარს ამბობს და მას ე.წ. „ლენდლორდის მოდელზე“ გადაიყვანს. ახალი მოდელის მიხედვით, საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ერთადერთი მფლობელი სახელმწიფო იქნება. პროექტის დაფინანსებას, განვითარებასა და მართვას თავად სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობა ცალკეული ტერმინალების იჯარით აღებასა და მათი აღჭურვით შემოიფარგლება.

მინისტრმა აღნიშნული მოდელი „ყველაზე ეროვნულ“ მოდელად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტის წილები არ გაიყიდება. მისი განცხადებით, პროექტის საერთო ღირებულება კვლავ დაახლოებით 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფოს დაგეგმილი ბიუჯეტის გარდა დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოუწევს ნავმისადგომების, კომუნიკაციებისა და იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, რომლის განხორციელებაც თავდაპირველად ინვესტორის ვალდებულებად იყო განსაზღვრული. მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს.

ამ განცხადებების მიღმა უფრო მნიშვნელოვანი გარემოება დგას: 2024 წელს გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს უკავშირდებოდა და რომელშიც China Communications Construction Company-სთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ, საბოლოოდ ჩაიშალა. აღნიშნული კონსორციუმი ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

მინისტრმა დაადასტურა, რომ კონსორციუმთან მოლაპარაკებები იმ საკითხებზე შეწყდა, რომლებიც, მისი შეფასებით, ეროვნულ ინტერესებს უკავშირდებოდა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის დასრულება მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მინისტრის განცხადებით, მთავრობას კვლავ აქვს „ძლიერი სურვილი და მოტივაცია“, რომ ჩინური მხარე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებასა და განვითარებაში აქტიურად იყოს ჩართული.

 

სამოქალაქო იდეას შეფასება

მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს. საზოგადოებას განუმარტავენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საერთაშორისო ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ სახელმწიფომ კერძო საინვესტიციო მოდელზე უარი თქვა და პროექტი სრულად საკუთარ პასუხისმგებლობას დაუქვემდებარა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ეტაპი ჯერ არც დაწყებულა.

ჩვენი შეფასებით, მზარდ საინვესტიციო ინტერესს, როგორც წესი, მსგავსი გადაწყვეტილებით არ პასუხობენ. თუ პროექტი მართლაც რამდენიმე სანდო და ძლიერი პრეტენდენტის ინტერესს იწვევს, პრაქტიკაში, როგორც წესი, ტენდერი გაუმჯობესებული პირობებით ხელახლა ცხადდება და არა ის, რომ სახელმწიფო მთლიანად საკუთარ თავზე იღებს პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებას.

არანაკლებ კითხვებს აჩენს ფინანსური არგუმენტაციაც. 2024 წლის შეთანხმების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმის მხრიდან საქართველოში დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება იყო გათვალისწინებული. ამჟამად ეს ინვესტიცია აღარ არსებობს. მის ნაცვლად, სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება საჯარო რესურსებიდან მოუწევს.

მინისტრს ამ თანხის შესაძლო კრედიტორი არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მათი ინტერესი მაღალია. თუმცა, ვიდრე ეს ინსტიტუტები არ დასახელდება, აღნიშნული განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.

საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და საერთაშორისო განვითარების ფინანსურ ინსტიტუტებთან არსებული ურთიერთობების, ასევე მთავრობის მხრიდან პეკინთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაკეთებული მუდმივი აქცენტის გათვალისწინებით, ასეთი დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკის ბანკებიც შეიძლება განიხილებოდეს. თუ ეს ვარაუდი დადასტურდება, ანაკლიის პორტი კვლავ ჩინური ფინანსური რესურსით აშენდება, თუმცა ამჯერად არა ინვესტორის კაპიტალით დაფინანსებული პროექტის სახით, სადაც ძირითად ფინანსურ რისკს თავად ინვესტორი იღებს, არამედ საქართველოს მიერ აღებული საჯარო ვალის ხარჯზე.

სათაურისა და საჯარო განცხადებების მიღმა, ინვესტორის მიერ მართული კონცესიის მოდელზე უარის თქმა და სახელმწიფო მშენებლობის მოდელზე გადასვლა რამდენიმე სტრუქტურულ პრობლემას აჩენს.

პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ რისკები ინვესტორებიდან გადასახადის გადამხდელებზე გადადის. კონცესიის პირობებში მშენებლობის გაძვირება, ვადების გადაცილება და მოთხოვნის შემცირება კონცესიონერის პასუხისმგებლობაა, რომელსაც შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებები და სანქციები ეკისრება. თვითმშენებლობის მოდელში კი ნებისმიერი ხარჯის ზრდა და ნებისმიერი წლით დაგვიანება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტზე აისახება, მაშინ როდესაც პროექტის შესრულებაზე კონტრაქტით პასუხისმგებელი გარე მხარე აღარ არსებობს.

მეორე მხრივ, ახალი მოდელი პროექტს აკარგვინებს იმ ოპერატორულ გამოცდილებასა და ტვირთნაკადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც პორტის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველს წარმოადგენს. სტრატეგიულ პორტის ინვესტორს მხოლოდ კაპიტალი არ შემოაქვს; მასთან ერთად მოდის გადამზიდავ ხაზებთან დამყარებული კავშირები, ტერმინალების მართვის გამოცდილება და ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის მექანიზმები. საქართველოს სახელმწიფოს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო პორტი არასდროს აუშენებია და არც უმართავს. ამასთან, აღარ არსებობს მხარე, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს იმ ტვირთნაკადების უზრუნველყოფას, რომლებმაც ანაკლია კომერციულად მდგრადი უნდა გახადოს. ამ ფონზე მინისტრის განცხადება, რომ პირველი ფაზის ტვირთბრუნვის პროგნოზები ზემოთ გადაიხედება, კიდევ უფრო აჩენს კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტი სწორედ ამ ეტაპზე კარგავს მთავარ ინვესტორს.

მესამე პრობლემა გამჭვირვალობას უკავშირდება. მოდელის ცვლილება სწორედ იმ ეტაპზე ხდება, როდესაც პროექტზე ყველაზე დიდი ფინანსური რესურსების დახარჯვაა დაგეგმილი. ტენდერის გაუქმება პროცესს კონკურენტულ დისციპლინას აცლის. დაღრმავების, ტალღმჭრელის, ნავმისადგომებისა და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონტრაქტები უკვე შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების გზით გაიცეს, სადაც რეალური ბენეფიციარები ხშირად ერთი საფეხურით ქვემოთ, ქვეკონტრაქტორების ჯაჭვებში ჩნდებიან. სწორედ ამ გზით შეიძლება პროექტში კვლავ გამოჩნდნენ China Communications Construction Company-სთან (CCCC) დაკავშირებული კომპანიები ან სხვა პოლიტიკურად პრივილეგირებული აქტორები ისე, რომ მათი მონაწილეობა არც წილობრივ საკუთრებაში შესვლას და არც საჯარო ტენდერისთვის დამახასიათებელ ყურადღებას აღარ უკავშირდებოდეს. Civic IDEA კონტრაქტორების სიებს ყურადღებით დააკვირდება.

მეოთხე საკითხი თავად „ლენდლორდის მოდელს“ ეხება. ეს მოდელი პორტების მართვაში ლეგიტიმური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ეფექტიანად მხოლოდ იმ პირობებში ფუნქციონირებს, რომლებიც საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია: დამოუკიდებელი პორტის ადმინისტრაცია, ტერმინალების გამჭვირვალე და კონკურენტული კონცესიები, ასევე სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის, რეგულატორისა და კომერციული კონტრაგენტის, ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა. როდესაც მთელ პროცესს პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მყოფი მთავრობა მართავს, ტერმინალების იჯარა შესაძლოა დისკრეციულ ინსტრუმენტად იქცეს. ამ პირობებში სანქცირებული სახელმწიფო კომპანიისთვის იჯარით გადაცემა გაცილებით ნაკლებ საჯარო და საერთაშორისო ყურადღებას მიიპყრობს, ვიდრე პორტის წილების გაყიდვა.

მეხუთე, ეს ანაკლიის პროექტის უკვე მესამე ჩავარდნილი ფორმატია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაუქმებისა და 2022 წლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. თითოეული გადაწყვეტილების საფუძველი ცალკე შეიძლება შეფასდეს, თუმცა მთლიანობაში ეს გამოცდილება სერიოზულ საერთაშორისო ოპერატორებს უგზავნის სიგნალს, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტში თამაშის წესები გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგაც შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ მინისტრის განცხადება დასავლელი ინვესტორების დაუკონკრეტებელი ინტერესის შესახებ სიფრთხილით უნდა შეფასდეს, ვიდრე კონკრეტული კომპანიები არ დასახელდება, რის გაკეთებასაც მინისტრი, მისი თქმით, „უახლოეს მომავალში“ გეგმავს.

და ბოლოს, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროექტი, რომელსაც მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის წარმატებულ მაგალითად წარმოაჩენდა, საჯარო ხარჯად გარდაიქმნა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ისედაც შეშფოთების საგანია. ხელისუფლებისთვის, რომელიც ანაკლიას მუდმივად ინვესტორთა ნდობის დასტურად წარმოაჩენდა, პორტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სესხებით დაფინანსება, ფაქტობრივად, იმის ჩუმი აღიარებაა, რომ საინვესტიციო მოდელმა ვერ გაამართლა.

ჩვენი შეფასებით, ამ უკუსვლების მიღმა არა გაურკვევლობა, არამედ განზრახვა იკითხება. დახურული შეთავაზებები, მუდმივად ცვალებადი პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ შეცვლილი მოდელები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს – პროცესი იმდენად იწელება, რომ ანაკლია საბოლოოდ უბრალოდ არ შენდება. Civic IDEA-ს თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა, სწორედ ასეთი შედეგი იწინასწარმეტყველა 2026 წლის მაისში CEPA-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, Georgia’s Never, Never Port. სტატიაში იგი აღნიშნავდა, რომ გაჭიანურებული პროცესი შესაძლოა მთავრობის მიზანმიმართული მცდელობა იყოს, ანაკლიის პორტი საერთოდ არ აშენდეს. ამასთან, ავტორი ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება დიდი ხანია რუსეთის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ მიზნად განიხილება საქართველოში, ხოლო მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეს მიზანი პრაქტიკულად სრულდება.

 

რას დავაკვირდებით?

მომდევნო თვეების განმავლობაში Civic IDEA დააკვირდება დამატებითი 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების შესაძლო კრედიტორების ვინაობასა და სესხის პირობებს; სამშენებლო კონტრაქტების შესყიდვის პროცესსა და კონტრაქტორების უკან მდგომ საკუთრების ჯაჭვებს; ტერმინალის ოპერატორების შერჩევისა და ტერმინალების იჯარით გაცემის პროცესსა და კრიტერიუმებს; ასევე იმას, დაბრუნდებიან თუ არა პროექტში China Communications Construction Company-სთან (CCCC) დაკავშირებული კომპანიები კონტრაქტორების ან ოპერატორების სახით და გამოქვეყნდება თუ არა დაინტერესებული მხარეების ის სია, რომლის გასაჯაროებასაც მთავრობა საზოგადოებას დაჰპირდა.

ჩვენს მიგნებებს საინფორმაციო ბიულეტენის მომდევნო გამოცემებში წარმოგიდგენთ.

ანაკლია კურსს კვლავ იცვლის: მშენებლობის დაწყებამდე პორტი საინვესტიციო ბაზრიდან გაიყვანეს Read More »

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა წარმატებით დასრულდა!
 
10 ივნისს გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის მონაწილეების კვლევების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია.
 
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული კვლევები და რეკომენდაციები შემდეგ თემებზე:
 
• აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერის გავლენა საქართველოს დასავლურ კურსზე – რა როლს ასრულებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში;
• ჩინური გავლენის ზრდა საქართველოს საბანკო სექტორში – საქართველოს საბანკო სფეროში ჩინური კაპიტალისა და ინტერესების გაძლიერების ანალიზი;
• ენერგეტიკა, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი: საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ქეის-ანალიზი გარდამავალ საერთაშორისო წესრიგში.
 
🏆 გამარჯვებული კვლევის ავტორები კი გახდნენ ანდრია საჯაია, საბა ქართველიშვილი და საბა კვიჟინაძე. მათ მიერ მომზადებული კვლევა “ჩინური გავლენის ზრდა საქართველოს საბანკო სექტორში” უახლოეს მომავალში გამოქვეყნება სამოქალაქო იდეას ვებ-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2 თვე გაგრძელდება და ორ ეტაპს მოიცავდა:
 
🟣 პირველ ეტაპზე მონაწილეებმა გაიარეს თეორიული ტრენინგების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისთვის აუცილებელი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
 
🟣 მეორე ეტაპზე მათ გუნდებად მოამზადეს ანალიტიკურ-კვლევით ანგარიშები „სამოქალაქო იდეას“ პრიორიტეტული თემების ფარგლებში.
 
“სამოქალაქო იდეა” მადლობას უხდის პროგრამის ყველა მონაწილეს მთელი პროექტის განმავლობაში გამოვლენილი ენთუზიაზმისა და აქტიურობისთვის

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა Read More »

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისს გილოცავ ჩემო სამშობლო!!!

მძიმე წლები გიდგას, თითქოს საშველიც არ ჩანს მაგრამ ან როდის იყავი დალხენილი.. მტერი არ მოგკლებია შინ თუ გარეთ, მაგრამ მუდამ ახერხებდი წამოდგომას, მუხლის გამყარებას, წინსვლას, გადარჩენას!!!! და ხვალინდელი დღეც არ იქნება განსხვავებული!!!
ეს პათეტიკა, ან თავის გამხნევება არ არის.

იმედიანად რომ უნდა ვიყოთ და ბრძოლა არ შევწყვიტოთ მორიგ ჯერზე ილიაუნის ახალგაზრდებმა დაამტკიცეს გასულ კვირას!!! მზია ამტკიცებს ყოველდღე სატუსაღოში!!! გარეთ მედგრად მყოფი რუსთაველის მცველები გვაძლიერებენ და ის ასიათასი ქართველი ქვეყნის სიყვარულით სასოწარკვეთას რომ აძლევს უფლებას ფარხმალი დააყრევინოს!!! 

ვიბრძოლებთ შენთვის, ისტორიისთვის, სიამაყისთვის ქართველობა რომ გვაძლევს და მომავლისთვის ჩვენს შვილებს რომ ვუტოვებთ!!!

თინათინ ხიდაშელი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! Read More »

თბილისი-პეკინის სტრატეგიული ურთიერთობა: შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები მრავალმხრივ ფორმატში გადავიდა. ქართველი მაღალჩინოსნების ჩინეთში გახშირებულ სტუმრობას, ამჯერადქართული ოცნებისპარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაემატა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პეკინში 18 მაისს გაემგზავრა.

ვიზიტის ძირითადი ნაწილი პეკინში გამართული შეხვედრები იყო, რომლის ფარგლებშიც შალვა პაპუაშვილი პირადად შეხვდა ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის.

მოლაპარაკებების ერთერთი მთავარი თემა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და პოლიტიკური დიალოგის გაფართოება იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს უკვე აკავშირებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩოები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, რაც, ოფიციალური შეფასებით, ხელს უწყობს სავაჭრო და ტურისტული ნაკადების ზრდას.

ჩინეთის საინფორმაციო განცხადებებში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებიახალ ეტაპზეგადავიდა, ხოლო პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებსერთი ჩინეთის პრინციპისმხარდაჭერას და აქტიურად ჩაერთვება გლობალური განვითარების ინიციატივებში.

პეკინის გარდა, შალვა პაპუაშვილი ეწვია შაანსის პროვინციას, სადაც ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იყო რეგიონული ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის პროგრამა ასევე მნიშვნელოვანწილად მოიცავდა შეხვედრებს ჩინეთის წამყვან პოლიტიკურ ინსტიტუტებთან. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს. განხილვის თემა იყო პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და ინსტიტუციური დიალოგის განვითარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოხსენება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტშიც. გამოსვლისას მან საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ისტორიულადაბრეშუმის გზისნაწილია, ხოლო დღესშუა დერეფნისმნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომელიც ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირებს აძლიერებს. სტუდენტებისა და პროფესორმასწავლებლების წინაშე გამოსვლისას პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყნის როლი საერთაშორისო სატრანზიტო და სავაჭრო პროცესებში.

მედიასთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა ვიზიტის შედეგები შეაჯამა და მისისტორიულ მნიშვნელობასგაუსვა ხაზი. ოფიციალური შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლებასა და თბილისს საერთაშორისო გამოწვევებზეაბოლუტურად იდენტური მიდგომააქვთ, რაც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას ეფუძნება.

პაპუაშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების სტუმრობა ჩინეთში ერთჯერად დიპლომატიურ აქტს აღარ წარმოადგენს. ბოლო პერიოდში სხვადასხვა დონის საპარლამენტო კომიტეტებისა თუ მმართველი გუნდის წევრების პეკინსა და ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში გახშირებული ვოიაჟები აჩვენებს, რომაღმოსავლური მიმართულებასაქართველოს მიმდინარე საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის ერთერთ ყველაზე აქტიურ ვექტორად იქცა.

თბილისი-პეკინის სტრატეგიული ურთიერთობა: შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში Read More »

თინათინ ხიდაშელი არჩევნების თემაზე უკრაინის კრიზისის მედია ცენტრის საერთაშორისო დისკუსიაში.

20 მაისს, უკრაინის კრიზისის მედია ცენტრის (UCMC) ორგანიზებით გაიმართა ექსპერტთა დისკუსია თემაზე: „რუსეთის გავლენის ოპერაციები საარჩევნო კამპანიების დროს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (2024–2025): გაკვეთილები უკრაინისთვის“.

პანელში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს შეეხებოდა, მონაწილეობა მიიღო „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელმა. მისი გამოსვლის თემა იყო: „საქართველო: არჩევნები ხელისუფლების სცენარით“.

საერთაშორისო შეხვედრამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და ექსპერტებს, რომელთაც იმსჯელეს რუსეთის საინფორმაციო გავლენის ოპერაციებსა და  დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

 

დისკუსია სრულად:

თინათინ ხიდაშელი არჩევნების თემაზე უკრაინის კრიზისის მედია ცენტრის საერთაშორისო დისკუსიაში. Read More »

ვებინარი „ქართული სამხედრო ძალა დამოუკიდებლობის შემდეგ“

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო ვებინარში „ ქართული სამხედრო ძალა დამოუკიდებლობის შემდეგ“ , რომელშიც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამხედრო განვითარების გზა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინაშე არსებული გამოწვევები.
 
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ გარდაქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალები კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში მიღებულმა გამოცდილებამ. ამ პროცესებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული არმიის პროფესიონალიზაციასა და განვითარებაში:
 
▪️ ჩამოყალიბდა უფრო პროფესიული, დისციპლინირებული და დამსახურებაზე დაფუძნებული სამხედრო კულტურა;
▪️ გაძლიერდა ნატოს ძალებთან თანამშრომლობისა და თავსებადობის შესაძლებლობა;
▪️ გაიზარდა ახალი თაობის სამხედრო ლიდერების გამოცდილება და შესაძლებლობები;
▪️ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში;
▪️ სამხედრო თანამშრომლობამ კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.
 
ამასთან ერთად, საერთაშორისო მისიებში მიღწეული წარმატება მხოლოდ მაშინ იქცევა რეალურ ძალად, როდესაც სამხედრო სისტემის მთავარი მიზანი ქვეყნის შიდა თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება.
 
დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა, შეინარჩუნოს წლების განმავლობაში დაგროვილი პროფესიული გამოცდილება და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიღებული შესაძლებლობები, ყველა რეფორმა მიმართოს ერთი უმთავრესი მიზნის – საქართველოს გაძლიერებისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ.

ვებინარი „ქართული სამხედრო ძალა დამოუკიდებლობის შემდეგ“ Read More »

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას

 „სამოქალაქო იდეა“ გიზიარებთ ახალ ანგარიშს — „ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას“.

ანგარიში ეფუძნება 2025–2026 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზს და მიმოიხილავს ჩინური წარმოების სამეთვალყურეო და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას საქართველოს საჯარო სექტორში. კვლევა აფასებს ამ პროცესთან დაკავშირებულ ძირითად რისკებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა სუვერენიტეტისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით.

ძირითადი მიგნებები

  • 2025 – 2026 წლის მარტის ჩათვლით გამოვლინდა 23 სახელმწიფო შესყიდვა, სადაც ჩინური წარმოების სამეთვალყურეო ტექნიკა და ციფრული მოწყობილობებია შეძენილი.
  • ყველაზე მსხვილი შემსყიდველები: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (6,600,795 ₾), ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (1,972,300 ₾), შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (340,933 ₾).
  • ინტეგრირებულ კომპანიებს შორისაა საერთაშორისოდ სანქცირებული მწარმოებლები: Hikvision, Uniview, Tiandy, DJI, Autel Robotics – ყველა მათგანი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის „შავ სიაშია”.
  • CISA-სა და FBI-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ქმნის მონაცემებზე ფარული წვდომის საფრთხეს.
  • ჩინური კანონმდებლობა კომპანიებს სახელმწიფო სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ავალდებულებს. Freedom House-ი ამ პროცესს „ციფრული ავტორიტარიზმის ექსპორტს” უწოდებს.

 

ჩინური ტექნოლოგიების ინტეგრაცია სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ სტრატეგიულ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ინსტიტუციურ მდგრადობაზე. 

ტექნოლოგიური ავტორიტარიზმის ექსპორტი: როგორ ითვისებს ჩინური ტექნიკა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას Read More »

„ქართული ოცნების“ მინისტრები ჩინეთის „ინტერნეტის ცენზორს“ შეხვდნენ

21 აპრილს, თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორთან, ჭუანგ ჟუნგვენთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. ჟუნგვენს შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჟუნგვენთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიზანს, მაქსიმალურად გააძლიეროს საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის როლი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აქცენტი გააკეთა „მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებაზე“ და მხარეებმა „ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.“ აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობას. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება ოფიციალური შეხვედრების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. 2025 წლის ნოემბერში, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

21 აპრილს, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი ასევე შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერება „გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.“ იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის პროექტებს.

ჭუანგ ჟურგვენის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ოფიციალური თბილისი ციფრულ სფეროში პეკინთან თანამშრომლობის განვითარებას ცდილობს. თუმცა, უწყება, რომლის წარმომადგენელთანაც საქართველოს მინისტრებმა შეხვედრები გამართეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ავტორიტარული კონტროლის და სახელმწიფო ცენზურის უზრუნველმყოფი ორგანოა. 

 

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია – „ინტერნეტის ცენზორი“

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია (Cyberspace Administration of China – CAC) შეიქმნა 2011 წელს, როგორც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისს (State Council Information Office) დაქვემდებარებული უწყება. CAC პასუხისმგებელია კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე და ინტერნეტ კონტენტის რეგულაციაზე. მისი საქმიანობა მოიცავს ონლაინ კონტენტის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას. ამასთანავე, უწყება გასცემს ნებართვას და ლიცენზიებს ონლაინ საინფორმაციო საშუალებების საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოური ინსტიტუტებისთვის.

Freedom House-ის შეფასებით, ჩინეთის მთავრობას აქვს ინტერნეტის ცენზურის ყველაზე კომპლექსური აპარატი. CAC საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ჩინეთის კომუნისტური პარტიის კობერსივრცის საკითხების ცენტრალური კომიტეტს, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ სი ძინპინის კონტროლს დაქვემდებარებულ პარტიულ ერთეულს.

ჭუანგ ჟუნგვენი 2018 წელს დაინიშნა CAC-ის დირექტორად. ჟუნგვენი კარიერის ადრეული წლებიდანვე სი ძინპინის ზედამხედველობის ქვეშ მოღვაწეობდა. კერძოდ, 1995-2000 წლებში, სი ძინპინი ფუძიანის პროვინციის პარტიის მოადგილის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ჟუნგვენი პროვინციის ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტში მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2015 წელს, ჟუნგვენი ჯერ კიბერსივრცის ადმინისტრაციას შეუერთდა, შემდეგ კი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტის ვიცე მინისტრად დაინიშნა. 2018 წლიდან, ჟუნვენი კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის პარალელურად, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც იკავებს.

ამგვარად, ჭუანგ ჟუნგვენი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის მინისტრები შეხვდნენ, ჩინეთში ავტორიტარული კონტროლის და კომპარტიის პროპაგანდის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. თავის მხრივ, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია, რომელთანაც საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა თანამშრომლობის განვითარების ინიციატივა გამოხატეს, ჩინეთში ინტერნეტის მაკონტროლებელი და ციფრული სივრცის მარეგულირებელი ორგანოა. ჟუნგვენთან გამართული მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები მიუთითებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ივანიშვილის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერება ზრდის საქართველოში ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკების გადმონერგვის საფრთხეს.

„ქართული ოცნების“ მინისტრები ჩინეთის „ინტერნეტის ცენზორს“ შეხვდნენ Read More »

ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 21-25 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. პეკინში გამართული შეხვედრები საქართველოჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხს მოიცავდა.

ვიზიტის ფარგლებში, 22 აპრილს ქვრივიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდამხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც თანამედროვე სავაჭრო გარემოსთან ადაპტირებას, არსებული თანამშრომლობის სფეროების დაკონკრეტებასა და ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა და სოფლის მეურნეობის, ნავთობისა და გაზის განვითარების, ავტომობილების წარმოების, პორტის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების ინტერესი გამოთქვა.

იზიტის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა იყო. 23 აპრილს მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭოუ ჰაიბინს შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საქართველოში, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ჩინური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ამავე შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის საკითხი და საქართველოს როლი, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში ანაკლიის პორტი დასახელდა სტრატეგიულ პროექტად, რომელსაც მნიშვნელობა ექნება როგორც საქართველოჩინეთის თანამშრომლობისთვის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

ანაკლიის პორტის საკითხს ვიზიტამდე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. როდესაც ჟურნალისტების მიერ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა:

ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც. ბუნებრივია, ესეც არის ამ ვიზიტის ერთერთი მიზანი. მოლაპარაკებები გრძელდება“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტად მიიჩნევა. 2024 წელს პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში საბოლოო წინადადება ჩინურსინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა, თუმცა შეთანხმების შესახებ ოფიციალური განახლება ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ვიზიტის პრაქტიკული შედეგი ავიაციის მიმართულებით გამოიკვეთა. ქვრივიშვილსა და China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრის შედეგად, ავიაკომპანია 15 ივლისიდან შანხაითბილისიშანხაის პირდაპირ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ China Southern Airlines-თან პეკინითბილისის და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა. შეხვედრებზე ყურადღება სატვირთო გადაზიდვებსაც დაეთმო, მათ შორის შუა დერეფნის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის განვითარებასა და China Southern Cargo-სთვის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომის შესაძლებლობას.

ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარე ვანგ იუტაოს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ჩინურმა მხარემ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირების ინტერესი გამოხატა.

ქვრივიშვილი ასევე Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ კომპანიას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო, ჩინურმა მხარემ კი ნავთობისა და გაზის სექტორით დაინტერესება დააფიქსირა.

ტექნოლოგიური და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით, მარიამ ქვრივიშვილი Xiaomi Corporation-ის წარმომადგენელს შეხვდა და კომპანიას საქართველოში CKD საწარმოს შექმნისა და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ პლატფორმად გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზა.

ამასთან ერთად, ქვრივიშვილს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორ ჭუანგ ჟუნგვენთან ჰქონდა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრულსატრანზიტო ჰაბის როლი, მონაცემთა ცენტრების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკებები ენერგეტიკისა თუ ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად, თუმცა პროცესის შემდგომი ეტაპი მხარეების მიერ განხილული ინიციატივების პრაქტიკულ იმპლემენტაციას გულისხმობს.

ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში Read More »

დიალოგი – “ევროპა ცვალებად სამყაროში”

23 მარტს, ბარსელონაში, Palau Macaya-ში გაიმართა საჯარო დისკუსია – „ევროპა ცვალებად სამყაროში“, რომელმაც თავი მოუყარა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული პოლიტიკის სფეროში აქტიურ და გამოცდილ სპიკერებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, Jordi Xuclà.
დისკუსია შეეხო თანამედროვე საერთაშორისო გარემოს სწრაფ ცვლილებებს და ევროპის როლს ამ პროცესებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე და საშუალო სახელმწიფოების წინაშე არსებულ გამოწვევებს, დეზინფორმაციასა და საერთაშორისო პარტნიორობების მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ახალი წიგნის – „Geopolitics and Diplomacy on the Ground“ – პრეზენტაცია, რომლის თანაავტორებიც არიან თინათინ ხიდაშელი და Jordi Xuclà. წიგნი აერთიანებს პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და მკვლევრების პრაქტიკულ გამოცდილებას და გვთავაზობს ხედვას, თუ როგორ ხორციელდება გეოპოლიტიკური პროცესები რეალურ ცხოვრებაში.

დიალოგი – “ევროპა ცვალებად სამყაროში” Read More »

Scroll to Top