ერთი ახალი ამბავი

ჩინეთი და რუსეთი აძლიერებენ სტრატეგიულ პარტნიორობას მოსკოვში

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 7 მაისს ჩავიდა მოსკოვში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით, რათა დაესწროს ფაშიზმზე გამარჯვების 80-ე წლისთავის აღნიშვნას და გამართოს მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვიზიტი, რომელიც მოიცავს 9 მაისის სამხედრო აღლუმს, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის „უაღრესად სტრატეგიულ“ ურთიერთობას. სი, რომელსაც პუტინმა „მთავარ სტუმრად“ მოიხსენია, აღნიშნავს, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთობლივად ეწინააღმდეგებიან „ჰეგემონიზმსა და ძალაუფლების პოლიტიკას“, რაც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს აშშ-ის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯებს. ეს ვიზიტი ასახავს ორი ავტორიტარული სახელმწიფოს მცდელობას, გააძლიერონ ერთობა გლობალური ალიანსების გადაწყობის ფონზე.

ვიზიტი ხდება აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფების დაწესებისა და რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გაძლიერების ფონზე, რაც ორივე ქვეყანას აიძულებს გააღრმავონ ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა. 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ რეკორდულ $237 მილიარდს მიაღწია, ხოლო ჩინეთი გახდა რუსეთის ნავთობის, გაზის, მანქანებისა და ელექტრონიკის მთავარი მიმწოდებელი, რაც მხარს უჭერს მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მცდელობა, „განახლებული“ ურთიერთობებით განაცალკევოს ჩინეთი და რუსეთი, ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ორივე ქვეყანა სარგებლობს ამ „უაღრესად ასიმეტრიული“ პარტნიორობით, სადაც რუსეთი უფრო მეტადაა დამოკიდებული ჩინეთზე.

რუსეთის მიერ მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ბრაზილიის, სერბეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები, რაც მოსკოვის მცდელობას აჩვენებს, წარმოაჩინოს თავი, როგორც გლობალური მხარდაჭერის მქონე ძალა, მიუხედავად დასავლეთის მიერ მისი იზოლაციის მცდელობისა. პუტინმა სის ვიზიტს „განსაკუთრებული“ უწოდა, ხოლო ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საპატიო ყარაული მონაწილეობს აღლუმში, რაც სიმბოლურად აძლიერებს ორი ქვეყნის ერთიანობას. ანალიზის თანახმად, ეს ღონისძიება რუსეთს საშუალებას აძლევს, თავისი სამხედრო ძალა წარმოაჩინოს, ხოლო ჩინეთს — გააძლიეროს თავისი, როგორც გლობალური მოთამაშის, პოზიცია.

სი ძინპინმა რუსულ გაზეთ Rossiyskaya Gazeta-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მადლობა გადაუხადა მოსკოვს ტაივანის ჩინეთთან გაერთიანების მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია 1945 წლის მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ნაწილია. მან ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ერთად ეწინააღმდეგება „ძალაუფლების პოლიტიკას“, რაც, სავარაუდოდ, მიუთითებს აშშ-ის მიერ გლობალური ვაჭრობის სისტემისთვის მიყენებულ ზიანზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ჩინეთის ეს განცხადებები მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რათა შეარბილოს აშშ-ის ტარიფების ეფექტი, თუმცა რუსეთთან მჭიდრო კავშირი ევროპაში ნდობას ამცირებს.

კრემლის ცნობით, სი და პუტინი განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის Power of Siberia-2 გაზსადენის პროექტს, უკრაინის კონფლიქტსა და საერთაშორისო საკითხებს, როგორიცაა ირანის მხარდაჭერა. მოლაპარაკებების შედეგად მოსალოდნელია რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა, რაც გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და დიპლომატიურ კავშირებს. ანალიზის თანახმად, ჩინეთის „ნეიტრალური“ პოზიცია უკრაინის კონფლიქტში და რუსეთისადმი ეკონომიკური მხარდაჭერა ართულებს მის ურთიერთობებს დასავლეთთან, მაგრამ აძლიერებს მის, როგორც ალტერნატიული გლობალური ლიდერის, როლს.

ჩინეთი და რუსეთი აძლიერებენ სტრატეგიულ პარტნიორობას მოსკოვში Read More »

ჩინეთის საწინააღმდეგო ახალი კანონპროექტები აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა 6 მაისს ჩინეთის წინააღმდეგ ახალ საკანანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. კანონპროექტები, ძირითადად, ექსპორტის კონტროლის, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების,  ეროვნული თავდაცვისა და ეკონომიკური ჯაშუშობის საკითხებს ეხება.

მაკკორმიკის მიერ 2025 წლის თებერვალს წარმოდგენილი კანონპროექტი გულისხმობს სანქციების დაწესებას პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სავაჭრო ჯაშუშობაში, მოწინააღმდეგე სამხედროების დახმარებასა თუ აშშ-ს ექსპორტის კანონების დარღვევაში.

კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, შტატების პრეზიდენტის ეძლევა უფლებამოსილება, კანონით გათვალისწინებულ, ეკონომიკურ ჯაშუშობაში მხილებულ პირებს დაუწესოს შემდეგი ტიპის სანქციები:

  1. ქონების ბლოკირება – პრეზიდენტისთვის საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების შესახებ კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილების განხორციელება იმ ზომით, რაც აუცილებელია უცხო პირის ქონებისა თუ ქონების წილებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის დასაბლოკად და ასაკრძალად, თუ ასეთი ქონება ან ქონების წილები ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს ან შტატებში მცხოვრები პირი ფლობს ან აკონტროლებს.
  2. ვიზების, დაშვების ან პირობითი გათავისუფლების უფლებისადმი შეუსაბამობა – შეერთებულ შტატებში დაუშვებლობა; შეერთებულ შტატებში შესასვლელად ვიზის ან სხვა დოკუმენტების უფლების ჩამორთმევა; ნებისმიერი ვიზის ან ქვეყანაში შესასვლელი სხვა დოკუმენტაციის გაუქმება, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცა ან იყო თუ არა გაცემული ვიზა ან სხვა ტიპის დოკუმენტაცია.

ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტებს ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია, რესპუბლიკელები კი აქტიურად ადანაშაულებენ ჩინეთს, რომელიც, მათი თქმით, ხელს უშლის უკრაინაში ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. როგორც ფლორიდის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ბრაიან მასტი აცხადებს, „ჩინური კომუნისტური პარტია დაუნდობლად ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა“.

რაც შეეხება „ფალუნ გონგის დაცვის აქტს“, რომელიც 2025 წლის 24 თებერვალს იქნა წარმოდგენილი პერის მიერ და რომლის განხილვაც ასევე 6 მაისს მიმდინარეობს, გულისხმობს სანქციების დაწესებას იმ ჩინელი პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა ორგანოების ძალით, არაკანონიერად მოპოვებასა და სხვა სახის ძალადობაში, რომლებიც მიმართულია ფალუნ გონგის მიმდევრების წინააღმდეგ. ეს სასულიერო ჯგუფი პეკინის მიერ სექტად არის მიჩნეული. სანქციების მიზანია, აიძულოს ჩინეთის კომუნისტური პარტია, შეწყვიტოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანოების მოპოვების ნებისმიერი კამპანია. 

ჩინეთის მთავარ საფიქრალთან, ტაივანთან ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, წარმომადგენელთა პალატა ასევე განიხილავს ტაივანის მოკავშირეების საერთაშორისო დაცვისა და გაძლიერების ინიციატივის (TAIPEI) 2019 წლის აქტში შესწორების შეტანას, რათა შეერთებულმა შტატებმა, როგორც ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნებისმიერ მცდელობას, მოაგვაროს ტაივანის სტატუსის საკითხი პროცედურების დამახინჯებით, არაკანონიერი ენისა თუ პოლიტიკის გამოყენებით. შესწორებული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ტაივანის ურთიერთობების გადახედვას და ანგარიშის განახლებას ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც ავალდებულებს. ტაივანის საერთაშორისო სოლიდარობის აქტი ასევე გულისხმობს ჩინეთის მიერ ტაივანის დიპლომატიური იზოლაციის მცდელობების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას და ავალდებულებს აშშ-ს ოფიციალურ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, მოუწოდონ საერთაშორისო პარტნიორებს წინააღმდეგობისკენ.

ჩინეთის საწინააღმდეგო ახალი კანონპროექტები აშშ-ში Read More »

ჩინეთი ვარაუდობს, რომ კოვიდ 19 აშშ-ში წარმოიშვა

18 აპრილს, თეთრი სახლის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა კოვიდ 19-ის შესახებ ვებსაიტი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად წარმოიშვა. გარდა ამისა, ვებგვერდი აკრიტიკებდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ს ჯანდაცვის სფეროში ყოფილ მაღალჩინოსანს, ენტონი ფაუჩის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO).

Xinhua-ს მიერ გავრცელებულ სამთავრობო საინფორმაციო დოკუმენტში ჩინეთი აშშ-ს კოვიდ-19-ის წარმოშობის პოლიტიზებაში სდებს ბრალს და ამის დასადასტურებლად მისურის სარჩელს იყენებს, რომლის შედეგადაც ჩინეთს 24 მილიარდი დოლარის ვალდებულება დაეკისრა ეპიდემიის საწყისების დამალვისა და დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის გადამეტებულად დაპატრონების გამო.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ არსებობს დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ კორონავირუსი იმაზე ადრე წარმოიშვა აშშ-ში, ვიდრე ოფიციალურად განცხადებული ვადები ამტკიცებს. დამატებით, ჩინეთი საუბრობს აშშ-ს მთავრობის მიერ ეპიდემიის სიმძიმის უგულებელყოფასა და მის გრიპთან შედარებაზე და იმის მტკიცებაზე, რომ კორონავირუსი ერთ დღესაც ავტომატურად გაქრებოდა. დოკუმენტი მიუთითებს, რომ აშშ-ს მსგავსი მიდგომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საერთაშორისო კოოპერაცია და ამერიკის მთავრობის მიერ ინფორმაციის დამალვამ სხვა ქვეყნებსა და WHO-ს  პანდემიასთან დაკავშირებულ კვლევებში ხელი შეუშალა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩინური მხარე ქვეყნის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ჩინეთისა და WHO-ს მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევას იყენებს, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ლაბორატორიებიდან ეპიდემიის გაჟონვა „უკიდურესად არასავარაუდოა“. ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს უპასუხოს საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. 

კორონავირუსის წარმოშობის შესახებ განახლებული დისკუსია აშშ-სა და ჩინეთს შორის გაძლიერებული დაძაბულობის ნაწილია, რომელიც როგორც სავაჭრო, ისე სხვა არაერთ სფეროში გამოიხატება – აღნიშნულ ქვეყნებს შორის მზარდი კონკურენციის პირობებში ყურადღების ცენტრში ექცევა ყოველი ის საკითხი, რომელიც მხარეებს უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.

ჩინეთი ვარაუდობს, რომ კოვიდ 19 აშშ-ში წარმოიშვა Read More »

როგორ პასუხობს ავსტრალია ჩინეთიდან ექსპორტის შემცირებას

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ თუ მისი პარტია მოიგებს მომავალ არჩევნებს, ის 1.2 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს დახარჯავს კრიტიკული მინერალების სტრატეგიული მარაგის შექმნაზე. ეს დაპირება მოჰყვა ჩინეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პეკინმა დააწესა საექსპორტო შეზღუდვები შვიდ იშვიათ ელემენტზე, რომლებიც აუცილებელია ელექტრომობილების, გამანადგურებლების და რობოტების წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის შეზღუდვები ყველა ქვეყანას შეეხება, ეს ნაბიჯი ფართოდ აღიქმება, როგორც პასუხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე.

იშვიათი წიაღისეულები მოიცავს 17 ქიმიურ ელემენტს, რომლებსაც „იშვიათს“ იმიტომ ეძახიან, რომ მათი მოპოვება და გადამუშავება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ელემენტები იშვიათი არ არის. ელემენტები, როგორიცაა სამარიუმი და ტერბიუმი, აუცილებელია ტექნოლოგიების წარმოებისთვის. შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული რესურსები მსოფლიო ბაზრის მომავალს განსაზღვრავს.

ჩინეთი და ავსტრალია იშვიათი წიაღისეულების საბადოებს ფლობენ, თუმცა გლობალური გადამუშავების დაახლოებით 90%-ს ჩინეთი აკონტროლებს. სწორედ გადამუშავების ეტაპის შედეგად შესაძლებელი ხდება მინერალების გამოყენება ტექნოლოგიების წარმოებაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის უუნარობამ, უზრუნველყო წიაღისეულებზე საიმედო მიწოდების წყარო, მინერალების საკითხი ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ უმთავრეს ფოკუსად აქცია, განსაკუთრებით აშშ-ჩინეთის დიპლომატიური დაძაბულობის ზრდის ფონზე. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 2019-2022 წლებში აშშ-ის იმპორტირებული იშვიათი წიაღისეულების მარაგის 75% ჩინეთიდან შემოდიოდა.  აღსანიშნავია, რომ ახლახანს აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა „ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“, რომელიც ვაშინგტონს მისცემს წვდომას კიევის მინერალურ რესურსებზე, ხოლო სანაცვლოდ უკრაინაში საინვესტიციო ფონდი დაარსდება.

Iron Ore Research-ის დირექტორმა ფილიპ კირხლეხნერმა BBC-ს განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაგვიანებით აღიარეს იშვიათი წიაღისეულების მნიშვნელობა. ამან ჩინეთს შესაძლებლობა მისცა სწრაფად მოეპოვებინა მონოპოლია გადამუშავების დარგში.  ექსპერტის აზრით, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ავსტრალიური მარაგების გაზრდას, როცა ჩინეთს კვლავ აქვს კონტროლი მარაგების გადამუშავების ეტაპზე. ლითიუმი, რომელიც იშვიათ წიაღისეულს არ წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელია ელექტრომობილებისა და მზის პანელების ბატარეების წარმოებისთვის, ამ ტენდენციის კარგი მაგალითია. ავსტრალია აწარმოებს მსოფლიოს ლითიუმის 33%-ს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს. ჩინეთი კი მოიპოვებს მსოფლიოს ლითიუმის 23%-ს, თუმცა ამუშავებს 57%-ს.

მიუხედავად ინიციატივისა ავსტრალიამ გაზარდოს მოპოვებისა და გადამუშავების შესაძლებლობები, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანახმად, ავსტრალია, სავარაუდოდ, ჩინეთის გადამუშავებაზე დამოკიდებული დარჩება სულ მცირე 2026 წლამდე.

ავსტრალიურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში ჩინეთის ელჩმა კანბერაში გააკრიტიკა ვაშინგტონის გლობალური სავაჭრო პოლიტიკა და ავსტრალიას მოუწოდა „გაერთიანდეს“ პეკინთან. ჩინეთის მოწოდებას ავტრალია მალევე უარყოფითად გამოეხმაურა. 

ავსტრალია ბუნებრივ რესურსებს ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებშიც იყენებს. მაგალითად, რამდენიმე ტიპის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალის ექსპორტი განთავისუფლდა ავსტრალიური პროდუქციის უმეტეს ნაწილზე დაწესებული 10%-იანი ტარიფისგან.

ექსპერტები თვლიან, რომ ალბანეზეს გეგმა ძირითადად ავსტრალიისა და მისი მოკავშირეების ჩინეთისგან შესაძლო საფრთხეებისგან დაცვისკენ არის მიმართული. Natixis-ის მთავარმა ეკონომისტმა ალისია გარსია-ჰერერომ BBC-ს განუცხადა, რომ ალბანეზეს სტრატეგია „უფრო დახვეწილია“ წინა გეგმებთან შედარებით, რადგან ის ქვეყანას საშუალებას მისცემს ეკონომიკური დაძაბულობის დროს საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს თავისი რესურსები.

ჩინეთის შემცირებული ექსპორტის პირობებში, გარსია-ჰერეროს თქმით, ავსტრალია მეტ მინერალს გაყიდის ბაზარზე, რაც ჩინეთის გავლენას შეასუსტებს. თუმცა, ექსპერტის თქმით, ავსტრალია ჩინეთის სრულ ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.

როგორ პასუხობს ავსტრალია ჩინეთიდან ექსპორტის შემცირებას Read More »

სენატმა ჩინეთის კრიტიკოსი პეკინში აშშ-ის ახალ ელჩად დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა სამშაბათს ჩინეთის მიმართ ხანგრძლივი კრიტიკით ცნობილი დევიდ პერდუ ჩინეთში  აშშ-ს ელჩად დაამტკიცა. 75 წლის პერდუ, ჯორჯიის შტატის ყოფილი სენატორი და გამოცდილი ბიზნესმენია. ის 67 ხმით 29-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს ორპარტიული მხარდაჭერით. პერდუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთის საკითხებზე მომუშავე გუნდს უერთდება, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია მყარი ანტი-ჩინური პოზიციის მქონე ინდივიდებით.

აპრილში გამართულ მოსმენაზე პერდუმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ ჩინეთის მიმართ „დახვეწილი, არაპარტიული და სტრატეგიული“ მიდგომა უნდა გამოიჩინოს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამოწვევად“ შეაფასა. მოსმენაზე ყურადღება პერდუს შეხედულებებზე გამახვილდა — კერძოდ, იმაზე რომ პეკინი აშშ-ის წინააღმდეგ „ახალი ტიპის ომს“ აწარმოებს და საფრთხეს უქმნის არსებულ მსოფლიო წესრიგს.

პერდუს დამტკიცების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს კვლავ დაადასტურა „თანმიმდევრული და მკაფიო“ პოზიცია ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებისა და ვაჭრობის საკითხების შესახებ. სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი „ბოლომდე იბრძოლებს,“ თუმცა „დიალოგისთვის კარი ღია რჩება,“ თუ ეს „თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე“ იქნება დაფუძნებული.

ტრამპმა, რომელმაც პერდუ დეკემბერში წარადგინა ელჩად, იგი აღწერა როგორც პირი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მშვიდობის შენარჩუნებასა და ჩინეთის ლიდერებთან პროდუქტიული სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ტრამპმა პერდუ „ერთგულ მხარდამჭერად და მეგობრად“ მოიხსენია სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

პეკინში მდებარე Grandview Institution-ის 2019 წლის ანგარიშში პერდუ „ანტიჩინურ“ აქტორად იყო მოხსენიებული. ანგარიშში იგი აღწერილი იყო როგორც „ჩინური საფრთხის” თეორიის პრაქტიკოსი და „გონებამახვილი ბიზნესმენი კრიზისების მართვის უნარით.“

ვაჭრობის გარდა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა ჩინეთის მხრიდან სამხედრო შესაძლებლობების ზრდისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხების შესახებ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად არ ცნობს ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ვაშინგტონი ეწინააღმდეგება კუნძულის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების ნებისმიერ მცდელობას და აგრძელებს მისთვის იარაღის მიწოდებას.

მოსმენაზე პერდუმ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან ერთი ჩინეთის პოლიტიკის ერთგულება. მან განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ელჩის რანგში იქნება ჩინეთიდან მექსიკაში ექსპორტირებული ქიმიური ნივთიერებების საკითხზე მუშაობა, რომელსაც კარტელები ფენტანილის წარმოებისთვის იყენებენ. ფენტანილი შემდგომ არალეგალურად ხვდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

Washington Examiner-ში სექტემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში პერდუმ აღნიშნა, რომ ჩინეთი აშშ-ს წინააღმდეგ „ახალ ომს“ აწარმოებს — „ეგზისტენციალურ“ კონფლიქტს, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი ომის ან ცივი ომის რიტორიკას და „გადაწყვეტს, დარჩება თუ არა თავისუფალი მსოფლიო თავისუფლად.“ მან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „თანამედროვე იმპერატორად“ მოიხსენია და ჩინეთი დაადანაშაულა კაპიტალიზმისა და დემოკრატიის “განადგურების” მცდელობაში.

სენატმა ჩინეთის კრიტიკოსი პეკინში აშშ-ის ახალ ელჩად დაამტკიცა Read More »

ჩინეთის გლობალური გავლენა: მანევრები ფილიპინებთან

ჩინეთი აქტიურად ზრდის თავის გავლენას მსოფლიოში, ერთი მხრივ, სამხედრო ძალის ჩვენებით, მეორე მხრივ კი, სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ფილიპინების სანაპიროებთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მისი დიდი სამხედრო გემი „შანდონგი“ თვალშისაცემ მანევრებს ატარებს, რაც აშშ-სთან და ფილიპინებთან დაძაბულობის საპასუხო ნაბიჯია. ეს სტრატეგია – საზღვაო ძალაუფლების ჩვენება– ჩინეთის მცდელობაა, გააძლიეროს თავისი ადგილი მსოფლიოში, განსაკუთრებით ფილიპინებთან დაძაბული ვითარების ფონზე.

ფილიპინების ჩრდილოეთ სანაპიროსთან, „შანდონგმა“, ჩინეთის დიდმა ავიამზიდმა, რომელსაც თან ახლდა ექვსი პატარა სამხედრო გემი და ორი მხარდამჭერი ხომალდი, 23-27 აპრილს ორჯერ გაიარა ლუზონის სრუტე, მნიშვნელოვანი საზღვაო გზა. ეს მანევრები ემთხვევა აშშ-ფილიპინების „ბალიკატან 2025“-ის სამხედრო წვრთნებს, სადაც 17,000 ჯარისკაცი მონაწილეობს და სავარჯიშოები ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტის სცენარს მიჰყვება. „შანდონგის“ თვითმფრინავებმა 130-ჯერ განახორციელეს აფრენა-დაჯდომა, რაც ჩინეთის საზღვაო ძალის სიძლიერის ნათელი დემონსტრირება იყო. ეს ნაბიჯი იყო პასუხი აშშ-ის მიერ ფილიპინებში NMESIS-ის, თანამედროვე იარაღის განთავსებაზე, რომელსაც შეუძლია გემების დარტყმა 185 კმ მანძილზე, რაც ჩინეთისთვის ზღვაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა გაიზარდა, როდესაც ჩინეთის სანაპირო დაცვამ 26 აპრილს აიღო კონტროლი ტიექსიანის რიფზე (სანდი კეი), რომელსაც ფილიპინები თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ეს პატარა მიწის ნაკვეთი ახლოსაა ფილიპინების სამხედრო ბაზასთან თითუს კუნძულზე, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება. ამავე დროს, „ბალიკატანის“ წვრთნებზე ფილიპინებმა და აშშ-მ გამოსცადეს MADIS-ისა და SPYDER-ის თავდაცვითი სისტემები, რომლებმაც წარმატებით ჩამოაგდეს დრონები. ჩინეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს წვრთნები საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობას, რაც აჩვენებს პეკინის მზარდ შეშფოთებას ფილიპინებთან აშშ-ის გაძლიერებული თანამშრომლობის გამო. ჩინეთი ამ ნაბიჯებით ცდილობს ზღვაზე თავისი გავლენის შენარჩუნებას.

„შანდონგის“ მანევრები ფილიპინების სანაპიროებთან იყო პასუხი აშშ-ის მიერ თანამედროვე იარაღის განთავსებაზე ბატანის კუნძულებზე, რომელსაც შეუძლია გემების დარტყმა 185 კმ-ის მანძილზე. ეს იარაღი ზღუდავს ჩინეთის თავისუფალ გადაადგილებას სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან წყნარ ოკეანეში. ეს ნაბიჯი ჩინეთს აჩვენებს, რომ ფილიპინები და აშშ მზად არიან მისი გავლენის შესაკავებლად. „შანდონგის“ ოპერაციები, რომლებიც იაპონიის მიაკოს კუნძულიდან 789 კმ-ში შენიშნეს, ხაზს უსვამს ჩინეთის უნარს, ჩაატაროს სწრაფი მისიები შორეულ წყლებში. ჩინეთის აქტიური სამხედრო ყოფნა ფილიპინების მახლობლად ზრდის დაპირისპირების რისკს, მაგრამ ამავე დროს აჩვენებს მის მზადყოფნას, გაუწიოს წინააღმდეგობა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სტრატეგიულ ზეწოლას.

„შანდონგის“ ჯგუფს, რომელიც 21 აპრილს „ბალიკატანის“ წვრთნების დაწყების შემდეგ გაგზავნეს, თან ახლდა თანამედროვე გამანადგურებელი „Yan’an“ და სადაზვერვო ხომალდი „Tianguanxing“, რომელიც ინფორმაციას აგროვებს მოწინააღმდეგის ქმედებებზე. ეს მანევრები პასუხი იყო აშშ-ის იარაღის განთავსებაზე ლუზონის სრუტეში, რომელიც გემებს ემუქრება და ზღუდავს ჩინეთის საზღვაო მარშრუტებს, განსაკუთრებით ენერგიის მიწოდებისა და სამხედრო ოპერაციებისთვის. ჩინეთი ამ ნაბიჯებით ცდილობს თავისუფალი ნაოსნობის დაცვას და თავისი გავლენის შენარჩუნებას. ეს მოქმედებები ხდება სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის ფონზე, სადაც ჩინეთი აგრძელებს ხელოვნური კუნძულების გაძლიერებას. ჩინეთის საზღვაო ჯგუფის განლაგება აჩვენებს მის სტრატეგიულ პრიორიტეტს — რეგიონში დომინირებას, მაგრამ ეს ზრდის შეტაკების ალბათობას, განსაკუთრებით აშშ-ფილიპინების სამხედრო თანამშრომლობის ფონზე.

ჩინეთის გლობალური გავლენა: მანევრები ფილიპინებთან Read More »

ვაშინგტონი პეკინისგან “არსებით დათმობებზე” წასვლას ითხოვს

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ჩინეთის ავიახაზები და Boeing (BA.N) ძალიან დააზარალა და თან იმედს იტოვებს, რომ ვაშინგტონი კომპანიების მოთხოვნებსა და შეშფოთებას გაითვალისწინებს და სტაბილური სავაჭრო გარემოს შექმნას შეეცდება.

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა ჩინეთში განლაგებული სამი 737 MAX თვითმფრინავი, რომლებიც გათვლილი იყო ჩინელი მომხმარებლებისთვის საქონელის მისაწოდებლად, უკან შტატებში გადააფრინა. გასულ კვირას Boeing-მა განაცხადა, რომ ჩინეთში მისმა რამდენიმე მომხმარებელმა მიუთითა, რომ ტარიფების გამო ახალ თვითმფრინავებს არ მიიღებდნენ, შესაბამისად, კომპანიამ ათობით თვითმფრინავის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს ტარიფებმა გლობალური სავაჭრო ჯაჭვები, საჰაერო ტრანსპორტი და საინვესტიციო საქმიანობები შეაფერხა და „მნიშვნელოვნად დაზაარალა ჩინური ავიაკომპანიები და Boeing“.

ვაშინგტონმა ამ წელს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 145%-იანი ტარიფები დააწესა, რამაც ეფექტური ტარიფების განაკვეთი დაახლოებით 156%-მდე გაზარდა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთს ამჟამად 245%-მდე ტარიფები ემუქრება. ამასობაში, პეკინის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ახალი გადასახადები 125%-მდე გაიზარდა, რაც ასევე დაემატა ადრე დაწესებულ ტარიფებს.

25 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაამკაცრა ჩინეთის მიმართ დაწესებული ტარიფები და განაცხადა, რომ მათ იქამდე არ გააუქმებს, სანამ პეკინი სანაცვლოდ „რამე არსებითს“ არ შესთავაზებს. მან ასევე განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დანარჩენ სახელმწიფოებს ტარიფებთან დაკავშირებით კიდევ 90-დღიანი პაუზა შესთავაზოს.

მანამდე, 23 აპრილს, შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთთან  „სამართლიან შეთანხმებას“ მიაღწევს და, რომ ქვეყნებთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ დასრულდა ის დრო, როდესაც სხვა ქვეყნები ამერიკას ატყუებდნენ და არასამართლიანად ექცეოდნენ, ახლა ამ ქვეყნებს მოლაპარაკებებში ჩართვა და მონაწილეობის მიღება უნდათ, მათ შორის ჩინეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოებსაც.

ტრამპის ამ გამოსვლას ჩინეთმა 3 დღის შემდეგ უპასუხა, კიდევ ერთხელ უარყო, რომ ამერიკასთან ტარიფებთან დაკავშირებით რამე ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და განაცხადა, რომ სი ძინპინსა და ტრამპს შორის ამ საკითხზე საუბარი არ შემდგარა.

ვაშინგტონი პეკინისგან “არსებით დათმობებზე” წასვლას ითხოვს Read More »

ჩინეთის ახალი სამხედრო შესაძლებლობები

20 აპრილს გამოქვეყნებული South China Morning Post-ის სტატიის მიხედვით, ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს წყალბადზე დაფუძნებული ასაფეთქებელი მოწყობილების დეტონირება კონტროლირებადი საველე ტესტისას. ბომბმა დამანგრეველი ქიმიური ჯაჭვური რეაქციები გამოიწვია მიუხედავად იმისა, რომ არ იყენებდა ბირთვულ მასალას და შეიცავდა მაგნიუმის ჰიბრიდს.

ორკილოგრამიანმა ბომბმა 1000 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის ცეცხლოვანი ბურთი შექმნა, რამაც 2 წამზე მეტი გასტანა. აღსანიშნავია, რომ მისი ხანგრძლივობა ტროტილის ბომბის აფეთქების ხანგრძლივობას 15-ჯერ აღემატებოდა.

წყალბადის გაზის აფეთქება მინიმალური აალების ენერგიით იწყება, აქვს აფეთქების ფართო დიაპაზონი და ქმნის ცეცხლს, რომელიც მაღალი სისწრაფით მიედინება გარეთ.

მკვლევარების მიხედვით, წყალბადის ბომბი დიდი წინსვლაა ჩინურ სამხედრო შესაძლებლობებში, ვინაიდან მას შეუძლია როგორც ცეცხლის პროექცია, ისე მიზნობრივი განადგურება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაგნიუმის ჰიბრიდის წარმოება დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ლაბორატორიებზე იყო შეზღუდული, თუმცა შაანსის პროვინციაში მაღალი ტევადობის ქარხნის გახსნის შემდეგ შესაძლებელი გახდა წლიურად 150 ტონის წარმოება.

გარდა წყალბადის ბომბისა, ჩინეთის კაბინეტმა დაამტკიცა ახალი პროექტი აღმოსავლეთ ჟეჯიანში ატომური ელექტროსადგურის შექმნის შესახებ. ექსპერტების მიხედვით,  ჩინეთის ახალი პროექტები ტაივანში შოკისა და შიშის გამოწვევას ემსახურება, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ 22 აპრილს ტაივანთან თერთმეტი ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, ექვსი ჩინური საზღვაო ხომალდი და ოთხი ოფიციალური გემი დააფიქსირეს. აღნიშნულმა სამხედრო ტექნიკამ ტაივანის ჩრდილოეთ, სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონა (ADIZ) გადაკვეთა.

ჩინეთის ახალი სამხედრო შესაძლებლობები Read More »

ჩინეთი და რუსეთი მხარს უჭერენ ირანის ბირთვულ პროგრამას

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. სამი ქვეყნის წარმომადგენლები 25 აპრილს პეკინში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლებს(IAEA), მათ შორის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდნენ.

Xinhua-ს ცნობით, განხილვები შეეხებოდა IAEA-ს როლს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობაში. ჩინეთმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ირანის დიალოგში ჩართვასთან დაკავშირებით ყველა შესაბამის მხარესთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.

14 აპრილს, პეკინში გამართულ კიდევ ერთ სამმხრივ შეხვედრაზე, ჩინეთისა და რუსეთის მხარეებმა მანამდეც დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ირანის მშვიდობიანი ბირთვული მიზნების მიმართ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ირანის უფლებას, როგორც ბირთვული იარაღის გავრცელების აკრძალვის ხელშეკრულების (NPT) წევრმა, გამოიყენოს ბირთვული ენერგია სამოქალაქო მიზნებისთვის. რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა ერთობლივად მოუწოდეს ყველა სახელმწიფოს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც IAEA-ს ტექნიკურ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მუშაობას დააზიანებს.

ჩინეთი განსაკუთრებულ აქცენტებს სვამს ირანსა და აშშ-ს შორის დიალოგის მხარდაჭერაზე. 23 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ, ირანელ კოლეგასთან საუბრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ პეკინი ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას და, როგორც ვანგ იმ უწოდა, „უკანონო“ ცალმხრივ სანქციებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ბოლო პერიოდში ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს ირანული ნავთობის შეძენის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა.

ამავე კვირაში, პოდკასტში გამოსვლისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შესაძლო კომპრომისზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის დაუშვას, რომ ირანს ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი მთლიანად იმპორტირებულ ბირთვულ საწვავზე იქნება დამოკიდებული. ეს ირანს საშუალებას მისცემს გამოიყენოს ბირთვული რეაქტორები ენერგიის წარმოებისა და სხვა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუმცა ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიმავალ გზას შეზღუდავს ურანის რესურსის გამდიდრების ბლოკირებით.

„ეს ის არის, რასაც სხვა ბევრი ქვეყანა უკვე აკეთებს,“ – თქვა რუბიომ. „თუ ირანს სურს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, შეუძლია ჰქონდეს — მაგრამ უნდა გამოიყენოს იმპორტირებული რესურსები.“

რუბიოს პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ ვოლცის მიერ ადრე წამოყენებულ მკაცრ მოთხოვნასთან შედარებით შერბილებულია. უოლცი მოითხოვდა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის სრულ დემონტაჟს.

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები შაბათს განახლდება.

ჩინეთი და რუსეთი მხარს უჭერენ ირანის ბირთვულ პროგრამას Read More »

ჩინური დრონები რუსეთში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ მოსკოვმა ჩინეთისგან დრონების ტექნოლოგია მოიპარა, რაზეც, მისივე თქმით, შესაძლოა, ჩინეთს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. ზელენსკი ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის მოქალაქეები რუსეთში დრონების მწარმოებელ ობიექტებზე მუშაობენ.

სანამ ზელენსკი ამ განცხადებას კიევში 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთებდა, იქამდე რამდენიმე დღით ადრე, მან პეკინი პირდაპირ დაადანაშაულა მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასა და იარაღითა და ტყვია-წამლით მომარაგებაში.

უკრაინის საგარეო საქმითა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მან ჩინეთის ელჩი მა შენკუნი დაიბარა და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის ჩართულობის გამო.

ზელენსკის განცხადებით, მან ოფიციალურ პირებს უკვე დაავალა, საქმესთან დაკავშირებული გამოძიების შედეგები ჩინეთის მთავრობას ოფიციალური არხების საშუალებით მიაწოდონ. მან ცალკე სთხოვა უკრაინის უშიშროების სამსახურს,  პეკინისთვის გადაეცათ ინფორმაცია დრონების მწარმოებელ ქარხანაში მომუშავე ჩინელების შესახებ.

„ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლოა, რუსეთმა მოიპარა ან შეთანხმება დადო ამ ჩინელ მოქალაქეებთან ტექნოლოგიების გადაცემისთვის ისე, რომ ჩინეთის მთავრობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თვის დასაწყისში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს სოციალური ქსელების დახმარებით აიძულებს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას და, რომ პეკინის ოფიციალურ პირებს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ზელენსკიმ ისიც განაცხადა, რომ უკრაინა ცდილობდა გამოეძიებინა რეკრუტირების ინსტრუქციებს გასცემდა თუ არა ჩინეთი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო უკრაინის „უსაფუძვლო ბრალდებები და პოლიტიკური მანიპულაციები“, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა და მოუწოდა მხარეებს, „უპასუხისმგებლო შენიშვნებისგან“ თავი შეიკავონ.

საინტერესოა, რომ ჩინეთის პასუხიდან მეორე დღესვე, Sinopec-მა, წამყვანმა აზიურმა კომპანიამ, 1-თვიანი პაუზის შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვები განაახლა. პაუზა შტატების მიერ რუსულ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების შიშით იყო გამოწვეული. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსულ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფების გამო, რუსული ნავთობის ექსპორტი შემცირდა ჩინეთსა და ინდოეთში, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა Sinopec და Zhenhua Oil შეწყვიტეს რუსული ნავთობის შესყიდვა. კითხვას, რატომ განაახლა ჩინურმა კომპანიამ რუსული ნავთობის შესყიდვა, Sinopec ჯერჯერობით არ პასუხობს.

ჩინური დრონები რუსეთში Read More »

Scroll to Top