ერთი ახალი ამბავი

ჩინეთი დასავლეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ეკონომიკურ „წითელ ხაზებს“ ავლებს

აშშ–სა და ევროკავშირთან მოსალოდნელი სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ჩინეთი მიანიშნებს, რომ წარმოებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე დაფუძნებული ეკონომიკური კურსის არსებით შეცვლას არ გეგმავს. პეკინი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს, რომ სახელმწიფო სუბსიდიები და ჭარბი საწარმოო სიმძლავრე გლობალურ კონკურენციას აზიანებს.

ივლისის ბოლოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ხელისუფლებამ მიზნობრივი დახმარებისა და შიდა მოთხოვნის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა მასშტაბური სტიმულირების ან სტრუქტურული რეფორმების ახალი პაკეტი არ წარუდგენია.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჭარბი წარმოების შესახებ ბრალდებები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ დისკრიმინაციული სავაჭრო ზომების გასამართლებლად გამოიყენება. პეკინი ამტკიცებს, რომ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარება ეკონომიკური ჩამორჩენის დასაძლევად აუცილებელია.

აშშ და ევროკავშირი კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა, სუსტი შიდა მოთხოვნა და საწარმოო სიმძლავრეების სწრაფი ზრდა ჩინურ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე ფასობრივ უპირატესობას აძლევს. ბრიუსელი და ვაშინგტონი პრობლემურ საკითხებად სუბსიდიებს, ბაზარზე წვდომის ბარიერებსა და არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ასახელებენ.

მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, პეკინი გარკვეული შიდა დისბალანსების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა მასშტაბურ დათმობებს არ განიხილავს. Reuters-ის შეფასებით, ჩინეთი დასავლეთთან მოლაპარაკებების წინ იმ „წითელ ხაზებს“ ავლებს, რომელთა გადაკვეთასაც საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს.

ჩინეთი დასავლეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ეკონომიკურ „წითელ ხაზებს“ ავლებს Read More »

სი ძინპინი ჩინეთის არმიაში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაღრმავებისა და სამხედრო მოდერნიზაციის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა. 31 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, მან განცხადებები ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს თემატურ სხდომაზე გააკეთა.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელი არმია კომუნისტური პარტიის აბსოლუტურ ხელმძღვანელობას უნდა დაემორჩილოს. მან სამხედრო ძალების განვითარების მთავარ საზომად საბრძოლო ეფექტიანობა დაასახელა და აღნიშნა, რომ კორუფცია არმიის პოლიტიკურ ერთიანობასა და საბრძოლო შესაძლებლობებს აზიანებს.

ჩინეთის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას. მისი თქმით, პეკინმა უნდა დააჩქაროს „ინტელექტუალური სამხედრო სისტემის“ შექმნა, რაც უპილოტო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერსაინფორმაციო სისტემების სამხედრო სფეროში უფრო ფართოდ გამოყენებას გულისხმობს.

განცხადება ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლისთავის წინ გაკეთდა. სი ძინპინის მმართველობის პერიოდში ანტიკორუფციული კამპანია არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობასა და სამხედრო შესყიდვების სისტემასაც შეეხო, რამაც, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, სამეთაურო სტრუქტურაში არსებული პრობლემები გამოავლინა და მოკლევადიან პერიოდში საბრძოლო მზადყოფნაზეც იმოქმედა.

სი ძინპინი ჩინეთის არმიაში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს Read More »

ჩინეთი გერმანიას სავაჭრო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიას მოუწოდებს, პეკინის ეკონომიკური მოწყვლადობის ძიების ნაცვლად, ყურადღება თანამშრომლობაზე გაამახვილოს. უწყების წარმომადგენელმა მაო ნინმა კომენტარი 29 ივლისს ბლუმბერგის იმ ცნობაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბერლინი პოტენციური სავაჭრო დაპირისპირებისთვის პეკინზე ზეწოლის შესაძლო ბერკეტებს იკვლევს.

წყაროების ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები სავაჭრო ნაკადებსა და კომპანიების მონაცემებს აანალიზებენ, რათა დაადგინონ, რამდენად არის ჩინეთი დამოკიდებული ევროპულ ტექნოლოგიებსა და სამრეწველო ცოდნაზე. წინასწარ გამოვლენილ მიმართულებებს შორის დასახელდნენ გერმანული კომპანიები Trumpf და Carl Zeiss, რომლებიც მაღალი სიზუსტის სამრეწველო და ოპტიკური ტექნოლოგიებით არიან ცნობილი.

მაო ნინის განცხადებით, გლობალიზებულ ეკონომიკაში ქვეყნების საწარმოო და მიწოდების ჯაჭვებში ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივი მოვლენაა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთ–გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ეფუძნება და მხარეებმა კომუნიკაციის გაძლიერებითა და კოორდინირებული მოქმედებით გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას უნდა შეუწყონ ხელი.

გერმანია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, თუმცა ჩინეთის ბაზარი მისი მსხვილი კომპანიებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. 2025 წელს ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, საქონლით ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 250 მილიარდ ევროს მიაღწია. ჩინეთში დაახლოებით 5 000 გერმანული კომპანია საქმიანობს, რაც შესაძლო სავაჭრო დაპირისპირების ეკონომიკურ რისკებს ორივე მხარისთვის ზრდის.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას გერმანიის სავაჭრო დეფიციტი, ჩინური კომპანიების მზარდი კონკურენცია და ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებიც ამწვავებს. სანამ ევროპა პეკინზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ჩინეთი ამ ნაბიჯებს პროტექციონიზმად აფასებს.

ჩინეთი გერმანიას სავაჭრო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს Read More »

ჩინეთის ინიციატივით პაკისტანი აშშ-ირანის მოლაპარაკებების აღდგენას ცდილობს

პაკისტანი აშშ–სა და ირანს შორის შეჩერებული მოლაპარაკებების აღსადგენად წინასწარ დიპლომატიურ კონსულტაციებს მართავს. Reuters-ის ცნობით, ინიციატივა ჩინეთისგან მოდის, რომელიც თითქმის ხუთთვიანი სამხედრო დაპირისპირების დასრულებასა და რეგიონში მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტების აღდგენას ცდილობს.

უცხოური წყაროების თანახმად, აშშ–ირანის შესაძლო მოლაპარაკებები ირანის შინაგან საქმეთა მინისტრ ესკანდარ მომენის ისლამაბადში ვიზიტისას განიხილეს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ეს მისი მეორე ვიზიტი იყო პაკისტანში. მომენი პრემიერ–მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და შეიარაღებული ძალების მეთაურ ასიმ მუნირს შეხვდა. პაკისტანელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებების განახლების ერთ–ერთი წინაპირობა საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტაა.

ჩინეთის დაინტერესება უშუალოდ მის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდება. პეკინი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მისი ექსპორტირებული ნავთობის მთავარი მყიდველია. ჰორმუზის სრუტის თითქმის დახურვა და წითელ ზღვაში გადაზიდვებისთვის შექმნილი საფრთხეები ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებს აზიანებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს პაკისტანისა და სხვა მხარეების შუამავლობას და სპარსეთის ყურის რეგიონში მშვიდობის აღსადგენად აქტიური როლის შესრულებას გააგრძელებს. ჩინეთმა და პაკისტანმა 16 ივლისსაც მოუწოდეს აშშ–სა და ირანს, შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დიალოგს დაბრუნებოდნენ.

ჩინეთის ინიციატივით პაკისტანი აშშ-ირანის მოლაპარაკებების აღდგენას ცდილობს Read More »

ვანი-რუბიოს შეხვედრაზე სი ძინ პინის აშშ-ში ვიზიტი განიხილეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი და აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მანილაში, ASEAN-ის შეხვედრების ფარგლებში 22 ივლისს შეხვდნენ. მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი თემა სექტემბერში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ვაშინგტონში მოსალოდნელი ვიზიტისთვის მომზადება იყო.

მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები, ტაივანის საკითხი და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობა. რუბიოს განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ვაშინგტონმა და პეკინმა არ უნდა დაუშვან, რომ განსხვავებები უკონტროლო ესკალაციაში გადაიზარდოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იმ ამერიკულ მხარეს მოუწოდა, პატივი სცეს ჩინეთის „ძირითად ინტერესებს“, დაიცვას „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობას გააღრმავებს.

შეხვედრა ორივე მხარემ პრაგმატულ, პოზიტიურ და კონსტრუქციულ დიალოგად შეაფასა. მოლაპარაკებები აშშ–ჩინეთის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის ფონზე გაიმართა და მხარეებს შორის მაღალი დონის კომუნიკაციის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

ვანი-რუბიოს შეხვედრაზე სი ძინ პინის აშშ-ში ვიზიტი განიხილეს Read More »

ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სეკონდ თომასის რიფთან დაპირისპირება მოხდა

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სანაპირო დაცვისა და ფილიპინების სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად ფილიპინელი მეზღვაური დაშავდა, მხარეებმა კი მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ფილიპინების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 20 ივლისს ჩინეთის სანაპირო დაცვის მცირე კატარღა სეკონდ თომასის რიფთან მდებარე ფილიპინურ სამხედრო პოსტს მიუახლოვდა. დაპირისპირებისას ჩინეთის სანაპირო დაცვის თანამშრომელმა ფილიპინელ მეზღვაურს ხის ხელკეტი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა და მისი რეზინის ნავიც დააზიანა. დაშავებულ მეზღვაურს თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

პეკინმა მანილის ვერსია უარყო. ჩინეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, ორმა ფილიპინურმა ნავმა გაფრთხილებები უგულებელყო, ჩინურ საპატრულო კატარღას განზრახ შეეჯახა და ჩინელ თანამშრომლებს პირველი შეუტია. ჩინური მხარე ამტკიცებს, რომ მისი მოქმედებები კანონიერი იყო და თავდაცვით ხასიათს ატარებდა.

ინციდენტი სეკონდ თომასის რიფთან მოხდა, რომელსაც ფილიპინებში აიუნგინის სახელით იცნობენ. რიფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაპირისპირების ერთ ერთი მთავარი კერაა. მანილა მასზე კონტროლს 1999 წლიდან ინარჩუნებს, ხოლო ჩინეთი რიფს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 2016 წელს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის უდიდეს ნაწილზე პეკინის ტერიტორიულ მოთხოვნებს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. ჩინეთი ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს.

დაპირისპირება მანილაში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ მოხდა. შეხვედრის ერთ ერთი მთავარი თემა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის მართვა და ქცევის კოდექსზე მიმდინარე მოლაპარაკებებია. ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მხარეებს შორის საზღვაო დაპირისპირება შესაძლოა ფიზიკურ ძალადობასა და უფრო ფართო რეგიონულ ესკალაციაში გადაიზარდოს.

ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სეკონდ თომასის რიფთან დაპირისპირება მოხდა Read More »

პეკინმა ტრამპის ბრალდებები „სრულ სიცრუედ“ შეაფასა

ჩინეთმა უარყო აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა და მას „სრული სიცრუე“ უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა 17 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრალდება ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, პეკინი აშშ–ის არჩევნებში არასდროს ჩარეულა და მსგავსი ქმედების ინტერესი არც ჰქონია.

ტრამპმა ბრალდება ერთი დღით ადრე, თეთრი სახლიდან ერისადმი მიმართვისას გააჟღერა. მისი განცხადებით, ჩინეთმა უკანონოდ მოიპოვა დაახლოებით 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის მონაცემები. აშშ–ის პრეზიდენტმა მომხდარს საარჩევნო უსაფრთხოებისთვის უპრეცედენტო საფრთხე უწოდა და სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლები ინფორმაციის დამალვაშიც დაადანაშაულა.

CBS News-ის ცნობით, აშშ–ში ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯაროდ ან კომერციულად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე წვდომა თავისთავად არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას არ ნიშნავს.

2021 წელს გამოქვეყნებული აშშ–ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, არ არსებობდა ნიშნები, რომ რომელიმე უცხო აქტორი 2020 წლის არჩევნების ტექნიკური პროცესის შეცვლას შეეცადა. ამავე დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი, სავარაუდოდ, აგრძელებდა ინფორმაციის შეგროვებას ამერიკელი ამომრჩევლების, საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატებისა და მათი თანამშრომლების შესახებ.

დაპირისპირება აშშ–ჩინეთის ურთიერთობების შედარებითი სტაბილიზაციის ფონზე განახლდა. 2025 წლის სავაჭრო დაძაბულობა მხარეებს შორის დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის მაისში ტრამპი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

პეკინმა ტრამპის ბრალდებები „სრულ სიცრუედ“ შეაფასა Read More »

პეკინი აშშ-ის ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს და საპასუხო ზომებით იმუქრება

ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ–ის სენატში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველ ქვეყნებს 100%-მდე ტარიფების დაწესებით ემუქრება. პეკინში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიებისა და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად „აუცილებელ ზომებს“ მიიღებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა 15 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ პეკინი მტკიცედ ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი და გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზაცია არ გააჩნია.

ჩინეთის განცხადება 14 ივლისს აშშ–ის სენატორების მიერ წარდგენილ კანონპროექტს მოჰყვა. ინიციატივა ამჟამად სენატში განიხილება, თუმცა მასზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა. კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, ინიციატივა რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებასა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად რუსეთის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები შეიზღუდოს.

კანონპროექტი აშშ–ის პრეზიდენტს უფლებას მისცემს, რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს შემსყიდველ ქვეყანას 100%-მდე ტარიფები დაუწესოს. სენატის წარმომადგენლების მონაცემებით, რუსული ნედლი ნავთობის მთავარი მყიდველები არიან ჩინეთი, ინდოეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ბუნებრივი აირის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის ჩინეთთან ერთად საფრანგეთი, იაპონია, უნგრეთი და ბელგიაც სახელდებიან.

როგორც რუსული ენერგორესურსების ერთ–ერთი უმსხვილესი შემსყიდველი, ჩინეთი კანონპროექტით გათვალისწინებული შესაძლო შეზღუდვების უშუალო სამიზნედ ექცევა, რაც პეკინის მკვეთრი რეაქციის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უკრაინის ომთან დაკავშირებული ამერიკის სანქციების პოლიტიკა უშუალოდ შეეხება აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებსაც. ვაშინგტონი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაძლიერებას მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფების გამოყენებით შეეცდება, პეკინი კი მოსკოვთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს.

შესაბამისად, ინიციატივამ შესაძლოა არა მხოლოდ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააძლიეროს, არამედ აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიმართულებაც შექმნას.

პეკინი აშშ-ის ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს და საპასუხო ზომებით იმუქრება Read More »

ჩინეთმა და ყაზახეთმა სავაჭრო და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს

13 ივლისს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ყაზახ კოლეგას, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოება, ტექნოლოგიური თანამშრომლობა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაცია განიხილეს.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ–ყაზახეთის „მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ მიმდინარეობა და ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებების შესრულება შეაფასეს. ეკონომიკურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების მიზანს დაეთმო.

შეხვედრა წინ უძღვის შანხაიში 17-20 ივლისს დაგეგმილ მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციასა და გლობალური AI-მმართველობის მაღალი დონის შეხვედრას. ღონისძიებას ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ–ჟომარტ ტოკაევიც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.

ვან იიმ და კოშერბაევმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, „ჩინეთი–ცენტრალური აზიის“ ფორმატისა და სხვა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში. ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ყაზახურმა მხარემ კვლავ დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი მხარდაჭერა.

მოლაპარაკებების შემდეგ კოშერბაევმა ყაზახეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა საერთაშორისო მედიაციის ორგანიზაციის დაფუძნების კონვენციას. ჩინეთის ინიციატივით შექმნილი, ჰონგ–კონგში დაფუძნებული ორგანიზაცია სახელმწიფოებსა და კომერციულ სუბიექტებს შორის დავების მედიაციის გზით მოგვარებას ისახავს მიზნად.

ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია 2025 წლის მაისში ჩინეთმა და 30-ზე მეტმა სახელმწიფომ გააფორმეს. პეკინი მას საერთაშორისო სასამართლო და საარბიტრაჟო მექანიზმების დამატებით ინსტრუმენტად წარმოაჩენს.

ჩინეთმა და ყაზახეთმა სავაჭრო და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს Read More »

Scroll to Top